დაარქვი ჩემი სახელი! - ემიგრანტის პროზა
,,ქრისტე იყო ის კაცი, იქ, კუთხეში, რომ იჯდა
და ღვთიური თვალებით მიცქეროდა შორიდან,,
ადგილი, სადაც ვარ, სრულ სიცარიელეს მოიცავს. თითქოს დაუსახლებელ კუნძულზე ვცხოვრობ, უკაცრიელ და მკაცრ კუნძულზე. თუმცა კი, ქუჩაში სიცოცხლე ჩქეფს და ხალხის გაფაციცებულ სახეებს ვხედავ. ეს მე ვარ მხოლოდ ასე დასჯილი, ასი წლის ბებერს მიჯაჭვული, სიცოცხლით სავსე, ახალგაზრდა ემიგრანტი ქალი. ორმოცი წელი ის ასაკია, ალბათ, ქალს რომ ყველანაირი სიგიჟის ჩადენა შეუძლია. თუმცა სიგიჟეც გარკვეული რისკია ზოგჯერ. ხანდახან, ჩემს ცხოვრებას რომ ვიხსენებ, მგონია ეს განსაცდელი არც თუ ტყუილად მომივლინა ღმერთმა. ვდგავარ და მთელ ჩემს განვლილ ცოდვა-მადლს ვწონი და მაინც მადლობელი ვარ, რადგანაც მე, სხვათაგან განსხვავებით მშვიდი, მაგრამ ასკეტური ცხოვრება მერგო. ღმერთმა იცის მხოლოდ, რას მიმზადებს ბედი. იქნებ, აქ დავამთავრებ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებს, ან იქნებ უფრო დიადი საქმენი მელოდება წინ. მე არ ვიცი, როდის დაიწყება დიდი გარინდების შემდეგ ნანატრი გაზაფხული.
ერთადერთი სარკე, რომელიც ამ სამყაროსთან მაკავშირებს, ჩემი მოციმციმე, ცისფერი მეგობარია. თანამედროვეობის სასწაული და შეიძლება ითქვას, მომავლის მედიატორიც. ჩვენი ყოველდღიურობის მაკავშირებელი ძარღვი- კომპიუტერი. ვინა თქვა, რომ ზღაპართმწერლები წინასწარმეტყველები არ იყვნენ?!.... ჯადოსნური სარკე. ჰო, სწორედ ჯადოსნური სარკეა კომპიუტერი. ჩასძახებ და გაჩნდება შენს წინ სასურველი ადამიანი. ზღაპრები კარგად უნდა გამოიკვლიონ მეცნიერებმა. იქნებ, იქ დევს მომავლის საიდუმლო კოდი. მაგრამ, ახლა სულ სხვა რამ მინდა გაგანდოთ და ჩემი გულის საიდუმლო სკივრში ჩაგახედოთ. ეს ამბავი არც არასოდეს მომხდარაა. ეს ამბავი, აქ დაიწყო და აქვე დამთავრდა. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს შეიძლება გადახდენოდა თავს.
წლების წინ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ იმდენად მივეჯაჭვებოდი ამ უსულო საგანს, რომ ის იქნებოდა აზრი ჩემი არსებობისა. რაღაცნაირად, ერთი მხრივ თითქოს, აქვს კიდეც ამას გამართლება, მაგრამ მეორე მხრივ, მე რეალობა დავკარგე, რეალობას ზურგი ვაქციე. ან კი რა მქონდა დასაკარგავი ამ რუხ რეალობაში? ან კი რას ვეძებ?.... ვის ვეძებ? ალბათ იმასვე, რაც მაკლია, რასაც ადამიანური სითბო და ყურადღება ჰქვია. მე ემიგრანტი ვარ. ემიგრანტობა გარკვეული სასჯელიცაა. ძნელია სამშობლოს მოწყვეტილმა იცხოვრო წლები. მაგრამ უფრო უარესია, როცა სამყაროსგან ხარ გარიყული და ადამიანებს მხოლოდ ამ ცისფერი ეკრანიდან თუ ხედავ. ამას კი, მგონი, უბრალოდ ,,კარცერი,, ჰქვია.
დილაობით, ვდგები თუ არაა, ვცდილობ, საქმე მოვილიო, ბებიას მივხედო, მივალაგო და მერე მორთულ- მოკაზმული, თითქოს ერთგულ ,,ქმარს,, ვხვდებოდე, გავხსნა ეს ჯადოსნური სარკე და მოციმციმე ფერებით მოვიხმო სასურველი ადამიანი. ასეთი ჯერ არ მყავს, მაგრამ არის უამრავ შემსვლელ-გამსვლელთა რიგი. იქნებ, ვინმეს გავახსენდი?! - ძველ ნაცნობს, მეგობარს, ოჯახის წევრს. დღეები გარბის და ვშორდები საყვარელ ადამიანებს, ხალხს, რომელთაც მე ჩემი ცხოვრება მივუძღვენი. ხალხს, რომელთაც მე ვეწირები, მეგობრებს, რომელთაც გამარჯობის თქმაც კი ასე ეძნელებათ. მე კი ადამიანი ვარ, ცოცხალი ადამიანი, რომელიც აქ, ოთხ კედელს შუა გამომწყვდეულა და ელოდება თქვენს სიბრალულს, როგორც უფლის სასწაულს. რა გასაკვირია, რომ არც არავინაა შემბრალე და მე სახრჩობელაზე მყოფი დამნაშავესავით, თითოეული დღე ყელში მიჭერს და სადაცაა დამახრჩობს. ხელებშებორკილი და უიმედოდ გავცქერი ჩემი სახლის აივნიდან მანქანების დაუსრულებელ რიგს და ასე მგონია ადიდებული მდინარის პირას ვდგავარ და მეორე ნაპირზე გადასვლის მეშინია. ბრმა ვარ, უსინათლო, იქნებ ვიღაცამ ხელი მომკიდოს და ამ ცივ სამყაროში გულში ჩამიხუტოს. მე ხომ ამდენი სითბო მაქვს დაგროვილი და ვერსად გამიცია. ველოდები მას, იმ ერთადერთს და ვგრძნობ, რომ სადღაც ახლოს არის. დედამიწის რომელიღაც წერტილში ცხოვრობს და მეძახის. იქნებ, როგორ ვჭირდები და იქნებ, ისიც ასე გზააბნეული დამეძებს ათას უსახო სხეულებს შორის.
იმ დღეს, ჩვეულებისამებრ ალაპლაპდა ჩემი ერთგული მეგობარი. რა დამავიწყებს იმ დღეს, თითქოს არაფრით გამორჩეულს სხვა დღეებიდან! მე ისევ ისეთი უხალისო, სურვილდაკარგული, ცოცხალ-მკვდარი ვარ, მაგრამ სულერთია უკვე, საერთოდ რომ ვარ, ანუ ვარსებობ და მივათრევ სხეულს, რომელიც ხანდახან ისე მძულს, როგორც მობეზრებული ყოველდღიური სამოსი. - მინდა გავიძრო და გავიქცე შორს, სხეულგაცლილი და თავისუფალი ამ ყოველდღიურობის ტვირთისაგან.
- გამარჯობა, მეუბნება ვიღაც!
საერთოდ, სხვები აქ , ონლაინ სამყაროში, სხვაგვარად იწყებენ. ჯერ უამრავ კომპლიმენტს მომაყრიან ხოლმე. უკვე დაზეპირებული მაქვს მათი შაბლონური, გულის ამრევი, ყალბი სიტყვები: ,,შენ ხარ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი!..“ ან თუნდაც - ,,ვაა, რა მაგარი ქალი ხარ!.. ან და ვთქვათ -„თქვენმა სილამზემ თვალი მომჭრა და რომ არ მომეწერა არ შემეძლო!..“ არაა, ეს სხვანაირი ჩანს. ისე, ჩვეულებრივად მესალმება. თითქოს, მეუბნება: - თუ გინდა, დამელაპაკე, თუ არა და იყავი ასე, ამ გამოთაყვანებულ სიფათებს შორის და კაი ასი წლის ნაცნობივით მკითხულობს.
ყველაფერი ასე იწყება. საერთოდ, ჯერ ფოტოებს გადავხედავ ხოლმე.
ბევრის მთქმელია ადამიანის სახე და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სტატუსი, რომელიც წინა პლანზე მონიტორის ჩარჩოში გამოუტანია პატრონს საჩვენებელ ადგილზე. ეს, სხვათა შორის, პიროვნების გემოვნებას და განათლებასაც კი უსვამს ხაზს. ამ უკანაკნელს კი, საერთოდ არაფერი ჰქონდა ამდაგვარი. თითქოს, არსაიდან მოვიდაო.
ის, რამაც ჩემში ასეთი ინტერესი გამოიწვია, არა მარტო მისი გარეგნობა გახლდათ, რაც არც თუ იშვიათია ამ სამყაროში, არამედ, მისი პროფესია. ფოტოებზე ჩანდა ახალგაზრდა მამაკაცი, საუცხოო ქართულ ეროვნულ სამოსში, ჩამოყალიბებული ხელოვანი. უნაკლო ტანითა და მოძრაობებით, თეთრ სახეს დიდი ცისფერი თვალების მომნუსხველი მზერა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. აშკარა იყო, ამ ადამიანმა იცოდა თავისი ფასი. როგორც საუბარში გაირკვა, იგი ჩემგან არც თუ ისე შორს, რამდენიმე საათის სავალზე, ვერონაში იმყოფებოდა.
ვერონა ჩემი ოცნების ქალაქია!.. ალბათ აქ დადიოდა მშვენიერი ჯულიეტა და შეყვარებული რომეო. ამ ქალაქის თეთრი მთვარე იქნებოდა მათი სიყვარულის მოწმე. ეს ისე, სხვათა შორის, თორემ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არაფერ შუაშია არც ვერონა და არც მთვარე.
- მე გიგა დვალი ვარ ! - მეუბნება ჩემი თანამოსაუბრე და ისე სასხვათაშორისოდ და ძალზე მოკრძალებულად მისვამს კითხვებს ჩემი ვინაობის შესახებ.
- სასიამოვნოა! მე კი ანა! - ვპასუხობ და ველოდები მომდევნო კითხვას.
- ერთი უბრალო, რაჭველი ბიჭი ვარ! ამ სიშორეს გადმოკარგული ბედისა და იღბლის საძებნელად.
- ოო, თავმდაბლობა ერთგვარი სამკაულია კაცისა! - გავიფიქრე გულში.
- მეც ასევე. ალბათ, ბედსა და იღბალს დავეძებ, - ვუპასუხე ხაზგასმით.
- იცით, ანა, აქ უამრავი ადამიანია. მოგეხსენებათ, ამ ვირტუალურ სამყაროში ვის არ შეხვდებით. რას გაიგებ ვინ ვინაა. ათას სახეებს შორის ძნელია ამოიცნო და იპოვო ნამდვილი ადამიანი, რომელიც უბრალოდ მოგისმენს და სიყალბის გარეშე ადამიანურად დაგელაპარაკება. მაგრამ შენ, ვგრძნობ, ძალზედ განსხვავდები აქ მყოფთაგან. რატომღაც, ასე მგონია, ანა. თითქოს, საუკუნეა გიცნობ და ვტკბები შენი მშვენიერი სახის ყურებით.
- კომპლიმენტისთვის დიდი მადლობა, მოსმენით კი დიდი საიმოვნებით მოგისმენთ.
- ანა, მინდა გამოგიტყდეთ, რომ მე არც თუ ისე ადვილი ცხოვრება მქონდა. ჯერ კიდევ სულ პატარა დავობლდი. ჩემი მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. მე მაშინ მხოლოდ ხუთი წლის ვიყავი და ერთადერთი ერთგული მამიდის იმედად დავრჩი ამ უკიდეგანო სამყაროში.
- რას ამბობთ? მეწყინა. ნამდვილად გითანაგრნობთ. იცით, მე კარგად მესმის თქვენი, იმიტომ, რომ სამწუხაროდ აღარც ჩემი მშობლები არიან ცოცხლები, მეც ასე მარტო ვარ ცასა და მიწას შუა გამოკიდებული, უფლის იმედად მყოფი. ასე მგონია, დედამკვდარ შვილებს სულ სხვა ტკივილი დააქვთ. ისინი ერთმანეთს ცნობენ კიდეც, ასე მგონია. ღიმილიც კი სხვანაირი გვაქვს, სევდიანი და მრავლისმთქმელი. ამიტომ, კარგად მესმის თქვენი, გიგა.
- ხო, ანა, ასე მოხდა. მერე მივყევი ჩემი ცხოვრების დინებას. მამიდა განათლებული ქალი იყო, კითხვა შემაყვარა, ხელოვნება. მიყვარდა ცეკვა და მთელი სული და გული ჩემს საყვარელ საქმეს მივუძღვენი. მაგრამ ერთ დღეს, ანა, ერთ დღეს მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო.
- კი, მაგრამ რა მოხდა ასეთი?
- მოხდა ანა, მოხდა!.. მე პატიმარი დამერქვა. ხო, აი ასე, ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ერთი ხელის მოსმით.
- როგორ ? რატომ? არ მესმის?...
- ეჰ, ანა, ამ ქვეყანაზე ადამიანებს გამორჩეულები არ უყვართ. გამორჩეულებს არ სწყალობენ. გადაჭარბებულად ნუ ჩამითვლით მაგრამ, ალბათ მეც ვერ ამიტანა საზოგადოებამ ასეთი. ლამაზი, ტანადი, ნიჭიერი. იმ დღეს, ახლობლის ქორწილში ვიყავი. საუცხოო, ქართული სუფრა იყო გაშლილი, ვმხიარულობდით ახალგაზრდები. მოგეხსენებათ, ქორწილში მთვრალი კაცი ამაღლებულ განწყობაზე დგება. მე რა გამაჩერებდა ანა, სისხლი მიდუღდა მუსიკის ხმაზე. ფეხები თავისით აცეკვდა და შუა მოედანზე გავჩნდი, ხელები არწივის ფრთებივით გავშალე და ჰაერში ირაო შევკარი, თვალი ქორივით მოვავლე დარბაზს, რომ შესაფერისი პარტნიორი მეპოვნა. ვხედავდი აღფრთოვანებული ქალბატონების მზერას და უფრო გავამაყდი, გავდიდგულდი. დახვეწილი მოძრაობა, ხელისა, ფეხისა ტანისა-ამად ღირდა სიცოცხლე, ამ შეგრძნებად, რომ ყველა მდედრი შენ შემოგნატრის, ყველას სურხარ.
- ერთი ლამაზი ქალი საცეკვაოდ გადმომიხტა, ვერ გაუძლო ცდუნებას. მეც მეტი რა მინდოდა, ანა! მთელი მონდომებითა და აღტაცებით ვეცეკვე ამ ქალბატონს. მე ბუნებით მსახიობი კაცი ვარ, მიყვარს ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა. ქალი ლამაზი იყო. ეს მახსოვს მარტო. სახეს ახლაც კი ვერ ვიხსენებ. მხოლოდ მისი ვნებიანი შემოხედვა დამრჩა. ვხედავდი, როგორ ენთებოდა ვნების ცეცხლში და ერთიანად შეჭმას მიპირებდა, მაგრამ ქმარს, რომელიც თურმე თვალს არ გვაშორებდა, ეს არ გამოპარვია. ცეკვა დავამთავრეთ. მე თავი დავუკარი და გავშორდი. ის ქალი აღარც კი გამხსენებია, ანა, მე იქ დავასრულე ჩემი როლი. გარეთ გამოვედი. მშვენიერი, მთვარით განათებული გაზაფხულის საღამო იყო. ვიღაც ღიპიანი, ახმახი კაცი მომიახლოვდა და მეუბნება
- ჩემი ცოლი რა უფლებით გამოიცეკვე, ბიჭო?- ხომ იცი, კაცის ამბავი ანა, შარს რა გამოლევს?! სულ პატარა მიზეზი უნდა, რომ ეჭვიანი კაცი აფეთქდეს და ამ კაცმა ანა, იმ კაცმა, რომელსაც თვალებიდან ბოღმა და შური ეღვრებოდა, ჩემი მკვდარი დედა შემაგინა. დედა, რომელიც ჩემთვის წმინდაა, ღმერთივით წმინდა, ანა. ხომ იცი, დედის შეგინება ოჯახს შეგინებას ნიშნავს ქართველი კაცისათვის, არც ერთი თავმოყვარე ქართველი არ მოითმენს ამას. გამწარებულმა, რაც ძალი და ღონე მქონდა, ხელი მოვუქნიე. არ ელოდა თითქოს, მოცელილით დაეცა კაცი. თურმე ჩემთვის დასარტყმელად მომზადებული დანა ჭერია ხელში. მე რა ვიცოდი, ჩემს თავს რა უბედურებას ვუმზადებდი. ეს კაცი ანა, ეს ლოქო, თავისივე ამოღებულ დანაზე დაეცა. მაშინ დავინახე მისი დამანჭული სახე და მაშინ მოვედი გონს, როცა ხალხმა, რომელიც სეირის საყურებლად შეგროვილიყო და იმ ქალმა, მისმა ცოლმა კივილი მორთო. უცებ აირია ყველაფერი, წავიდა ჩხუბი, გაწევ-გამოწევა, ვინ ვის ურტყამდა, ვინ ვის აგინებდა. აქედან ჩემი მეგობრები წამომეშველენ, იქედან მისი დამქაშები. პოლიცია საიდან გაჩნდა არ ვიცი და ასე სრულიად უდანაშაულო, სრულიად უცოდველი, ხელებზე ბორკილ დადებული წამიყვანეს. ასე აღმოვჩნდი ანა, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, ე. წ. პატიმარი.
ეჰ, ანა, ციხე ის ადგილია, საიდნაც ან კაცი გამოხვალ, ან არაკაცი. მე მთელი იმ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ფიქრი მქონდა, რომ არ დავცემულიყავი, ძალა მომეკრიფა და საღი გონებით შემეფასებინა ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ყველა დეტალი. ანა, კაცი ძლიერი უნდა იყოს, მით უმეტეს იქ, სადაც ყველა ცდილობს გადაგიაროს. სულ მცირე, სულ უბრალო მიზეზიც კი საკმარისია, ანა, თვალში რომ არ მოუხვიდე ვინმეს. მე კი, მე, მგლებს შორის მგელი გავხდი, მკვლელთა შორის მკვლელი და თაღლითთა შორის თაღლითი. ალესილ დანაზე სიარული ვისწავლე, აალებულ ნაკვერჩხლებზე გავლა და უჰაერო სივრცეში სუნთქვა. ასე გავიდა სამი წელი, ანა.
- ღმერთო ჩემო!... ვწუხვარ ძალიან ვწუხვარ და გული მეთუთქება, რამდენი რამ გამოგივლია, რა მძიმე და რთული ცხოვრება. მერე ალბათ, ეს ყველაფერი რომ დასრულდა ხომ დაუბრუნდით ჩვეულ, ადამიანურ ყოფას? თქვენს საყვარელ ოჯახს, შვილებს.
- მერე ანა, მერე, გამოვედი გარეთ ამ მტანჯველი სამი წლის მერე, და შევხედე ჩემს ოჯახს და ვინც მიყვარდა ის ხალხი ისეთი გაუცხოებულნი დამხვდა, ცოლი დამნაშავესავით მიყურებდა, სიდედრი ზიზღით, მამიდა კი დატანჯული სახით. მხოლოდ რამდენიმე მეგობარი დამხვდა გარეთ, რომელთაც მეც ყოველთვის მხარში ვედექი. შვილებს კი არც კი ვახსოვდი. პატარები იყვნენ ძალიან, როცა დამიჭირეს. ეს ორი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში იმედის სანთელი და ჩავთვალე, მათთვის უნდა მეცოცხლა.
- ახლა კი, უნდა დაგემშვიდობო ჩემო კარგო, მგონი შეგაწყინე თავი ჩემი ამბის თხრობით, მაგრამ მე შენი სახით კეთილი მეგობარი შევიძინე და ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ გაგიცანი ანა.
დილით გავიღვიძე და ისევ მასზე ფიქრმა შემიპყრო. ნეტავ, ვინაა ეს ადამიანი? ან რატომ გამანდო თავისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული მხარე, რატომ იყო ჩემთან ასე გულწრფელი და ასე მიმნდობი?
ჩემი ცისფერი მეგობარი ჩავრთე თუ არა, მისი შეტყობინება დამხვდა.
- როგორ ხარო, ჩემო მშვენიერი მეგობაროო?! - მწერდა შეფარული სითბოთი.
- კარგად ვარ თქო! - მაშინვე ვუპასუხე
ასე გაგრძელდა ჩვენი საუბრები რამდენიმე დღე. მერე უკვე, ისე ახლობელი გახდა ეს ადამიანი, ისე, თითქოს სულ არ იყო ჩვენს შორის ეს მოციმციმე კედელი. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ უკვე დრო იყო სხვა განზომილებაში გადაგვეტანა საუბრები, ანუ უფრო რეალური სახე მიგვეცა. ონლაინ სამყაროში ერთადერთი საშუალება სკაიპია და ჩვენც ნელ-ნელა გადავინაცვლეთ „რეალობაში.“
ჯერ ხმა გავიგონე, ახალგაზრდა კაცის მშვიდი ბარიტონი.
- გამარჯობა ანა!
მერე გამოსახულება და მისი თვალები. საუცხოო, ორი დიდი ცისფერი თვალი, როგორც ორი ანთებული ნაკვერჩხალი. თითქოს მბურღავდა, მაკვირდებოდა და ღიმილი არ შორდებოდა სახეზე.
- საოცრად ლამაზი ხარ, ანა, თვალს ვერ გაშორებ!... დავიმორცხვე, ცეცხლი მომედო. თუმცა, მანამდეც ხომ ბევრჯერ მომისმენია კომპლიმენტი. მაგრამ, ეს სხვა იყო, მისი სიტყვები რატომღაც სალბუნივით მედებოდა გულზე. მერე თავისთავად დაიწყო. არ მახსოვს, რაზე ვსაუბრობდით. მერე კი ისე უაზროდ ვიცინოდით, როგორც ორი დიდი ბავშვი. დრო როგორ გავიდა, ვერ მივხვდით. საათს რომ შევხედე, უკვე ღამის ოთხს უჩვენებდა ისარი. მთხოვა, ცოტა ხანს კიდევ დარჩიო.
- კარგი, ცოტა ხანს დავრჩები-თქო- ვუთხარი. თითქოს არ გვეთმობოდა ეს ლამაზი ღამე.
მერე, ორივეს ძილი მოგვერია და სურვილგაყოლილები დავეშვიდობეთ ერთმანეთს.
მის მერე, თითქოს ჩემი რუხი სამყარო შეიცვალა, გაფერადდა. ყოველ დილით მხვდებოდა მისი სითბოთი სავსე წერილები. უკვე ვგრძნობდით, რომ ერთმანეთი გვენატრებოდა და რაღაც ახალი იწყებოდა ჩვენს ცხოვრებაში. ახალი და საოცრად ლამაზი გრძნობა, რომელსაც არც ერთი არ ვარქმევდით სახელს. მე მეშინოდა, რომ ამ გრძნობას თუ მზის სინათლეზე გამოვიტანდი, რაღაც მოხდებოდა. მხოლოდ თვალებით ვამხელდი მისდამი სითბოს, მხოლოდ თვალებით ველაციცებოდი შორიდან.
ორივენი ვცდილობდით ერთმანეთზე შთაბეჭდილების მოხდენას. ერთ საღამოს მახსოვს, ჩვეულებისამებრს შემოანათა.
- დღეს ლამაზი სურპრიზი მაქვს შენთვის!
- რა სიურპრიზი მეთქი?!..
- დღეს მე განსაკუთრებული ვიქნები. ისე უნდა ვიმღერო, რომ მოგხიბლო და თავი შეგაყვარო! - იცინოდა და საოცრად უხდებოდა სიცილი.
- აბა შენ იცი, გისმენ! - სმენად გადავიქეცი.
მართლაც, მოიმარჯვა გიტარა და დაკვრა დაიწყო. საუცხოო, ტბილი ხმა ჰქონდა. რაღაც ქართულ მელოდიას მღეროდა. გულში სითბო ჩამეღვარა. მართლა ჯადოსნური ძალა აქვს მუსიკას. თანაც, როცა ასე გიმღერიან. სიმღერა რომ დასრულდა, ასე მონუსხული დავრჩი. კარგა ხანს ვუყურეთ ერთმანეთს უსიტყვოდ, მერე კი მითხრა:
- ანა, შენ ახლა ანათებ, იცი?...
ჰო, ალბათ, მაშინ ასე გამოვხატავდი აღტაცებას. ჩემი სული ბედნიერი იყო და ბრწყინავდა.
- მე ძალიან მიხარია, რომ გაგიცანი ანა!
- მეც ასევე. ბედნიერი ვარ, რომ შეგხვდი, გიგა!
ისევ ისე დაგვათენდა თავზე. უკვე დროის უკამარისობას განვიცდიდი მასთან ყოფნისას. არ მინდოდა, რომ როდესმე დასრულებულიყო ეს ლამაზი წუთები. საათს რომ შევხედე, გათენებას არაფერი აკლდა.
- შენთან რომ ვარ, ვერ ვხვდები, როგორ გადის დრო.- ვუთხარი და გამეღიმა.
- ეს კარგია თუ ცუდი, ნეტაა? -
- ისე გავა ცხოვრება, ვერ გავიგებთ. - მითხრა მან.
- ჰოო, ცხოვრება ცოტა ფართე მცნებაა. - ამით მივანიშნე, რომ ეს, როდესმე დასრულებოდა.
- იცი, ანა, ვხვდები, რომ თანდათან ძალიან ახლობელი ხდები ჩემთვის. მე მინდა, მოვიდე და ეს ვირტუალური ნაცნობობა ლამაზ რეალობად ვაქციო. მომცემ უფლებას ანა, რომ შენს გულში შემოვიდე?
არ ვიცოდი, რა მეთქვა, საშინლად ვიბნეოდი ამ ადამიანთან. თითქოს პატარა, გამოუცდელი გოგო ვიყავი და პირველად მესმოდა ასეთი სიტყვები. მაგრამ ალბათ, ამას არა აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ და რა ვითარებაში განუცდია ადამიანს ეს გრძნობა. მე იმ წუთში ბედნიერი ვიყავი და ეს ბედნიერების განცდა სულ დაუსრულებლად მინდოდა გაგრძელებულიყო. ამიტომ, სულ მეშინოდა მისი დაკარგვის. ნეტა, თუ ხვდებოდა, რამდენად ახლობელი იყო ჩემთვის?
- აუცილებელიც კია, რომ შენ ჩემს რეალობაში მოხვიდე. რომ არ მოხვიდე, მე ამის მეშინია გიგა!
არ უნდა მეთქვა მეთქი, გავიფიქრე ამ სიტყვების მერე. მე ჩემი თავი გავამხილე.
- ნუთუ, ასეთი უსუსურები ვართ, რომ ეს ვერ შევძლოთ?... მე შენ არასოდეს არ დაგკარგავ ეს იცოდე!
- კიდევ მიმღერე რაიმე!
- რა გინდა, რომ მოისმინო?
- რამე ისეთი, რასაც ერთად ვიმღერებდით!
- დაიწყე!- მითხრა მან და მეც დავიწყე. გაუბედავად და ჩუმად. მასთან შედარებით მე ვერაფერი მომღერალი ვიყავი.
,,ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი,
ძეწნამ ალერით ამავსო,
იჭვებით ნაავადარი,
საქართველოო, ლამაზო,
სხვა საქართველო, სად არის! ,,
გული უცნაურად მიცემს და საოცრად ბედნიერი ვარ. ხვალ, რომ გათენდება, სიცოცხლეს სულ სხვა თვალით შევხედავ. ხვალ ჩემს ცხოვრებას სულ სხვა ფერი ექნება. მაგრამ რატომ მეშინია ასე და რატომ მიზიდავს მისი იდუმალება?! მე ხომ არაფერი ვიცი მის შესახებ. იქნებ ეს ის არაა, ვინც მე მგონია? იქნება, ესეც ისევე თამაშობს, როგორც სხვები თამაშობენ აქ, ადამიანების გრძნობებზე? ეს ალბათ, ყველაზე სასტიკი თამაშია, რაც ოდესმე მოუგონიათ. მაგრამ, ახლა ერთადერთი ის ვიცი, რომ უკან ვერ დავიხევ. იქნებ გადამჩეხოს კიდეც, იქნებ გამწიროს კიდეც, მაგრამ მე უნდა ვცადო, ამ ერთხელ უნდა ვცადო, რომ მერე არ ვინანო.
(გაგრძელება იქნება)
ავტორი: სალომე გოგოლაძე
1734760568
მსოფლიოგერმანიის საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა - არიან დაღუპულები
გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. როგორც გერმანული გამოცემა Spiegel წერს, ავტომობილი ხალხით სავსე მოედანზე შევარდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალუ...
1734725129
ჰოროსკოპი21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში ინიციატივას იჩენთ, კოლეგებს საკუთარ ცოდნას უზია...
1734720482
ჰოროსკოპი„მალე მოკრებილი ძალით ინათებს და მაცხოვარი დაიბადება!“ - გიორგი ლობჯანიძე 21 დეკემბრის მზებუდობაზე
21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ად...
1734719150
საზოგადოებაცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
„26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო - ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი)...
1734716701
სოციალური მედიანანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში აქტიურია. მისი პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მას ქმარი ბიზნესმენი ნიკა ნაყოფი...