"მე მინდა იცოდეთ, ვინ იყო ნიკო" - ნიკო კვარაცხელიას 16 წლის დის, კატო კვარაცხელიას ემოციური წერილი ძმას

თბილისში, ვერაზე ჩაცხრილული ნიკო კვარაცხელიას 16 წლის დის კატო კვარაცხელიას ემოციურ წერილს ძმისადმი, ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ნიკოს 16 წლის და კატო

ნიკო იყო ჩემი გმირი!

მეგობრებმა საქართველოზე მოყოლა მთხოვეს, იმ ქვეყნის შესახებ, საიდანაც ვარ.

უნდოდათ მეტი სცოდნოდათ ისტორიაზე, ენასა და ხალხზე.

მე სულ  სიამოვნებით ვლაპარაკობდი მდიდარსა და განსაკუთრებულ ქართულ კულტურაზე, გამორჩეულ სამზარეულოზე, საოცარ მთიან პეიზაჟებსა და ჩვენს უცნაურ, მაგრამ საოცარ ენაზე.

ჩემთვის ხომ საქართველო სულ ხალისითა და ნოსტალგიით სავსე, მომნუსხველი ქვეყანა იყო, დღეს კი ის სისხლით მორწყული მიწის ნაგლეჯი გახდა ჩემთვის, სადაც ჩემი ძმა შეუბრალებლად მოკლეს. 

რატომ იყენებენ ჩვენს უცნაურსა და საოცარ ენას, ტყუილების გასავრცელებლად? რატომ ცდილობენ დამნაშავეების უდანაშაულოდ წარმოჩენას? რატომ აი რატომ??

 არ მინდა, ჩვენი მშვენიერი, მთიანი პეიზაჟები უდანაშაულო ხალხის სისხლმა დაფაროს, არც ის მინდა, ჩვენს მდიდარსა და განსაკუთრებულ კულტურას ჩირქი მოსცხოს ზოგიერთი ახალგაზრდა ბიჭის სასტიკმა, წინდაუხედავმა საქციელმა.

ძალიან მიჭირდა იმის გააზრება რომ ნიკო აღარ მყავდა!

სამოქალაქო პირები, სოც ქსელები, ტელევიზიები უკვე 40 დღეა გაუჩერებლად წერდნენ ნიკოზე, სადაც ჩემს ძმას დიდებულ ადამიანად მოიხსენებდნენ, მაგრამ მე  მინდა იცოდეთ, ვინ იყო ნიკო იგი  უფრო მეტს წარმოადგენდა, ვიდრე ჭკვიან, ახალგაზრდა ბიზნესმენს, ის იყო ჩემი გმირი. 

მნიშვნელობა არ ჰქონდა, დიდი პრობლემები

მქონდა, თუ პატარა, აუცილებლად მეტყოდა: „ნუ ღელავ, გამოსავალს მოვძებნით“, და ყველა ძალას იხმარდა, რომ მაშინვე გადაეჭრა.

მას ჰქონდა უნარი, ნებისმიერი მღელვარება გაექარწყლებინა.

უდავოა, ჩემი ძმა ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია იყო, უდიდეს პატივს ვცემდი ის უშრეტ ენერგიას ასხივებდა, მასთან დროის გატარება კი ერთი სიამოვნება იყო.

იყო დრო, როცა ცხოვრებისეული მიზანი დავკარგე, მოტივაცია გამიქრა და ცუდი ფიქრების ზღვაში ვიძირებოდი; ეს იყო იმ არასტაბილურობის ნაყოფი, რომელიც ჩემს ოჯახს დააწვა მხრებზე.

მართალია, მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ უზრუნველად ვიცხოვროთ, მაგრამ გაუთავებლად ვიცვლით ქვეყნებს, ამ დროისთვის ოთხი სკოლა, და სახლი შევიცვალე, სათვალავი ამერია.

როდესაც ნიკომ ჩემი გასაჭირის შესახებ შეიტყო, ოთახში შემოვიდა და დიდხანს ვისაუბრეთ.

ზუსტი დეტალები არ მაქვს, ეს ყველაფერი ხომ სამი წლის წინ მოხდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, ბოლოს სირცხვილი და უხერხულობა ვიგრძენი.

ნიკო დამეხმარა იმის აღმოჩენაში, რომ ცხოვრება უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ცუდი ფიქრები, სკოლა, ნიშნები და უცხო ხალხის აზრები, ვუსმენდი მის ლაპარაკს და მცხვენოდა, რომ მზად ვიყავი, ასე მარტივად დავნებებოდი.

ნიკომ მასწავლა, რომ ცხოვრება არ არის წყევლა, ის არის საჩუქრად მიღებული შანსი, რომლითაც რაღაც დიდებულს შევქმნი.

ნიკოს ყოველ სტუმრობაზე ასე მეგონა, სახლში ბედნიერების დიდებულმა ტორნადომ ჩამოიქროლა, ის გაუთავებლად გვიზიარებდა თავის იდეებსა და ახალ ინტერესებს.

ხშირად დავცინოდი, იმიტომ რომ ყოველ მოსვლაზე, ახალი აკვიატება ჰქონდა, პატარაობიდან ასეთი იყო:

რაღაცას მიაგნებდა
— აპლიკაციას, წიგნს, ბრენდს, ნახატს, ნებისმიერ რამეს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) — დიდხანს იკვლევდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა, სანამ შენც თავისებურად არ დაგაინტერესებდა.

მოყოლის მართლაც გასაოცარი ნიჭი ჰქონდა, თითქოს ჰიპნოზს გიკეთებდა: ეს გახლდათ მისი ერთ-ერთი დიდებული თვისება, რომლისაც ყოველთვის მშურდა.

ლარაპაკი ბევრს შეუძლია, არც ინტერესების გაზიარება ეშლებათ, მაგრამ ნიკოს შეეძლო მსმენელისთვის თავის გონებამდე მისასვლელი ბილიკი გაეკვალა და ნება დაერთო, ყველაფერი თავისი თვალით დაენახათ; იმ ადამიანის თვალით, რომელიც შეყვარებული იყო სიცოცხლესა და სწავლაზე.

ჰოდა, მართლა მაინტერესებს, რამ აიძულა ვიღაც, მთელი სისასტიკით დაეხალა ჩემი ძმისთვის ათი ტყვია ნიკოს ოპტიმიზმი ხომ არ იყო? ან ოჯახის სიყვარული? თავდადებული შრომა? უბრალოდ, მაინტერესებს, რა იყო ასეთი უპატიებელი, რომ ვიღაცამ ჩემი 22 წლის ძმის სიცოცხლე მოსაცილებელ წინაღობად დაინახა მხოლოდ უფრო მეტიც, ეყო უნამუსობა, გაიქცა, დაიმალა და იზეიმა.

ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას შევჯახებივარ, თუმცა ეს შემთხვევა ენით აღუწერელია.

და, როცა ჩემი 10 წლის ძმა მეკითხება, ეს რატომ მოხდაო? დაღლილი თვალებიდან ცრემლები რომ სდის, რა ვუპასუხო? როგორ უნდა აუხსნა ასეთი რაღაც ბავშვს, რომელიც ბედნიერი ელოდა შინ დაბრუნებასა და ძმასთან შეხვედრა, ვისთან ერთადაც ატარებდა თითქმის მთელ თავისუფალ დროს.

რა ვუთხრა, რომ გონება გაუნათდეს? როგორ ავუხსნა, რომ ვიღაცამ რამდენიმე თვე ჩემი ძმის სიცოცხლესთან გამოსალმების მომზადებასა და დაგეგმვაში გაატარა, თანაც ჩვენი სახლის წინ, ქუჩაზე, სადაც ღამით მარტო ვსეირნობდი, ქუჩაზე, სადაც ჩემი უმცროსი დედ-მამიშვილები მრავალჯერ გასულან ნიკოსთან სტუმრად, ქუჩაზე, რომელსაც სკოლისაკენ მიმავალები დედაჩემის მანქანით გავდიოდით.

დღეს ეს ქუჩა ჩემი ძმის მკვლელების აუხსნელად სასტიკი ცოდვებით არის დასვრილი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კითხვებს პასუხი შეიძლება არასდროს გაეცეს, ერთადერთი ეს ფიქრი მამშვიდებს, რომ ჩემი ძმა ახლა უკეთეს ადგილას არის; შორს, ამ სიბინძურისგან ჰოდა, მაღლა იფრინე, ნიკო იმედი მაქვს, მალე შევხვდებით.

როგორც აღმოჩნდა, უშენოდ სიცოცხლე არაფერია, მხოლოდ ტანჯვა და აგონია",- აღნიშნულია ნიკო კვარაცხელიას დის წერილში.

ნიკოლოზ კვარაცხელიას თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ის კლინიკაში გარდაიცვალა. შსს-მ საქმეზე ორი პირი დააკავა. როგორც ერთ-ერთი დაკავებული აკო ჭელიძე აცხადებს, მისთვის აღნიშნული მკვლელობა არავის არ დაუკვეთავს, თუმცა მოტივი თუ რატომ მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი კვლავ უცნობია.

ამავე თემაზე:

📌"ოჯახის გადაწყვეტილებით, დააწესებენ ნიკოს სახელობის სტიპენდიას" - ნინო ზამბახიძე

📌"ნუ შეფუთავთ ამ ამბავს კრიმინალურ გარჩევად, არ დამიმახინჯოთ სიმართლე" - ვერაზე ჩაცხრილული ნიკა კვარაცხელიას მამიდა

📌შსს: ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია

📌ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე პირველ კომენტარს აკეთებს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730891103

საზოგადოება

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბენეფიციარი დაიღუპა

„მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.  მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლ...

ხანძარი ბათუმში

1730889332

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამ დროისთვის მან მან ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია. ამის შესახებ CNN იუ...

ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1730885933

მსოფლიო

ტრამპი: მე არ ვაპირებ ომების დაწყებას, მე ომების დასრულებას ვაპირებ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ახალ ომებს არ დაიწყებს, არამედ უკვე არსებულ კონფლიქტებს დაასრულებს. „მე არ ვაპირებ ომების დაწყებას. მე ვაპირებ, რომ დავასრულო ისინი“, - თქვ...

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1730883971

საზოგადოება

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრ...

საბერძნეთი

1730882226

საზოგადოება

ამიკო ჩოხარაძეს დაბადების დღე აქვს - როგორ ულოცავენ იუმორისტს იუბილეს

ქართველი იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე, რომელიც ეკრანებზე წლების განმავლობაში აღარ ჩანდა, სატელევიზიო სივრცეს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და მაყურებლის გულიც გაახარა. ყველასთვის საყვარელ და მონატრებულ იუმორისტ...

ამიკო ჩოხარაძე