ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა და ქართული ენის დაცვასა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით „ქართული ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგები და გამოვლენილი ტენდენციები. კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის ცოდნის დონე უმჯობესდება და წლიდან წლამდე მატულობს სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა, რაც ძირითადად სტრატეგიის ფარგლებში გათვალისწინებული მექანიზმებისა და პროგრამების დანერგვას უკავშირდება.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქართული ენის მაღალ დონეზე შესწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად, კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით გაგრძელდება კონსოლიდირებული ძალისხმევა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობები და 2030 წლისთვის დასახული გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები წარმატებით იქნეს მიღწეული.

ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის მნიშვნელობაზე, დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კვლევის შედეგების შესახებ მოკლე ანგარიში დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის „საზოგადოებრივი დამცველის“ მიერ მომზადდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ისევ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, რომელიც ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დაცვის მიზნით, ჩვენს ქვეყანაში 47 წლის წინ განვითარებულ ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება და რომელსაც ჩვენ ეროვნული ღირსების შეგრძნებით და უდიდესი დაფასებით აღვნიშნავთ.

დღეს, ჩვენი პასუხისმგებლობაა არა მარტო დავიცვათ და განვავითაროთ ქართული ენა, არამედ ხელი შევუწყოთ, განსაკუთრებით ჩვენს არაქართულენოვან მოსახლეობას, სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებაში. ამ კუთხით, ჩვენს მიერ 2030 წლისთვის დასახული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარე შუალედური შეფასების ეტაპზე, სწორედ ქართული ენის დღის აღნიშვნას მივუძღვენით ჩვენს მიერ ინიცირებული ფართომასშტაბიანი დამოუკიდებელი კვლევის შედეგების და მიღწეული პროგრესის პრეზენტაცია.

დღესდღეობით, ჩვენს სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, დღითი დღე იზრდება სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა და დონე, რაც ნამდვილად ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შედეგია, რასაც ჩვენ მომავალშიც თანმიმდევრულად განვაგრძობთ იმისთვის, რომ სრულფასოვნად მივაღწიოთ ჩვენს საბოლოო მიზნებს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744722958

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გა...

მიხეილ ყაველაშვილი

1744722546

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7544 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7545 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1744718990

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ამომრჩეველს დავპირდით, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოში, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ

„ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული...

ლევან მაჭავარიანი

1744717794

ახალი ამბები

თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს

თბილისში დაკარგული ბავშვები - ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე იპოვეს. არსებული ცნობით, დაკარგული ბავშვები გლდანში იპოვეს. „ჩემთან ერთად არიან დაკარგული ბავშვები და დამიკავშირდნენ მშობლები. ვერ გწერ...

არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს

1744716027

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ვასწორებთ იმ პოლიტიკურ, თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და აკადემიური სივრციდან გააგდო

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი უმაღლეს სასწავლებლებში, ბაკალავრიატზე ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობი...

ლევან მახაშვილი