მეუფე შიო: სიყვარული საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს ყველა ურთიერთობებს, ეს არ ეხება მხოლოდ პირად ურთიერთობებს, არამედ - საზოგადოებრივსაც, რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობებში, საზოგადოების აშენებისთვისაც მთავარი არის სიყვარული
„სიყვარული არის ადამიანის არსებობის საფუძველი, რომელშიც აისახება ღვთის ხატება... სიყვარული საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს ყველა ურთიერთობებს. ეს არ ეხება მხოლოდ პირად ურთიერთობებს, არამედ - საზოგადოებრივსაც, რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობებში, საზოგადოების აშენებისთვისაც მთავარი არის სიყვარული...“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) განაცხადა.
მეუფე შიომ მრევლს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.
დღეს ჩვენ ვფიქრობთ წმინდა ნიკოლოზის ღვაწლზე და იმაზე, თუ რა გვიანდერძა მან ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. მისი ცხოვრებიდან, მისდამი დაწერილი ლოცვებიდან, დაუჯდომლიდან ჩვენ ვიგებთ, რომ იგი ქადაგებდა სიმდაბლეს და თვითონაც უაღრესად მდაბალი ადამიანი იყო. აი, მის ტროპარში ასეთი სიტყვებია: „ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე“; წმინდა ნიკოლოზი ჩვენც მოგვიწოდებს სიმდაბლისკენ, რადგან წმინდა წერილი ასე გვმოძღვრავს: „ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ამ მადლში იგულისხმება სულიწმინდის ძალა და მადლი, საღვთო ენერგია, რომლის მოხვეჭაც არის ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი აზრი.
ამიტომ ჩვენ სიმდაბლის მცნებას უნდა ვასრულებდეთ ღვთისთვის, იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი ამოცანა, მაგრამ არ გვეგონოს, რომ თავისთავად სიმდაბლე არის მაცხონებელი; ეს საშუალებაა სულის ცხონებისთვის, იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანი გარეგნულად იყოს თავმდაბალი ან იმდაბლებდეს თავს სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ასეთ სიმდაბლეს არ ითხოვს ჩვენგან ღმერთი, არამედ ვინც თავს იმდაბლებს მართებულად, გონივრულად, ის ებრძვის თავის თავში ეგოიზმს, თავისმოყვარებას, პატივმოყვარებას იმისთვის, რომ მოიპოვოს მადლი, რომელზეც იყო საუბარი და ამით გახსნას თავის თავში საუკეთესო, რაც კი მოცემული აქვს ადამიანს და ყველაზე ძვირფასი, ეს არის სიყვარული, იმიტომ, რომ სიყვარული - ეს არის ადამიანის არსებობის საფუძველი, რომელშიც აისახება ღვთის ხატება. ზოგიერთი წმინდა მამა მას უწოდებს ასევე ღმერთის ანაბეჭდს ადამიანში.
სამწუხაროდ, ჩვენ ამ სიყვარულის ნიჭს ვამახინჯებთ, როდესაც მას მივმართავთ ჩვენი თავისკენ, როდესაც ვავლენთ ეგოიზმს, თავისმოყვარებას. ამ თავისმოყვარებაში ვგულისხმობ არა თავმოყვარებას ამ სიტყვის კარგი გაგებით, არამედ საკუთარი თავის მაამებლობას, რაც არის საშინელი ცოდვა, რომელიც ღმერთს გვაშორებს და რომელმაც ღმერთს დააშორა პირველი ადამიანი. ადამში გამოვლინდა ეს - თავის მოყვარება, ეგოიზმი; და მას შემდეგ ამასთან დაკავშირებულია ის მოვლენები, რომლებიც აღწერილია წმინდა წერილში, ბიბლიაში.
იმისთვის, რომ ჩვენს თავში აღვადგინოთ ეს დიდი სიწმინდე, ეს ღვთის ანაბეჭდი, აუცილებლად საჭიროა სიმდაბლე, რადგან, ვიმეორებ, მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის სულიწმინდის მადლი, რომელიც ხსნის ჩვენში ამ დიდ სიწმინდეს - სიყვარულს და გვაერთებს ღმერთთან. რა თქმა უნდა, სიყვარული არ არსებობს ერთგვაროვანი და ერთნაირი; ჩვენ, ყველას სხვადასხვაგვარად გვიყვარს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ჩვენი ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს სიყვარულს. სიყვარული საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს ყველა ურთიერთობებს. ეს არ ეხება მხოლოდ პირად ურთიერთობებს, არამედ - საზოგადოებრივსაც, რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობებში, საზოგადოების აშენებისთვისაც მთავარი არის სიყვარული, როგორც საფუძველი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნიკოლოზობის დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
წმინდა ნიკოლოზის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს საქართველო; წმინდა ნიკოლოზის შემწეობით სრულად გახსნილიყოს ჩვენში სიყვარულის ნიჭი, ღვთის სადიდებლად და ჩვენი სულების საცხონებლად, ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
1734760568
მსოფლიოგერმანიის საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა - არიან დაღუპულები
გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. როგორც გერმანული გამოცემა Spiegel წერს, ავტომობილი ხალხით სავსე მოედანზე შევარდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალუ...
1734725129
ჰოროსკოპი21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში ინიციატივას იჩენთ, კოლეგებს საკუთარ ცოდნას უზია...
1734720482
ჰოროსკოპი„მალე მოკრებილი ძალით ინათებს და მაცხოვარი დაიბადება!“ - გიორგი ლობჯანიძე 21 დეკემბრის მზებუდობაზე
21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ად...
1734719150
საზოგადოებაცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
„26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო - ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი)...
1734716701
სოციალური მედიანანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში აქტიურია. მისი პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მას ქმარი ბიზნესმენი ნიკა ნაყოფი...