სპეციალური საგამოძიებო სამსახური საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქალაქ თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თითოეულ შემოსულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება მოახდინა. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 343 პირი, მათ შორის 49 ჟურნალისტი.

„აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

სამსახური დეტალურად სწავლობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილსა და მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების, ასევე სხვა წყაროებიდან მოპოვებულ ჩანაწერებს, რომელთა ჯამური ხანგრძლივობა 1400 საათს აღემატება.

მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 59 პირის ტანსაცმელი, რომელზეც ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები დაინიშნა.

დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა.

ასევე, მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასა და დაშავებულ მოქალაქეთა დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავების გამოკითხვები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ, დაზარალებულის სტატუსი უკვე 52 პირს მიენიჭა.

სამსახური აქციაზე დაშავებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას იყენებს, ამ მიზნით თითოეულ მათგანს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, მათი დაზიანების დოკუმენტირებისთვის კლინიკებიდან ხდება სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვა, გამოძიება სწავლობს გამოკითხვაში მათ მიერ დაფიქსირებულ ყველა გარემოებას. თითოეულ პირს და მათ უფლებადამცველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა, მაქსიმალურად ინფორმირებული არიან მიმდინარე გამოძიების პროცესის თაობაზე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, ასევე, აქტიურად აწარმოებს გამოძიებას 2024 წლის 7 დეკემბერს, ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა 52 პირი.

თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე, გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილიდან და მიმდებარე ქუჩებიდან მოპოვებულ სამეთვალყურეო ვიდეო კამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, პირთა იდენტიფიცირების, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მომართვის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით 2025 წლის 16 იანვარს ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, რომელშიც დაცულ მასალას შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდება.

პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონებზე და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთებზე, მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა.

გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები ტარდება.

მიმდინარე ექსპერტიზებთან დაკავშირებით, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ცნობილი არიან დაზარალებულად.

საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

სამსახური გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით მიაწვდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737112108

ახალი ამბები

„1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს“ - კახა კალაძე

„ოპოზიციის წარმომადგენლები გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების...

კახა კალაძე

1737110576

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ზაგულბას სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მ...

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

1737109588

ახალი ამბები

კახა კალაძე: მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და სხვებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია, არც რუსეთის მოქალაქე ვარ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს და სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს ჰქონია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კითხვაზე, მოგზაურობის დროს მხოლოდ საზ...

კახა კალაძე

1737105236

ახალი ამბები

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ბაქოში მიწის ნაკვეთი დაათვალიერეს, სადაც საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს, საელჩოს შენობისთ...

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმ

1737104747

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ირანის პრეზიდენტს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი სერგეი ცივილევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და...

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა