„საელჩო, მარტო დიპლომატების კი არაა, არამედ ის ჩვენი საერთო სახლია“ - ექსკლუზიური ინტერვიუ დავით დონდუასთან

- ბატონო ელჩო, თქვენ, როგორც საქართველოს უმაღლესი რანგის დიპლომატიური წარმომადგენელი საბერძნეთის სახელმწიფოში, ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობაში, რომელ საკითხს ანიჭებთ უპირატესობას? რა მიგაჩნიათ თქვენი დიპლომატიური ვადის მისიად?

- ზოგადად, საელჩოს პირველი ფუნქცია წარმომადგენლობაა. საქართველოს და საბერძნეთს დღეს არ გაუცნიათ ერთმანეთი და არაა გასაკვირი, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ ერთ-ერთი პირველი საელჩო ათენში გახსნა. მე მეხუთე ელჩი ვარ, ვინც საქართველოს  ელადის მიწაზე წარმოადგენს. მე აქ დამხვდა კარგად ორგანიზებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული საელჩო; საელჩო, რომელსაც იცნობენ, როგორც ბერძნულ საზოგადოებაში, ისე დიპლომატიურ კორპუსში. სადაც კი მივედი ყველგან ჩანდა ჩვენი საელჩოს ნაკვალევი. მეც ვცდილობ, კარგად დაწყებული საქმე, წარმატებითვე გავაგრძელო. ბუნებრივია, მაქვს საკუთარი, ახალი იდეებიც, რომელთა ხორცშესხმა უკვე დავიწყეთ.

ჩემი ერთ-ერთი მთავარი საქმეა შეხვედრები და კონსულტაციები საბერძნეთის ხელისუფლებასთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან, ბიზნესწრეებთან ათენსა და რეგიონებში. ასეთი რეგულარული კონტაქტები აუცილებელია, რომ ჩვენი პარტნიორები  კარგად იყვნენ ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენს ამოცანებსა და პრიორიტეტებზე, აგრეთვე იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ვხედავთ რეგიონსა და მსოფლიოში, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ქვეყანაზე.

გარდა ამისა, ჩვენი მოვალეობაა საქართველოს ხელისუფლებას სისტემატურად მივაწოდოთ ინფორმაცია  საბერძნეთსა და მის სამეზობლოში მიმდინარე პროცესებზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და საბერძნეთს ათასწლოვანი ურთიერთობა აკავშირებთ, მგონია, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა ბერძნულმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ, უკეთ გაიცნოს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, დიდ ყურადღებას ვაქცევთ კულტურულ დიპლომატიას.

საელჩოს მნიშვნელოვანი ფუნქციაა საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ეს ყველა საელჩოსთვის პრიორიტეტულია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა, ჩვენს საკონსულო სექციას ათმაგი პასუხისმგებლობა აკისრია.

ჩემი თაობა, ჩემზე ახალგაზრდებიც, იმ სახელმწიფოში დაიბადა და გაიზარდა, საბჭოთა კავშირს ვგულისხმობ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მოქალაქეებისგან გამიჯნული იყო. სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოებაში ძველი სტერეოტიპები გარკვეულწილად დღემდე არსებობს. ჩვენ, საელჩოს თანამშრომლები, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენს ხალხს გვერდში დავუდგეთ; ყველაფერი გავაკეთოთ მათი კეთილდღეობისთვის, რის საშუალებასაც ბერძნული თუ ქართული კანონმდებლობა გვაძლევს. საელჩოს ახალ შენობაში დიდი სივრცე დიასპორულ ორგანიზაციებს დავუთმეთ, სადაც გვექნება საშუალება ერთად ვუმასპინძლოთ სხვადასხვა ღონისძიებას. მე ბედნიერი ვიქნები, თუ საბერძნეთში ჩემი სამსახურის ვადის ამოწურვისას შემეძლება ვთქვა, რომ ბერძნულ სახელმწიფოსთან წარმატებული ურთიერთობის გარდა, შევძელი ჩვენი თანამემამულეები დამერწმუნებინა იმაში, რომ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ერთნაირად  გვტკივა და გვიხარია ჩვენი სამშობლოს ავ-კარგი; და რომ  საელჩო, მარტო დიპლომატების კი არაა, არამედ ის ჩვენი საერთო სახლია.

- რა მდგომარეობაა დღეს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საბერძნეთში და თქვენი აზრით, რამდენად შეძლო ქვეყანამ პროცესების მართვა?

თუ რამდენად შეძლო საბერძნეთის მთავრობამ პანდემიის მართვა, ამის შეფასება ჩემს კომპეტენციას სცილდება. როგორც პროფესიონალები ამბობენ, მიუხედავად აკრძალვების შემსუბუქებისა, პანდემია ჯერ არ დაძლეულა. თუმცა, მსოფლიო სტატისტიკას თუ გადავხედავთ,  საბერძნეთი ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე უსაფრთხოდ გამოიყურება. მაგრამ მარტო ინფიცირების სტატისტიკა, ალბათ არ არის საკმარისი პარამეტრი დასკვნების გაკეთებისთვის. მოგეხსენებათ, საბერძნეთი ტურისტული ქვეყანაა და პანდემიამ, პირველ რიგში, ეკონომიკის ეს დარგი დააზარალა. ვირუსის დაძლევასთან ერთად, მნიშვნელოვანია დროულად აღდგეს ტურიზმი და ეკონომიკა, მოსახლეობამ მოიშუშოს პანდემიისგან მიყენებული ჭრილობები და ქვეყანა  ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

- როგორია საქართველოს და საბერძნეთის ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები კოვიდპანდემიის ფონზე?

პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა ზოგადად ყველაფერში, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებშიც. მუშაობამ ძირითადად ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. სისტემატურად იმართება ონლაინ შეხვედრები, მინისტრების, პარლამენტარების, ბიზნესმენების. აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებში. საელჩოს ჰქონდა საუბრები და შეხვედრებიც აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებასთან; ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო წრეების წარმომადგენლებთან; როგორც ათენში, ისე რეგიონებში. შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით მუშაობის ჩვეულ რეჟიმს და მალე ველოდებით დელეგაციებს საქართველოდან.

- როგორია საელჩოს ინფორმაცია საბერძნეთის კოვიდინფიცირებულ ემიგრანტებთან დაკავშირებით, რამდენად ხელმისაწვდომი იყო ქართველი ემიგრანტებისთვის ის სახელმწიფო სერვისები, რომელთა საჭიროებებიც პანდემიის დროს წარმოიშვა. რა დახმარებით სარგებლობენ ისინი?

კოვიდ-19-ით დაავადებულების მკურნალობას საბერძნეთში სახელმწიფო კისრულობს. ინფიცირებულებს მხოლოდ სახელმწიფო საავადმყოფოებში იღებენ და ხარჯებს მთლიანად ქვეყნის ბიუჯეტი ფარავს. ერთნაირად მკურნალობენ ყველას, განურჩევლად წარმომავლობისა, მოქალაქეობისა და სტატუსისა. არავინ კითხულობს ესა თუ ის პიროვნება ლეგალურად ცხოვრობს საბერძნეთში თუ არა. ამდენად, ქართველებიც იგივე მომსახურებას იღებენ, რასაც ყველა სხვა.

- ბატონო დავით, რას გეგმავს საქართველოს საელჩო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კოვიდპანდემიისგან დაწესებული შეზღუდვების ფონზე?

სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჯერ არ იძლევა ხალხმრავალი შეკრებების საშუალებას. ასეთ პირობებში გადავწყვიტეთ ვირტუალურად მივულოცოთ ჩვენს თანამემამულეებსა და საქართველოს მეგობრებს ეროვნული დღესასწაული. ამ დღის აღსანიშნავად 26 მაისს შემოგთავაზებთ მოკლემეტრაჟიან ფილმს. გთხოვთ, თვალი ადევნოთ  საელჩოს ვებგვერდს და ფეისბუკგვერდს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ბერძნული ყოველთვიური ჟურნალის Diplomatic CD-ის მაისის ნომერში გამოქვეყნდა ჩემი სტატია. სტატიაში, რომელიც ქართულ და ბერძნულ ენებზეა, მიმოვიხილავ ორი ქვეყნის ურთიერთობას და იმ მთავარ ასპექტებს, რომლებიც საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვან მჭიდრო მეგობრობას განაპირობებს.

გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, 26 მაისს, საღამოდან, ათენის ომონიის მოედნის შადრევანი წითელ-თეთრ ფერებში განათდება.

- რას ნიშნავს თქვენთვის დიპლომატიური მისია და საკუთარი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლობა სხვა ქვეყანაში?

ერთი მხრივ, დიდი პატივია, იყო შენი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი უცხო ქვეყანაში. მეორე მხრივ, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ილაპარაკო და იმოქმედო საქართველოს სახელით.

პატარა და მსოფლიოს რუკაზე ახლად გაჩენილი ქვეყნის დიპლომატებს კი, ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფო ახლა იმკვიდრებს თავს საერთაშორისო არენაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, დიპლომატებმა ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო. ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, პირველი ქართველი ხარ, ვისაც შევხვდიო. ყოფილა ისეც, საერთოდ რომ არ სმენოდათ ჩვენი ქვეყნის შესახებ. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, მოეწონო იმას, ვისაც შენი ქვეყნის სახელით ელაპარაკები. ვინც პირველად შეხვდა საქართველოს წარმომადგენელს აუცილებლად განაზოგადებს მიღებულ შთაბეჭდილებას მთელ საქართველოზე.

- საერთაშორისო არენაზე ცნობადობა და აღიარება, როგორც ევროპული კურსის მქონე დამოუკიდებელმა სახელმწიფომ უკვე მოიპოვა. საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანაში კვლავ კრიზისია. როგორ ფიქრობთ, რა როლი აკისრიათ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს საზღვარგარეთის ქვეყნებში?

პანდემიის გამო, ეკონომიკურ პრობლემებს ვერავინ გადაურჩა. ამდენად ეკონომიკურმა დიპლომატიამ, დღეს ორმაგი დატვირთვა შეიძინა. დიპლომატები ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველომ დაიბრუნოს ტურისტისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსი. ვცდილობთ, ქართულ პროდუქციას მოვუძებნოთ გასაღების ახალი ბაზრები; მოვიძიოთ და წავახალისოთ უცხოური კომპანიები, რათა შემოვიდნენ საქართველოში, განახორციელონ ინვესტიციები და დანერგონ წარმოება, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

მართალს ბრძანებთ, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, საქართველომ არ დაკარგოს უსაფრთხო, სტაბილური ქვეყნის იმიჯი, რაც მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად და ბიზნესის გასავითარებლად. მაგრამ პარალელურად, სწორედ დიპლომატების საქმეა, რომ ჩვენი პარტნიორები და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები მუდამ საქმის კურსში იყვნენ, რას აკეთებს და ყოველდღიურად როგორ პროვოკაციებს გვიწყობს რუსეთი. ეს აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ და მეტად განვამტკიცოთ, ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც აქვს ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას.

დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობაც არ ვითარდება სწორხაზოვნად და ერთი მიმართულებით. ერთი ქვეყნის მეორისადმი მეგობრობა და მხარდაჭერა თავისით არ მოდის და მუდმივიც არაფერია. სახელმწიფოების ინტერესებიც იცვლება, გარემოებებიდან გამომდინარე. იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები და პრობლემატიკა მუდამ იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში,  დიპლომატების, თავდაუზოგავი მუშაობაა საჭირო.

- ბატონო დავით, მოკლედ მოგვიყევით თქვენი კარიერული გზის შესახებ, რომელიც დღემდე გამოიარეთ, რათა მკითხველს უკეთესად გავაცნოთ თქვენი თავი.

უკვე ლამის 30 წელია დიპლომატიურ სამსახურში ვარ. ვიმუშავე, როგორც დედაქალაქში, ისე საზღვარგარეთ. აშშ-ის, ბელგიისა და ავსტრიის შემდეგ, საბერძნეთი მეოთხე ქვეყანაა, სადაც მომიწია სამსახური. ეს ქვეყანა ბავშვობიდან მიყვარდა და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ საქართველოს წარმომადგენელი.

პირველ ცხოვრებაში გეოგრაფი და პედაგოგი ვიყავი. ვმუშაობდი მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში. პარალელურად, ჩემივე შექმნილი სახელმძღვანელოებით, თბილისის მე-6 გიმნაზიაში ვასწავლიდი გეოგრაფიას და ბუნებისმცოდნეობას.

უკვე დიპლომატიური კარიერის პერიოდში, როცა თბილისში ვიყავი, ვცდილობდი სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექტორობაც შემეთავსებინა. ვასწავლიდი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლებს; დიპლომატიის თეორიასა და პრაქტიკას; მოლაპარაკებების ხელოვნებას. 

საერთოდ ახალგაზრდებთან მუშაობა ძალიან მიყვარს. ისინი არ გაძლევენ მოდუნების საშუალებას, გაიძულებენ მუდმივად ყველა დეტალის საქმის კურსში იყო და მათთან ერთად ვარჯიშობ კრიტიკულ აზროვნებაში.

- დიდი მადლობა ბატონო დავით, ინტერვიუსთვის და წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში!

გმადლობთ, რომ დამითმეთ ამდენი დრო.  წარმატება მინდა ვუსურვო თქვენს საინფორმაციო პორტალს, მის დამფუძნებელს, რედაქციას, და დაგიდასტუროთ, ჩემი და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერა.

 

ესაუბრა კოტე შენგელია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715189234

საზოგადოება

9 მაისს „წაჩხურობა“ აღინიშნება

წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს.  წელს...

წაჩხურობა

1715185347

ახალი ამბები

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელ...

დაკავებადაკავება

1715180797

ახალი ამბები

🎥 „ვთქვათ, მართლა პარალიზებული გაქვს ქალაქი, უკვე შენ სამოქმედო არ გაქვს, ჩამოიშლებიან...“ - რას ამბობს გიორგი ონიანი ჩანაწერებში

საინფორმაციო სააგენოტ For.ge ექსკლუზიურად მოპოვებულ მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის, ნიკა გვარამიას პარტია „ახალის“ წევრი გიორგი ონიანი ოპოზიციონე...

გიორგი ონიანი

1715179080

ახალი ამბები

„3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ“ - ზურა გირჩი ჯაფარიძე

პლატფორმა For.ge-ზე მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება. „3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეში არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ...“, - ჩან...

 ზურა გირჩი ჯაფარიძე

1715178606

ახალი ამბები

ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში პოლიცია შეკრება-მანიფესტის დროს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს იყენებს

შსს-ს ვიდეოკადრების კოლაჟს ავრცელებს, სადაც ასახულია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე, აშშ-ში პოლიციის მიერ ხდე...

მსოფლიომსოფლიო