"მათ კერძს ლუკმა არ აკლდებოდა, სამაგიეროდ, მათ თეფშებზე დამაგრებული სანთლები წვეთავდნენ, ილეოდნენ, თითქოს წამიერად, ჩვენ თვალწინ, ერთხელ კიდევ იბადებიან და იფერფლებიანო"

გამომცემლობების – „ინტელექტისა” და „არტანუჯის” მთავარი რედაქტორი, მწერალი ზვიად კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:
"მარაშნას მოლოდინი მაინც სხვა იყო.
ის არ ჰგავდა ახალი წლის პირველ დღეებში მობრძანებულ ქირსეს (რომლისთვისაც მთელი წელი ასუქებდნენ ღორს სოფელში), არც თანაფას (ენდროსფრად შეღებილი კვერცხებითა და ნაირ-ნაირი მოსაკითხით სასაფლაოზე გაკრეფილ ადამიანებს),
არც პერტობას…
სამზადისი წინა დღეს, უთენია იწყებოდა.
კაცები შეშას ვეზიდებოდით ტყიდან, დედა და ბებია ეზო-კარს გვიდნენ და ასუფთავებდნენ.
მერე ბუხარში ცეცხლი გაჩაღდებოდა, ახმიანდებოდა გამხმარი კუნძი და წვრილ-წვრილი ფიჩხი.
იმ დღისა და იმდღევანდელი სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო საკურთხი – მიცვალებულთა ულუფა.
ბებიაჩემი ისეთი მონდომებითა და მოწიწებით ამზადებდა საკურთხს თავისი მშობლებისა და დედამთილ-მამამთილისთვის, რომ მე და ჩემს ძმას გვშურდა, გვწყინდა, ბავშვურად გვჯეროდა კიდეც, რომ ჩვენ არ ვიყავით ასეთ პატივში.
– იმ ბარკალს ავიღებ, თუ შეიძლება, ჩემსას მოვრჩი უკვე, – ვამბობდი ყველას გასაგონად და მადიანად გავცქეროდი თეფშებზე განცალკევებით დაწყობილ ოხშივარადენილ კერძებს, თან მაინტერესებდა, რას იტყოდა ბაბუა, ნებას დამრთავდა თუ დამიშლიდა.
– აგერ ბარკალიცაა და რბილი ხორციც, – ამის პასუხად ბებია თეფშს გამომიწვდიდა, გადაიღეო.
ის საკურთხი მაინც იდუმალი და მიუწვდომელი ჩანდა.
თქვენც წარმოიდგინეთ: მაგიდაზე გადაფარებული ქათქათა ტილო, ზედ დალაგებული ძვირფასი ჭურჭელი, სუფრის ცალ მხარეს – მთელი ოჯახის დიდ-პატარა, მეორე მხარეს კი ისინი, ვინც მარადიულად იგულისხმებიან ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში. მათ კერძს ლუკმა არ აკლდებოდა, სამაგიეროდ, მათ თეფშებზე დამაგრებული სანთლები წვეთავდნენ, ილეოდნენ, თითქოს წამიერად, ჩვენ თვალწინ, ერთხელ კიდევ იბადებიან და იფერფლებიანო.
დაფერფვლაზე წინა ღამე – ჭეჭეთობა-ჭიაკოკონობა – მახსენდებოდა.
თავს მოვიჩიჩქნიდით – ავი სულებისგან, მაზაკვალებისგან დასაცავად თმაში ჩაწებებული სანთელი ადგილზე იყო.
არც სახელდახელოდ მოგროვილ „პაკრიშკებზე” გადახტომა-გადმოხტომის დროს ატრუსული, კვამლისსუნნაკრავი ტანსაცმელი ეწყო შეუფერებელ ადგილას – სარეცხში ეყარა…
ბებიას ახალი ხილი და ბოსტნეული შემოჰქონდა სუფრაზე.
თვალს ახარებდა და ოთახსაც სურნელებით ავსებდა ლანგრებზე დაწყობილი ვაშლი, მსხალი, ლეღვი, ყურძენი, ნესვი თუ საზამთრო.
ბაბუაჩემს უცნაური და მოულოდნელი ამბები ახსენდებოდა ასეთ დროს, – ერთი ქალი იყო ჩვენს სამოხიო-საახლობლოში, შვილის სიკვდილის შემდეგ ხილს და ტკბილეულს არ ეკარებოდაო.
ჩვენ გვიკვირდა, გაოცებული შევყურებდით, მისი შეთხზული და გამოგონილი გვეგონა, ის კი, ჩვენს გაკვირვებაზე:
– ადრე გლოვაც ღირსეული იცოდნენ, ახლა რომ გაფუჭდა და გაბითურდა ყველაფერი! – იტყოდა ხმამაღლა და დაბეჯითებით.
სოფელში ამბობდნენ, მარაშნამდე რამდენიმე დღით ადრე, ფერიცვალებას, მდინარეში ყინული ვარდება და ბანაობა არ შეიძლებაო.
წარმოვიდგენდი კიდეც, როგორ შეიძლებოდა, წყალში ყინული ჩავარდნილიყო: ალბათ, მთის მწვერვალიდან, სათავიდან დაუყვებოდა, მთელ შენაკადებს მოედებოდა, დაიქსელებოდა, გაფართოვდებოდა და ფსკერამდე უწევდა.
ამიტომაც დღემდე ვერ გამიბედავს შემოდგომაზე მდინარეში შესვლა, ასე მგონია, ყინულით გაჭექილი წყალი ფილტვებზე შემომიდგება, სუნთქვას დამიხშობს და ჩამითრევს სარკესავით დაწმენდილ, აუმღვრეველ მორევში...
მანამდე კი – კიდევ ერთი მარაშნა მოდის.
მარიამობას გილოცავთ!", - წერს ზვიად კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1740319989
ახალი ამბები„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა საპატიმრო შეწყალების აქტის შედეგად დატოვა“ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პა...
1740314106
საზოგადოებაგუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-...
1740313990
საზოგადოება„მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიერ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ“ - მეუფე შიო
„მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიერ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)...
1740311272
მსოფლიო2002 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ტანკები შეიყვანა
2002 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ტანკები შეიყვანა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალები ჯენინის რაიონში კონტრტერორისტულ ოპერაციას აფართოებენ. გავრ...
1740308183
მსოფლიო„როიტერი“ - სერგეი ლავროვი უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების განსახილველად ხვალ თურქეთში ჩავა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ თურქეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ლავროვი თურქეთში უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამარ...