"მონდომების შედეგად, მწვერვალების დაპყრობაც შესაძლებელია" - ქართველი სოპრანო ოზიმოს აკადემიიდან, სპეციალურად ExclusiveTV-სთვის

ალბათ, ყველა თანაბრად ვთანხმდებით, რომ კლასიკური მუსიკის, კერძოდ კი, ოპერის მოსმენასა და მიღებას, განსაკუთრებული მიდგომები და სულიერი კულტურა  სჭირდება. დიახ, ყველა ვერ უსმენს ოპერას, ზოგისთვის "კივილია", ზოგისთვის კი სინთეზური ჟანრი, რომელიც მუსიკის, დრამატურგიის, მხატვრობისა და ქორეოგრაფიის ელემენტებს აერთიანებს. ოპერა, პირველად რენესანსის დროინდელ იტალიაში გამოჩნდა, როგორც გართობის ელემენტი, რამაც ხალხში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ევროპის სხვა ქვეყნებიც დაიპყრო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არაერთმა ქართველმა შემსრულებელმა საოპერო კარიერა იტალიიდან დაიწყო. სწორედ, ამ გზაზე დგას  ExclusiveTV-ის დღევანდელი  რესპონდენტი, ნინო გოთოშია, რომელიც ოზიმოს აკადემიაში სწავლობს.

90-იანელებისთვის დამახასიათებელი ბავშვობა ჰქონდა: უბნის თანატოლებთან ერთად, დაგეგმილი კონცერტები, "ჭადრის ფოთლები" 50 თეთრიან ბილეთებად, კორპუსის ეზოში მოწყობილ სცენასთან შეკრებილი მთელი სამეზობლო და ბილეთებით შემოსული თანხით გაკეთებული "ბანკეტი" კულმინაციად. ალბათ, ამითაც გამორჩეული იყო 90-იანი წლების პერიოდი, რადგან გულწრფელი ემოციების ზეიმი, თითოეული ბავშვისთვის დღესასწაულს ქმნიდა. გაგიკვირდებათ და ოზიმოს აკადემიის ქართველმა სოპრანომ, სიმღერაზე ადრე დაკვრა დაიწყო. შესაძლოა, ფორტეპიანოს კლავიშებს ვერც კი სწვდებოდა, როცა ტელევიზორში მოსმენილი მუსიკის დაკვრას ცდილობდა. მის შემოქმედებით ცხოვრებაში, ყველაფერი ბაღში, საახალწლო ზეიმზე ნამღერი საბავშვო სიმღერიდან იწყება. სწორედ, ბაღის ზეიმზე აღმოაჩინა მასში დედამ სმენა და სიმღერის ნიჭი.

 

- გამართულად, არც ვლაპარაკობდი, როცა ყურით იმ ნოტებს ვარჩევდი, რაც მამახსოვრდებოდა. დედამ გადაწყვიტა, რომ სამუსიკო სკოლაში მის მეგობართან მივეყვანე, სადაც, მითხრეს, რომ აბსოლუტური სმენა მაქვს, შემდეგ "დაემთხვა" ისე, რომ თურმე, სიმღერაც შემიძლია. 90-იანელი ბავშვები, ძალიან ხშირად ვაწყობდით ხოლმე ეზოებში კონცერტებს. "ჭადრის ფოთლებს" ვყიდდით ბილეთებად, რომელიც 50 თეთრი ღირდა და შემოსული თანხა, კონცერტის შემდეგ ბანკეტის ხარჯებს ხმარდებოდა (იცინის). ეს აქტივობები ყველასთვის ერთგვარი სტიმული იყო, რადგან მოგეხსენებათ, რომ მაშინ, საქართველოში უშუქობისა და უპურობის პერიოდი იდგა. ჩვენს სამეზობლოში სხვანაირი სითბო იყო, იმდენად, რომ პატარა ბავშვების ახირებებს მშობლები აჰყვებოდნენ ხოლმე. უბნის კონცერტებზე სასცენო კოსტიუმებით გამოვდიოდით. სამწუხაროდ, დღეს წარმოუდგენელია, რომ ბავშვის ახირებას მშობელმა სერიოზული თვალით შეხედოს, მაშინ ყველაფერი ცოცხალი იყო, რადგან ემოციებით ვცხოვრობდით. ბავშვებსა და მშობლებს, ან  მსმენელებს შორის ამ უდიდესმა კავშირმა და ემოციამ, გამიღრმავა სიყვარული და ინტერესი სიმღერის მიმართ, რაც უკვე ჩემს ყოველდღიურობად იქცა და მომცა სტიმული, რომ ნამდვილ სცენაზე მემღერა და შესაბამისად, მსმენელთა აუდიტორიაც უფრო მასშტაბური ყოფილიყო.

- საკმაოდ საინტერესო ბავშვობა გქონიათ. როდიდან დაიწყო შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი?

- მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა რაიონულ, თუ რეგიონულ ღონისძიებებზე. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გარდამტეხი პერიოდი აღმოჩნდა ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზე", სადაც მომისმინა ანზორ ერქომაიშვილმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მე საოპერო მონაცემები მაქვს და რომ არა ეს ფესტივალი, რომ არა მანამდე დედაჩემის აქტიურობა, რომ ყველა კონცერტზე გავეყვანე, მორალური მხარდაჭერა, რომ მეკეთებინა ის, რაც მინდოდა, ალბათ საერთოდ ვერაფერს მივაღწევდი შემოქმედებითი კუთხით. მაშინ ვიცოდი მხოლოდ ის, რომ მინდოდა სიმღერა, მაგრამ დედაჩემმა იცოდა რა მომავალი შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ჩემს სურვილს და ეს იყო მთავარი. ბევრი იბრძოლა, ხელს მიწყობდა, ყველაფრის ხარჯზე ბოლომდე მიჭერდა მხარს და დღემდე ასეა.

- საიდან გაჩნდა იტალიაში სწავლის გაგრძელების იდეა?

- ანზორ ერქომაიშვილს ძალიან უნდოდა, რომ საზღვარგარეთ მესწავლა. ადრე, რომსა და ფლორენციაში კონცერტებზეც კი გამომიყვანა. ჩემთვის ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო მაშინ, რომ კულტურული შოკი მქონდა, ვერ ვლაპარაკობდი. მისი გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაში ვიყავი, არც სიმღერა მინდოდა, არც შემოქმედებითი ცხოვრება. ამ სფეროში, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ბატონი ანზორი იყო. იმდენად გვიან მოვედი აზრზე, რომ დედლაინი მხოლოდ ოზიმოს აკადემიაში იყო დარჩენილი. თან, ასე, თუ ისე ვიცნობდით ამ აკადემიას, პროფესიონალები ჰყავს აღზრდილი. სხვათა შორის ჩვენთან ქართველი პროფესორი ასწავლის, ალა სიმონიშვილი - საქართველოში ამითაც განთქმულია ეს აკადემია. იყო ონლაინ მოსმენა და იმდენად ნაჩქარევად მქონდა ეს ჩანაწერები გაკეთებული, არც ველოდი, რომ ჩავაბარებდი, მაგრამ სასწაული მოხდა და მე უკვე ოზიმოს აკადემიის სტუდენტი ვარ.

- როგორი იყო ემოციურად ეს ყველაფერი?

- მოგეხსენებათ, იტალია ოპერის ქვეყანაა, ანუ საიდანაც ოპერა წამოვიდა, შესაბამისად, ამ მიმართულებით კულტურაც უზარმაზარია და გემოვნებაც დახვეწილი აქვთ კლასიკური მუსიკის მიმართ. ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ჩავაბარე. იმედი არ მქონდა, არც ემოციურად და არც ფინანსურად შემზადებული არ ვიყავი და სასწავლებლად ჩამოსვლა კომპანია "ხარებასა" და გოდერძი ბუკიას დახმარებით შევძელი, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მათ მადლობა. შემდეგ უკვე, მალევე დავიწყე მზადება იტალიაში წამოსასვლელად, ყველაფერი კი მაშინ გავიაზრე, როცა მილანში ჩამოვფრინდი და მატარებლით ოზიმოს აკადემიისკენ მივდიოდი. ჩემოდანს, რომ შევხედე მივხვდი, რომ დიდი ხნით წამოვედი სამშობლოდან.

- როგორ გაიარე ადაპტაცია, როგორი იყო პირველი ეტაპი?

- ურთულესი პერიოდი იყო (ფსიქოლოგიურად). საქართველოში რა საშემსრულებლო განათლებაც მიღებული მქონდა, ამის მიმართ, უმეტესწილად, შენიშვნებით შემოიფარგლებოდნენ, ბევრ რამეს ამატებდნენ, ბევრიც მოსწონდათ, თუმცა, მეტწილად შენიშვნებს ვიღებდი და ეს არ იყო მარტივი პერიოდი. ყველა ქვეყანას თავისი კრიტერიუმები აქვს, დამახასიათებელი (გემოვნების მხრივ) და ესენიც თავიანთი გემოვნებიდან გამომდინარე ითხოვდნენ თითქმის ყველაფერს. აბსოლუტურად ახალი რეპერტუარი მომცეს, ჩემი ხმისთვის შესაფერისი. თავიდან, ძალიან დავისტრესე, მაგრამ შემდეგ დავმშვიდდი და დავფიქრდი, გავაანალიზე, რომ შეუძლებელი არაფერი იყო, მხოლოდ შრომას და მეცადინეობას საჭიროებდა, რაც რუტინასთან იყო დაკავშირებული, რადგან ტექნიკის შეცვლა რთული რამაა, თან, ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო, რომ არ შეცდე და გზიდან არ გადაუხვიო. აქ, ისეთი პედაგოგები არიან, რომ ცუდ რჩევას ვერ მოისმენ, დაუმსახურებელ შენიშვნას ვერ მიიღებ და საბოლოოდ, შედგები, როგორც პროფესიონალი.

- ზოგადად, კლასიკური მუსიკის, მით უფრო ოპერის მიღებაც და გაცემაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული,  რისი გავლა დაგჭირდა ამ ყველაფრისთვის?

- თუ, თვითკრიტიკაც მაღალი გაქვს და განვითარებისთვის იბრძვი, შენს ყოველ გამოსვლას აანალიზებ. 14 წლამდე ვმღეროდი საესტრადო რეპერტუარს, შემდეგ მოხდა ჩემი რელსების შეცვლა და გადავედი კლასიკურ მუსიკაზე. აქ, უკვე სხვანაირად დავიწყე ფიქრი, რადგანაც აქ, არ არის იმპროვიზაციების ადგილი. გარდა გემოვნებისა, გჭირდება დიდი განათლება და ტექნიკა, რომელიც რეგულაციასავით არის. ყველას თავისი ინდივიდუალური ხმის ტემბრი და შეფერილობა აქვს. ამ პროფესიის დაუფლება ძალიან დიდ ემოციურ ინტელექტს მოითხოვს იმიტომ, რომ ბევრი ემოციის მიღება-გაანალიზება და გადმოცემა გიწევს, თუმცა, მხოლოდ ემოცია არ არის, ვოკალურად იმდენად გამართული უნდა იყო, რომ შენმა ემოციებმა ხელი არ შეგიშალოს. ბევრი რამ იყრის ერთად თავს, მსახიობიც უნდა იყო, პოეტიც, რომ გადამლაშებულად არ გადმოსცე და მუსიკალური შეგრძნებაც უნდა გქონდეს თავისთავად. იტალიაში სწავლა, კიდევ იმით მეხმარება, რომ, როდესაც საუბარი დავიწყე იმ ენაზე, რაზედაც ვმღერი, ანუ, უკვე ვიცი რასაც ვმღერი,  განსაკუთრებულ ემოციებთანაა კავშირში და ამის გადმოცემა მსმენელთან ერთად, შენც განიჭებს სიამოვნებას.

- საქართველოში განვლილმა პროფესიულმა გზამ, გაგიმარტივა იტალიაში განათლების მიღება?

- ყველა გზა გვაძლევს გამოცდილებას და ის საფუძვლები, რაც კონსერვატორიამ მომცა, რა თქმა უნდა დამეხმარა განვითარებაში. ეს გამოცდილება ზურგს მიმაგრებს, თუმცა, ბევრი რამ მაქვს გამოსასწორებელი, რაც აქ, საოპერო კარიერის შექმნაში არ გამომადგება. კლასიკური მუსიკით უფრო კარგად ვხვდები ადამიანის ემოციებმა და მსოფლმხედველობამ რა გზა გაიარა, რადგან თითოეული საოპერო ნაწარმოები, ძალიან კარგად ასახავს ყველა ეპოქაში ემოციურ ფონს. როდესაც ამ ყველაფერზე ვფიქრობ, დიდი ენერგეტიკა მოდის, როცა ასრულებ ნაწარმოებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, სხვანაირი მოწიწება, პატივისცემა და პასუხისმგებლობა გაქვს. ჩემთვის ოპერა არის ინტელექტისა და სულიერების უმაღლესი საფეხური. ამიტომაც, ამ ყველაფრის ერთობლიობა და ხელოვნების სპეციფიკური სინთეზირების გადმოცემა, არც ისეთი მარტივია. ალბათ, ამიტომაც ვიღებდი თავიდან უამრავ შენიშვნას, რჩევებს და ასე იქნება სულ, რადგან გაზრდა და განვითარება, სწორედ, ამას მოიცავს. 

 

- ამბობთ, რომ მუსიკალური ტრანსფორმირების პროცესი, არც ისე მარტივად მიდის. ალბათ, დამეთანხმებოთ, რომ ყველა შრომას თავისი შედეგი აქვს...

- სიმართლე გითხრათ, თავიდან, როცა მითხრეს, რომ: "შეიძლება შენ საოპერო მიმართულებით გააგრძელო მოღვაწეობაო", ცოტა გამიკვირდა. როდესაც პირველად მივედი კონსერვატორიაში და მივიღე პირველი ნაწარმოები, დავაკვირდი შეგრძნებებს, როგორ ვმღეროდი, რა ენერგეტიკა მოჰქონდა და მომეწონა ხმის გამოდინება როგორც ხდებოდა, ასე ვთქვათ, მოვინუსხე  და როცა დავიწყე საოპერო ნაწარმოებების მოსმენა, მივხვდი, რომ თუ რამე ღირებულის კეთება მინდოდა, უნდა ამერჩია ეს გზა. როცა იტალიაში ჩამოვედი, ბევრი რამის გადახარისხება მომიწია, ბევრი შენიშვნაც მივიღე და მსტრესავდა, თუმცა ახლა, მეტად მოტივირებული ვარ და მირჩევნია მეტი შენიშვნა მივიღო, ვიდრე ქება, რომ განვვითარდე, მალე გამოვძერწო ჩემი თავი და ჩემივე შესრულებით მივიღო სიამოვნება.

- იტალია მდიდარია საოპერო შემსრულებლებით. თქვენს აკადემიაში თუ მოდიან ოპერის ცნობილი მომღერლები მასტერკლასების ჩასატარებლად?

- რა თქმა უნდა. ვისთანაც მქონდა შეხება, ჩემი ფავორიტი არის რაინა კაბაივანსკა. ის, კალასის შემდეგ მსოფლიოში ცნობილია, როგორცტოსკას როლის პირველი შემსრულებელი. ძალიან ბევრი ოპერის მოყვარულისთვის არის კერპი და უდიდესი ბედნიერებაა, როცა ასეთ ლეგენდასთან გიწევს შეხვედრა და მით უფრო - მუშაობა. არ მინდა ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ სიამოვნებით დავდგებოდი სცენაზე Lisette Oropesa-სთან ერთად. ჩემთვის ძალიან საინტერესოა თავისი მიდგომით, შესრულებით, პიროვნებითა და პროფესიონალიზმით.

- საზღვარგარეთ მიღებული მუსიკალური განათლება, რას აძლევს შემსრულებელს, რასაც საკუთარ ქვეყანაში ვერ მიიღებს?

- მუსიკალურ განათლებას, რომ გავემიჯნოთ, პიროვნულად გზრდის უცხო ქვეყანაში, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა, ადაპტაციის პერიოდი და ა.შ. ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც სხვანაირად ყალიბდები, აღმოჩენებს აკეთებ. რაც შეეხება, მუსიკალურ განათლებას, აქ, იმასაც კი სწავლობ, რომ შეგეძლოს რაღაცების არეკლვა. ყველა ქვეყანაში განსხვავებული სტანდარტებია, განსხვავებული მსმენელია, ამიტომ, გარემოს შეგრძნებაც უნდა გქონდეს განვითარებული და ეს ყველაფერი, რომ სინთეზში მოიყვანო, ანუ, გარემოსაც შეეწყო, შენი სტილიც არ დაკარგო და შეინარჩუნო ის, რაც განათლების სახით უკვე მიღებული გაქვს, ამისთვის, ძალიან დიდი გამოცდილებაა საჭირო, რომ სიმყარე და სიმტკიცე გქონდეს. გასაგებია ნიჭიც, მაგრამ ყველაფერს შრომა სჭირდება, მონდომების შედეგად, მწვერვალების დაპყრობაც შესაძლებელია. პირადად ჩემთვის, იტალიაში ყოფნა და განათლების მიღება, ფართო ასპარეზის შესაძლებლობაა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ საქართველოში მარტივია ამოწურო საკუთარი თავი. სამწუხაროდ, არ არის ის მდგომარეობა, რომ ქართველი მომღერალი იქვე დარჩეს და შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება, რადგან ამ პატარა ქვეყნისთვის, ზედმეტად ბევრი ნიჭიერი ოპერის მომღერალია (იცინის). როგორც იცით, საქართველოს, საოპერო სივრცეში, სახელი განთქმული აქვს არაერთი პროფესიონალი შემსრულებლით, ჩვენი ქვეყანა საოპერო მომღერლების საბადოა.

- როგორია ქართულ-იტალიური სინთეზი ოპერაში?

- ქართული ბუნებრივი მონაცემები და შესრულების იტალიური კულტურა, არის იდეალური კომბინაცია. ოპერის ყველა ქართველ მომღერალს, რაღაც დოზით, ეს გზა აქვს გავლილი და ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა მათი სმენა, რადგან საინტერესო აღმოჩენებს ვაკეთებ, თუ როგორაა შესაძლებელი ჩვენი ქართული მუსიკალური გემოვნების შერწყმა, სხვადასხვა ეროვნების შემსრულებლების ტექნიკასთან. მათი სმენა მეხმარება საკუთარ თავში რწმენა გავიმყარო, რომ ისინი ჩემი ქვეყნიდან არიან, მეც შემიძლია იგივე გზის გავლა. ერთგვარ, სტიმულს მაძლევენ, თან ვამაყობ, რომ ერთი ქვეყნიდან ვართ.

- იტალიაში ჩამოსვლიდან მალევე მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გამოჩნდით, როგორც საოპერო შემსრულებელი და საკმაოდ საინტერესო  შესრულებაც მოვისმინეთ...

- დიახ, ჩამოსვლიდან ერთ თვეში, კათოლიკურ არხზე გადაიცემოდა საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ტარდებოდა ქალაქ მარტინა ფრანკაში. მთხოვეს, რომ ერთი ნაწარმოები შემესრულებინა. საკმაოდ საპასუხისმგებლო ნომერი იყო, რადგან თავიდან არ იყო დაგეგმილი, რომ რამე უნდა შემესრულებინა და რეპეტიციის გარეშე მომიწია სცენაზე გასვლა. ჩანაწერშიც ჩანს, რომ ჩვეულებრივ, მსმენელის ფორმით ვიყავი მისული და მიზანიც ეს იყო, მივედი იმიტომ, რომ მომესმინა კონცერტი. ვიმღერე ისეთ შემსრულებელთან, რომელსაც უმღერია პავაროტისთან, დომინგოსთან და ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, რომ ამ სოპრანოსთან ერთად მე უნდა მემღერა. სიტუაციას ის უფრო ართულებდა, რომ ეს ქალბატონიც სოპრანო იყო და ორი სოპრანო, ხომ წარმოგიდგენიათ?!. თან, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან პირდაპირი ეთერი იყო და ჩემი ემოციების გამო, არ მინდოდა რამე შეცდომა დამეშვა, მაგრამ საბოლოოდ, ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა, რომ ძალიან ლამაზი მოგონება დამიტოვა იმ ემოციების, რაც ჩამოსვლის დღიდან მქონდა. წელსაც ვიყავი იგივე ღონისძიებაზე მიწვეული, ძალიან ცნობილ იტალიელ ტენორთან უნდა მემღერა, მაგრამ პირადი მიზეზების გამო, ამ ღონისძიებაზე წასვლა ვერ შევძელი.

- რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდით... როგორი იყო სამშობლოში დაბრუნება, ერთი წლის შემდეგ?!

- ერთი წელი, ალბათ, არც ისე დიდი დროა იმ ადამიანების გადმოსახედიდან, რომლებიც უკვე მრავალი წელია ემიგრაციაში არიან, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთვის პირველი იყო იმ სივრცისგან შორს ყოფნა, სადაც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი (24 წლის ასაკამდე მოვედი), რომ ახალი სუნთქვა გამეხსნა და ის ყველა მოთმენილი ემოცია მაშინ ვიგრძენი, როცა რაღაც დროის შემდეგ, ჩემს სამშობლოში ჩავედი. იქამდე, თავდაცვითი უნარი მქონდა, ზედმეტ ემოციურობას და ფიქრს ვერიდებოდი, კონცენტრაციას იმაზე ვახდენდი, თუ რისთვისაც ვიყავი ქვეყნიდან წასული და ა.შ.

- უკვე განათლების მიღების მეორე ნაწილი იწყება... როგორ შეაფასებდით საკუთარ შედეგებს და რა მოლოდინები გაქვთ შემდგომ ეტაპებზე?

- ახლა უფრო ადაპტირებულად ვგრძნობ თავს და ეს მეხმარება, რომ ისეთ რაღაცებზე არ ვინერვიულო, რაზედაც, მაგალითად, შარშან ვნერვიულობდი, ემოციური ენერგიაც და დროც თანაბრად მეხარჯებოდა. წელს უფრო იმ იდეებზე კონცენტრაცია ხდება და იმ დროის კარგად დაგეგმარება, რაც ჩემი საქმისთვის მჭირდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრად ნაყოფიერი წელი მექნება. გაიზარდა რეპერტუარის სირთულე, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ გაიზრდება ჩემი მეცადინეობის ინტენსივობა და დიდი იმედი მაქვს, რომ ტექნიკურად იმ მიზნებს მივაღწევ, რაც სცენებზე დგომისთვის მჭირდება.

მზეკო ჟვანია - იტალია/რომი

 

რუბრიკის, "წეროები მიფრინავენ" სპონსორია კვება მამუკასთან ერთად

სწორი კვება - გზა ჯანმრთელობისკენ!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735559174

საზოგადოება

„მე და ჩემი ოჯახი მთელი სიცოცხლე ვაკეთებთ ქართულ საქმეს და ამას ვაკეთებთ ჩუმად სიტყვების და ყვირილის გარეშე“ - გელა ფოცხიშვილი

„საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი”, გელა ფოცხიშვილისა და მაია კიკნაძის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. ხელმძღვანელი გელა ფოცხი...

გელა ფოცხიშვილი

1735556022

ახალი ამბები

„10 საათზე რომ იბარებ „მხარდამჭერებს“ სულ სხვა ლოკაციაზე და თან ატყუებ, ბევრ რამეს ისეთს ვიტყვი, რაც მომდევნო დღეებში ჩვენი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იქნებაო, ეს რევოლუციონერობა ან პოლიტიკოსობაა?!“ - თეა წულუკიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი  ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს მიმართავს. „გუშინ, ჩვენ პარლამენტის შენობაში შევიკრიბეთ 10 საათისთვის და ნახევარ საათში დარბაზში შესვლა დავიწყეთ. ინაუგურაც...

მინისტრი

1735551371

სოციალური მედია

„წამოიზარდა“ – ნუცა ბუზალაძე ლაშა ბექაურის ვიდეოს აშარჟებს

24 დეკემბერს სოციალურ ქსელში ოლიმპიურმა ჩემპიონის ლაშა ბექაურის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბექაური პორშეს მარკის ავტომობილით მიდის და თან გვერდით სავარძელზე ლომის ბოკვერს ეფერება.  სოციალურ ქსელში ბექაური...

ნუცა ბუზალაძე

1735546575

ახალი ამბები

„დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წარმატებულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველყოფას“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ელჩებს გაკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა, ღირსეულად წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე, რასაც ასე წარმატებით უძღვებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყა...

მიხეილ ყაველაშვილი

1735545699

საზოგადოება

„დღეს ილაკოს დღეა“ – დათო ხუჯაძის შვილი იუბილარია

მომღერალი დათო ხუჯაძე სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს იგი იუბილარია. „დღეს ილაკოს დღეა“, - წერს მომღერალი. მომღერალმა უამრავ მილოცვას მიიღო: „გილოცავ და ვულოცავ პრინცესას დაბი...

დათო ხუჯაძის შვილი იუბილარია