„უნდა გითხრა, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა“ - ვასილ მაღლაფერიძის ღია წერილი ყოფილ მეგობარს

ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე წერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სახელწოდებით – „ღია წერილი ყოფილ მეგობარს“.
როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, თანადასანქცირებულთაგან ყველას უდასტურებს პატივისცემას და ამ სიაში მისი ყოფნა დიდი პატივია.
„ღია წერილი ყოფილ მეგობარს.
ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის და, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – რადგან, თურმე ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს ვთხრით და „ჩინეთის, რუსეთის და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრას“ ვუწყობთ ხელს.
უნდა გითხრა და გაგაწბილო, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, თუმცა თანადასანქცირებულთაგან ყველას ვუდასტურებ პატივისცემას და აქვე იმასაც გეტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა.
არც ამ დასანქცირების მომთხოვნ კონგრესმენებთან მაქვს პრეტენზია, რადგან, საკუთარ ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემების ფონზე, მაინც მოიცალეს და მათთვის სრულიად უცნობი ადამიანებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. ესე იგი, ასეთი ცხოვრების წესი აქვთ, ეს ჰგონიათ სწორი საქციელი და რა გაეწყობა?!
მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ერთი დაპატიჟებით სტუმრად არ მიდიან და თუ დამასანქცირებენ, აღარ ჩავალ მათთან და ეგ იქნება, თუმცა ჩემს კარს ღიას დავტოვებ – საქართველოში სტუმარი ღვთისაა!
თუმცა, პატივცემულ კონგრესმენებს მოკრძალებით ერთს კი შევკადრებ, რჩევა ბატონი ჰოლდენ კოლფილდისთვის რომ ეკითხათ, დარწმუნებული ვარ, კატეგორიულად ურჩევდა, რომ ამ მოთხოვნისთვის ხელი არ მოეწერათ (თუ ვინმემ აქამომდე არ იცოდა – დასანქცირების მოთხოვნა, სინამდვილეში, საქართველოშია დაწერილი და კონგრესმენებმა მხოლოდ ხელი მოაწერეს).
ჩემო ყოფილო მეგობარო, ხომ გახსოვს, ბოლშევიკები რეპრსიებს, რითი ამართლებდნენ?! ხალხის მტრები კომუნიზმის აშენებაში და ამქვეყნად სამოთხის დამყარებაში გვიშლიან ხელსო.
მაგიდის უჯრაში ბაბუის და დიდი ბაბუის განაჩენები მიდევს – ხალხის ნათელი მომავლის გუშაგებმა ამხილეს, რომ გურჯაანში ვენახებს ანადგურებდნენ, სანქციებიც გამოუწერეს და სიძე-სიმამრი ორ კვირის ინტერვალით დახვრიტეს. წვრილშვილიანი ოჯახი სახლიდან გამოყარეს და დედაჩემი და დეიდაჩემი ასე ხალხის მტრის იარლიყით გაიზარდნენ. ეს ჯოჯოხეთი უამრავმა ქართულმა ოჯახმა გამოიარა. კომუნიზმი კი რატომღაც არ აშენდა, არც სამოთხე დამყარდა, სამაგიეროდ წლების შემდეგ, ფარატინა ქაღალდი მოვიდა, შეგვეშალა, ტყუილად დაგვიხვრეტიაო.
ბაბუაჩემზე ვინც „დანოსი“ დაწერა, ან სახლი უნდოდა მისი, ან – სამსახური, ან რაიმე ბოღმა ჰქონდა, იცოდა, რატომაც ასმენდა. ასეთები, ნათელი მომავლის აშენების საბაბით, ხან ეშაფოტზე ერეკებოდნენ ხალხის მტრებს, ხან გაზის კამერებში აგზავნიდნენ, ხანაც კედელთან აყენებდნენ – მათ ქონებას კი ინაწილებდნენ. ასეთების რაობა გარკვეულია, ფულს და გამორჩენას ელიან, მათ მიმართ კითხვა არა მაქვს.
მაგრამ, „დანოსჩიკი“ მარტო ვერაფერს გახდებოდა, სხვებიც რომ არ ყოფილიყვნენ, რომელთაც თავი დაირწმუნეს, რომ ბაბუაჩემი ვენახებს ანადგურებდა, რადგან ასე აწყობდათ, ან შეეშინდათ, ან იქნებ, სულო ცოდვილო, ამ საქმიდან რაღაც ხეირს თავადაც ელოდნენ. ჰოდა, შერჩენილი სინდისის ნატამალი დაიმშვიდეს, ალბათ, რაღაცას აშავებდნენ, თორემ ტყუილად ხომ არ დააბრალებდნენო, ყოველი შემთხვევისთვის, ჩეკისტების მიერ აწიოკებული ოჯახიდან ქვაბი, ტაფა ან ტაშტი გააყოლეს ხელს და კომუნიზმის მშენებლობა განაგრძეს. დახვრეტილთა ცოდვა ამ სხვებზეც ისევეა, როგორც „თავად“ დანოსჩიკებზე.
მიბრძანდი საჯარო ბიბლიოთეკაში, გადახედე ოცდაათიანი წლების პრესას (მაშინ სოციალური ქსელები არ იყო) და ნახავ, როგორი აღტკინებით გმობენ ხალხის მტრებად შერაცხულ კოლეგებს, მეგობრებს, ნათესავებს და მშობლებსაც კი, რომლებიც ნათელი მომავლის მშენებლობაში უშლიან ხელს.
ოღონდ არ მითხრა, რომ დრო იყო ისეთი და რა უნდა ექნათო?! აგერ შენც ხომ დაიჯერე, თურმე ქვეყნის ღერძი გადავხარე, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს ვთხრი და ნათელი მომავლის მშენებლობაში გიშლი ხელს?!
პატივცემული კონგრესმენები არც შენ გიცნობენ და არც მე, სამაგიეროდ შენ დიდი ხანია, მიცნობ, თუმცა მაინც კონგრესმენებს დაუჯერე! კონგრესმენები ტყუილად ხომ არ დამაბრალებდნენ, ღერძი გადახრაო?! კონგრესმენები ხომ შეუმცდარნი არიან და თუ ისინი გეტყვიან, რომ ბომბეიმდე გვირაბამდე გვირაბს ვთხრი, სხვა რა გზა გაქვს, უნდა დაუჯერო. თუმცა, კონგრესმენებმა აქედან რა „დანოსის“ წერილიც მიიღეს, იმას დაადეს რეზოლუცია და აწი მოგიწევს ამ „დანოსის“ ავტორთა მეგობრობის ტვირთის ზიდვა.
თანაც რა კამფეტივით ბრალდებაა – „ჩინეთის, რუსეთის და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრა“, ამას მოფიქრება ხომ უნდოდა, ასეთ რამეს რომ დაგაბრალებენ, თავად უნდა დაიხალო ტყვია შუბლში?
„დანოსის“ ავტორები სიხარულით დავლურს უვლიან, ეს რა ბედნიერი დღე გაგვითენდა, კონგრესმენებმა სანქციების დაწესება მოითხოვესო, იმედი აქვთ (სულ ტყუილად!!!), ის დრო დაბრუნდება, როცა დასმენა და კედელთან მიყენება ერთი იყო და აქედან ხეირს ნახულობდნენ?!
მათი რაობა გარკვეულია! საკითხავი ის არის, შენ რა დაგემართა?!
ჩემო ყოფილო მეგობარო, მიმოიხედე შენს ირგვლივ, ვის შეკვეთილ მუსიკაზე ცეკვავ, ადრე მათთან ერთად გავლის შეგრცხვებოდა?!
მართლა დაიჯერე, რომ ევროკავშირში შესვლაში მე გიშლი ხელს, ბაბუაჩემმა ვენახები გაანადგურა და ჩელიაბინსკში ცხოვრება მინდა? ასეთი სულელი რომ არ ხარ?! აბა კარგად დაფიქრდი, იქნებ კი არ დაიჯერე, არამედ თავი განზრახ დაირწმუნე, იმიტომ, რომ ასეთი ქცევა მოდურად გეჩვენა, იმიტომ, რომ ცოტა მიგაშინეს, თუ სულმა წაგძლია და რაიმე სარგებელსაც ელი. ასეა თუ ისე, „დანოსჩიკთა“ თანამზრახველად იქეცი, მაქედან ვეღარ გამოხვალ!
აღთქმული სამოთხის მოლოდინში ერთხელ ხომ გამოგვიყენეს და ჯოჯოხეთი გამოგვატარეს და რამდენ ვერცხლად გიღირს გამოუცდელი ახალგაზრდების ისევ იმ ჯოჯოხეთში დაბრუნება. რამდენიმე კვირაღა დარჩა და ყველასთვის ნათელი გახდება, უკრაინული გზა რასაც მოუტანდა ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში ამ ახალგაზრდებს. ყველაფერი რომ გაცხადდება, მერე რას იტყვი, რა მექნა, დრო იყო ასეთიო?! დროს უკან ვეღარ დააბრუნებ, ვერც „დანოსებით“ ააშენებ სამოთხეს და ნათელ მომავალს მომავალს და ვერც ევროკავშირში შეხვალ.
ეს მსოფლიო ალიაქოთიც გადაივლის, სანქციებიც და მაქციებიც ყველას დაავიწყდება, დავავიწყდებით იმ კონგრესმენებსაც, რომელთაც არც არასდროს ვხსომებივართ, სამაგიეროდ შენ არასდროს დაგავიწყდება „დანოსი“ რომლის თანამონაწილეც ხარ.
P.S. ჩემო საბრალო ყოფილო მეგობარო, ყოველი შემთხვევისთვის ეგ სანქცია შუბლზე მიიკარი, სადმე რომ არ დაგეკარგოს!“, – წერს მაღლაფერიძე.
1742926252
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის
ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვ...
1742924150
ახალი ამბებიპაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია
იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია და დესტაბილიზაცია, - გან...
1742922159
ახალი ამბებიპარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში, სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმა...
1742920523
მსოფლიოირანი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეჯერებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს
ირანი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შეთანხმებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო სა...
1742920353
საზოგადოებალატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ეროვნული სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს Comtrade პლატფორმის მონაცემების თანახმად, ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლატვიამ ჩაანაცვლა გერმანი...