ქართველი მომვლელის საიდუმლო მინიშნება: „მე მარია ვარ, აქედან გაიქეცი!“

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge იწყებს ახალ პროექტს - „ემიგრანტის პროზა“. ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ემიგრანტი ქალბატონის, სალომე გოგოლაძის საავტორო რუბრიკას „მძიმე ჩემოდანი“, სადაც  მისი მოთხრობები დაიბეჭდება.  

იტალიელები კეცვის ოსტატები არიან. კეცავენ ყველაფერს, მონდომებით და ფაქიზად: ტანსაცმელს, კაბებს, საცვლებს, ხელსახოცებს, ტილოებს, წინდებს, ყველაფერს, რასაც ოთხკუთხედი და მრავალკუთხედი ფორმა გააჩნია. დიახ, დიახ, კეცვასაც თავისებური ოსტატობა სჭირდება. ამას დროთა განმავლობაში მივხვდი, ჯერ იყო და ის ცხონებული ბებია ნინა, ხელით ისე ოსტატურად ასწორებდა ახლად გარეცხილ ტანსაცმელს ოჯახში უთოს აღარ ვხმარობდით, ეს ხელს უწყობდა დენის ეკონომიას და ნერვული სისტემის დაწყნარებას. მერე ბაბუა ენცოს გატაცება ხელსახოცის ქაღალდების საგულდაგულო დაბინავებით, და ახლა კი ეს, ჩემი ახლად შეძენილი ბებია ანჯელა - მარია ბრუკოლი ისე გულდასმით კეცავს, ხელსახოცებს და ტუალეტის ქაღალდებს, (ამიტომ ყველგან მხვდება მისი შემოქმედება) მივხვდი, ეს მხოლოდ თანდაყოლილი გენეტიკური ნიჭი თუ იყო ამ ყოვლად დალოცვილ და რაღაცნაირად დაწყევლილ ერისა.

მე ვარ ანჯელა მარია ბრუკოლი, ასე ცერემონიულად წარმომიდგა გაცნობის პირველ დღეს სადარბაზოს კართან კარგად მოვლილი, პირზე ღიმილ მიკერებული, ტუჩზე წითელსაცხწასმული, ათასფერი ზიზილ-პიპილოებით შემკული, დაბალი ტანის ასაკოვანი იტალიელი ქალბატონი და მისი უფროსი ქალიშვილი, ანტონელა ადრიანო, რომელიც დედისგან განსხვავებით მეტად მოუწესრიგებლად გამოიყურებოდა.

ისე ვიყავი გადაღლილი უემოციო, ბოროტულად მომზირალი, მუდამ ეჭვიანი ბებია - ბაბუების ცვლით, რომ ვიფიქრე, აი, როგორც იქნა მეშველა-თქო.. გონებაში, უკვე შევიყვარე კიდეც გულში ჩავიკარი და ასე ხელკავგამოდებული ავუყევით სადარბაზოს კიბეებს..

სახლი ორი ოთახისგან შედგებოდა. კოხტა პატარა სამზარეულო და მიდგმული ჩიტის კუდის მოსაქნევი აივნით, საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდა იქაურობა, მესიამოვნა სიმყუდროვე და სისუფთავე. სასტუმრო ოთახის კედლებზე უცნობი მხატვრის ნახატები ეკიდა, მაგრამ ბებიამ და მისმა ქალიშვილმა ანტონელამ ყურადღება მოხუცი ქალბატონის სურათზე შეაჩერა, რომლის მზერაში უკვე აშკარად გამოიკვეთებოდა პოტენციური ალცჰაიმერის ნიშნები, ეჭვნარევი მზერა და მოკუმული ტუჩები.

- ეს დედაჩემია, ნახე რა ლამაზი დედა მყავდა, ჩემი დედა შესანიშნავი ქალი იყო აცხონოს უფალმა! - გამაცნო თავისი წინაპარი ქალბატონმა ანჯელამ და ამაყად გადმომხედა. 

- დიახ, დიახ! ნამდვილად ლამაზი ქალბატონია! - დავუდასტურე და გავუღიმე.

- ეს ვინაა დედა? - მიუთითა შვილმა ასაკიანი სიმპათიური კაცის მოღიმარ ფოტოზე.

- ეს ალბათ მამაჩემია! - უპასუხა მიამიტური სახით და მომდევნო საქებარი სიტყვებისთვის მოემზადა.

- არა დედა, აბა კარგად დააკვირდი! - შეაჩერა შვილმა.. ნოოოს, ძახილით!..

- სწორედაც რომ მამაჩემია! - ჯიუტად ამტკიცებდა მოხუცი....

- ეს შენი ქმარია დედა, შენი შვილების მამა! - გაბრაზებულმა შეახსენა შვილმა.

- ნუთუ? როგორ დამავიწყდა! არა და როგორ მიყვარდა, მასაც ძალიან ვუყვარდი..

ვიღიმი და მსიამოვნებს, მისი სენტიმენტები.. ეტყობა ძალიან გულთბილი ქალბატონია.

ლამის ცრემლები მომადგა თვალზე, იმდენად მონატრებული ვარ ადამიანების სითბოს, ალბათ მეც ოდესმე მიმიღებს და შემიყვარებს - ვფიქრობ ჩემთვის მიტოვებული ობოლი ბავშვივით. 

დღე პირველმა მეტად მხიარულ ნოტაზე ჩაიარა. რამდენიმე ხნით შვილი ანტონელა დარჩა ჩვენთან. მე სასტუმრო ოთახში დამაბინავეს. შვილმა კი დედასთან მოიკალათა მომცრო დივანზე. ანჯელა მარია აქამდე შვილთან ცხოვრობდა, თუმცა ნელ-ნელა შემაპარეს რომ ჩემამდე სხვა მომვლელი ქართველი ქალიც ყოფილა ამ სახლში, რომელიც რატომღაც მხოლოდ ხუთი თვე დარჩენილა ბებიასთან. ხო, კიდევ კატეგორიულად ამიკრძალეს სიტყვა ბებიის დაძახება, მე კი ჩვეულებისამებრ წამომცდებოდა ხოლმე მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი რომ ეს შეცდომა არ დამეშვა..

ანჯელას სხვა შესანიშნავ თვისებებთან ერთად პოეზიის სიყვარულის ნიჭიც აღმოაჩნდა, მე ასე გამაცნეს, მელომანად და მსახიობად. მეშველა მეთქი, ვიფიქრე, რადგანაც ორივეს ინტერესები ემთხვეოდა ამ სფეროში..

- აბა, დაიწყე დედა! - უთხრა შვილმა სიამაყით და მანაც დაიწყო..

,,წლები გადის და ყვავიან ხეები,

 დედაჩემი ისეც სამოცი წლისაა,

 მე კი უკვე მასზე უფროსი ვარ..,,

მოხუცმა დაზეპირებული ტექსტი მეტად რიხიანად და მსახიობური ოსტატობით ჩაარაკრაკა. შვილს თვალები უციმციმებდა, მე კი აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი მისი პოეზიისადმი სიყვარულის გამოხატულებით. 

ცოტა ხანში მივხვდი რომ ქალბატონ ანჯელას სიყვარული პოეზიისადმი მხოლოდ ერთი ლექსით შემოიფარგლებოდა რომელიც მის გონებაში სამუდამოდ აღბეჭდილიყო, საკმარისი იყო ბებიასთან ლექსი გეხსენებინა და დღის ყველა მონაკვეთზე, შეეძლო იგივე ტექსტი ასეთივე პათოსით წარმოეთქვა. ნიჭიერია, რა თქმა უნდა ვერ უარვყოფ! 

ტყუილად ვღელავდი, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, შევთანხმდით რომ მუშაობას ერთ კვირაში დავიწყებდი.

სახლი ვია სპალატოს ქუჩაზე, ლუნგო მარეს ერთ-ერთ მყუდრო ქუჩაზე მდებარეობდა.. აქედან კარგად მოჩანდა ზღვის ყურე, როგორც ლურჯი თავშლის ბოლო და ზოგჯერ წვიმის დროს ქაფქაფა ტალღების თეთრი მაქმანები..

ზღვის სანაპიროზე თითქმის ყოველ დღე დავდივართ მე და ჩემი მოხუცი ქალბატონი. აქ შეიძლება ნახო უამრავი საინტერესო რამ, დატკბე თოლიების ლივლივით მზის კაბადონზე, ლაზურიტისფერ ცაზე მათი ფრენის ტრაექტორიის ყურებით, გარეული იხვების გადაფრენით, ბადით ხელში მდგარი მებადურების საქმიანობით.. ბებია ანჯელას განსაკუთრებით მოსწონდა უცხო ადამიანებთან გასაუბრენა, ისეთი ცერემონიული ღიმილით მიადგებოდა თავისთვის მოსაუბრე წყვილებს გეგონებოდა, ცა გაიხსნა და ანჯელა ჩამოვიდა ფრთების რხევითო. ზოგადად მამაკაცების მიმართ ჰქონდა გამახვილებული ყურადღება. ისინიც თავაზიანობის გამო რამდენიმე სიტყვას ეტყოდნენ ჰო და ანჯელასაც მეტი არ უნდოდა, რომ ჩაყვებოდა, უიმე, თქვენ საოცარი ადამიანი ჩანხართო, ახალგაზრდობაში გიცნობდითო, ცოლი თუ გყავსო ან შვილებიო და ბოლო ბოლო ძალიან ზედმეტად რომ მოაბეზრებდა თავს მოსაუბრეს უხერხული სიტუაციის განსამუხტავად მთელი მონდომებით მოვათრევდი სახლისაკენ. მერე რომ დავუფიქრდი, ჩემ თავზე მომეშალა ნერვები, ანჯელასნაირი აფერისტობისა და მამრების გამოჭერის უნარი რომ არ მქონდა.

აქამდე ხომ არ ვიქნებოდი ბადანტის ხელფასის შემყურე. არა, ამ ქალს აქვს რაღაც რაც შეიძლება ვისწავლო!..

მოკლედ, ამ ერთ ადამიანში თავმოყრილი იყო უამრავი ნიჭი: ანგელოზური და დემონური.. მას შეეძლო ისე ოსტატურად მოეტყუებინა შვილები, რომ ცუდად იყო და კვდებოდა, ისინიც სამსახურიდან თავპირისმტვრევით გამორბოდნენ აკივლებულ დედასთან, რომელიც მთელი მონდომებით გარბოდა კიბეებზე და მე მთელი მონდომებით მივსდევდი რომ სადმე შეღებილი ცხვირ-პირი არ წაემტვრია, მას შეეძლო ერთ დღეში სრულიად ადამიანთა მოდგმა შეეყვარებინა ან შეეძულებინა, და ზოგადად ყველაფერს უყურებდა კრიტიკული თვალით, მცხუნვარე მზიდან დაწყებულს და ქუჩაში გადაგდებულ სიგარეტის კოლოფამდე. არც მშვიდი მოლივლივე ზღვა მოსწონდა და არც აღელვებული... ეს ქალი იყო რისხვათა რისხვა და ალცჰაიმერთა ალცჰაიმერი, მაგრამ მთლად ამ დაავადების ბრალიც არ იყო ასე მგონია მისი ხასიათის ცვალებადობა.. მისი სული იყო ბნელი და ღრმა, ისე ღრმა რომ მეშინოდა არ ჩავეტანე.. ამიტომ დიდი მოთმინება მჭირდებოდა ამ მეტად მძიმე ადამიანთან თანაცხოვრების ატანისა..

ანჯელა მარია ბრუკოლი, იყო ქალი რომელიც ზოგჯერ ისე მებრალებოდა რომ ვცდილობდი ყველაფერი სხვა კუთხიდან დამენახა.

ანჯელას ნივთების დამალვის საოცარი ნიჭი გააჩნდა.. ერთი დიდი ცერემონია იყო სახლიდან გასვლა, რადგანაც დაწყებული მისი საცვლებიდან, გასაღებიდან, ჭიქებიდან და წნევის გასაზომი აპარატიდან, ყველაფერი საგულდაგულოდ ჰქონდა დამალული.

მე დიდი მოთმინებით და გულდასმით ვეძებდი ამდენი ქაღალდების გროვაში გასაღებს, რომ სახლიდან ქუჩაში გამეყვანა..

ამ ძებნაში აღმოვაჩინე ანჯელას გადამალული: ბისკოტები იგივე ორცხობილა, კბილები, და ქალიშვილობის დროინდელი ბუსჰალტერი და ჯაჭვზე შებმული როსარიო.

მოკლედ, მივდივართ იტალიის ზღვისპირა ქალაქის ვიწრო ქუჩაზე, როგორც კი მივუახლოვდით ერთ ლამაზ აივანს ანჯელას ხმამაღალი ოხვრა აღმოხდა - აქ ცხოვროვდა ის კაცი ვისაც მე ვუყვარდი, რა კარგი ახალგაზრდა იყო, უცებ ანჯელა მარია სულ სხვა სახით დავინახე, შეყვარებული ბედნიერი, თვალებგაბრწყინებული და ახლა მის მეხსიერებაში არაფერი შემორჩენილა ამ ფრაგმენტის გარდა.. რა ერქვა იმ კაცს არც კი ახსოვს, იცის მხოლოდ რომ ვიღაცას უყვარდა..

- ანჯელა მარია, მომიყევი ლექსი! 

ის კი იწყებს თითქოს ამაღლებულ სცენაზე დგას და ირგვლივ აღფრთოვანებული მაყურებელი ჰყავს შემოკრებილი.. ამ ლექსის ავტორი იტალიელი პოეტი ჯაკომო ლეოპარდია.

“წლები გადის და ყვავიან ხეები,

 დედაჩემი ისეც სამოცი წლისაა,

 მე კი უკვე მასზე უფროსი ვარ“. 

ანჯელა - მარიას გონებაში ერთადერთი სანთელი ეს ლექსი და საყვარელი მამაკაცის ხატება დარჩენილიყო.

ალბათ სულ სხვა იყო ახალგაზრდობაში ეს ქალი, ვფიქრობ და მინდა დავინახო იგი.. მინდა რაღაც ისეთს ჩავეჭიდო, რომ შევიყვარო, მაგრამ მას დიდი რკინის ბოქლომი დაუდვია სულზე, რომ მხოლოდ უაზრო მცდელობად მრჩება დავამსხვრიო ყინულის ბასრი სიცივე.

სახლში მოვედით, ანჯელას მსუბუქი ვახშამი მივართვი.. დაღლილი ვარ, ერთი სული მაქვს დავწვე და ფეხები დავასვენო. კედლისკენ ვბრუნდები და თვალს ვუშტერებ რაღაც წარწერას, აშკარად ამოვიკითხე ქართული ასომთავრულით დაწერილი: მე მარია ვარ, შენ კი აქედან გაიქეცი!.. არა, ეს არ მომჩვენებია, არც დამსიზმრებია.. ეს იყო ნიშანი, გაფრთხილება წინა ქართველი ბადანტისაგან. 

გაგრძელება: ორშაბათს, 8 მაისს exclusivetv.ge-ს პლატფორმაზე

ავტორი:  სალომე გოგოლაძე / იტალია/ ქალაქი ბარი

 

მოგვწერეთ თქვენი საემიგრაციო ისტორიები!

პატივისცემით, Exclusivetv.ge-ს გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი იტალიაში ხათუნა შარაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1721228412

საზოგადოება

„ჩემი ბავშვობა საინტერესო იყო იმით, რომ მქონდა ბედნიერება მეცხოვრა ქალაქშიც და სოფელშიც“ - რას ჰყვება ზვიად ბოლქვაძე

მუსიკოსი  ზვიად ბოლქვაძე მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც მის მიერ დასმულ შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა: - მაინტერესებს თქვენი ბავშვობა. სულიერი მდგომარეობა, რა აზრები გაწუხებდ...

 ზვიად ბოლქვაძ

1721228265

საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი, ისე გასამართლდება და ის საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, არ გვჭირდება მავნებლები ოპოზიციაში“ - ლევან მაჭავარიანი

„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი, ისე გასამართლდება და ის საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში...

ლევან მაჭავარიანი

1721226540

საზოგადოება

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ

ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას კონკურენციისა და...

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე

1721222257

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6952 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1721221770

ახალი ამბები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ასაკოვან ქალს ეძებენ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ასაკოვან ქალს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის ბოლოს 16 ივლისს ქვედა საზანოს ტერიტორიაზე ნახეს. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 599 305 316 რუს...

დაკარგული ქალი