ქართველი ემიგრანტი კონკიას ისტორია - “როცა მეკითხებიან დავბრუნდები თუ არა, ვერაფერს ვპასუხობ და ამ დუმილში წლები გადის”
სოფო კორტავას, საქართველოში ბევრი იცნობს, ძირითადად ჟურნალისტურ წრეებში. მისი ენერგია და შრომისმოყვარეობა, ხშირად შემშურებია. როცა საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა, არ გამკვირვებია, რადგან ჟურნალისტობა, საქართველოში, ერთ-ერთი იმ „უმადურ“ პროფესიებს შორის, სადაც ბოლომდე იხარჯები და ფაქტობრივად ენთუზიაზმზე გიწევს ცხოვრება, უფრო არსებობა და განსაკუთრებით, რეგიონებში.
ხშირად უთქვამს, ემიგრაციაში წასვლა, ჩემი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყოო. თუმცა, ამავე დროს, ალბათ, ასევე ყველაზე სწორიც. ამ გადასახედიდან ამბობს, რომ ოცნებებს გასაქანი უნდა მივცეთ და ვიმოქმედოთ.
ძალიან გულწრფელი ინტერვიუ ექსკლუზივტივი-მ, სოფო კორტავასთან, გერმანიაში ჩაწერა.
სოფო, მადლობა, რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე. მოდი, თავიდან დავიწყოთ. ვინ არის სოფო კორტავა და რატომ გადაწყვიტე მიგრაციაში წასვლა?
საქართველო, კონკრეტულად ფოთი, 2016 წელს დავტოვე. ამ გადასახედიდან ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც ცხოვრებაში მიმიღია, მაგრამ ამავდროულად ბევრი არ მიფიქრია, ცივი გონება ჩავრთე და ისე ვიმოქმედე. მოგეხსენებათ, რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების ანაზღაურება საკმაოდ მწირია, ადგილობრივ მედიაში დასაქმება არ იყო საკმარისი, მე და ჩემს მეგობრებს თითქმის ენთუზიაზმზე გვიწევდა მუშაობა, აუცილებლად დამატებითი სამსახური გვჭირდებოდა, რაც ხან გამოდიოდა ხან-ვერა.
ჟურნალისტიკა ბავშვობიდან მინდოდა. ვფიქრობ, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ამ სფეროში თავს და ის საქმეა, რომელიც ყველაზე კარგად გამომდის, წერა ჩემთვის ყველაფერია. სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღაში“, შეიძლება ითქვას გავიზარდე. რადგან, ძალიან პატარამ, 17 წლისამ დავიწყე მუშაობა. ვიყავი რადიო „ჰარმონიის“ მუსიკალური წამყვანი. შემდეგ, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი და ახალი ამბების წამყვანი. იმ 9 წლიდან, რომელიც ჟურნალისტიკაში გავატარე, არც ერთ დღეს არ ვნანობ, არის და დარჩება ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეებად.
როცა საქმეს გულით აკეთებ და გიყვარს, დაღლას ვერ გრძნობ. მალევე, ჩემი უახლოესი ჟურნალისტი მეგობრის ლაშა ზარგინავას დახმარებით, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ რეგიონული კორესპონდენტი გავხდი და თითქოს „ამოვისუნთქე“, მაგრამ სოციალური პირობები მაინც არ მქონდა ისეთი, როგორიც მინდოდა ყოფილიყო.
მე და დედა მარტო ვცხოვრობდით. ერთ დღესაც ძალიან დავიღალე, ალბათ, ზოგჯერ პროფესიის სიყვარულს არსებული რეალობა წონის... მქონდა რთული პერიოდი პირად ცხოვრებაშიც და ასე ვთქვათ ყველა მიზეზი იმისა, რომ რაღაც ახალი დამეწყო და რეალობა შემეცვალა. დავიწყე ჩუმად გერმანული ენის შესწავლა, ოჯახს ვუმალავდი, ვიცოდი, რომ მამა ძალიან ინერვიულებდა, როცა ჩემს გადაწყვეტილებაზე გაიგებდა. როცა მისაღები გამოცდა ჩავაბარე და გერმანიის საელჩოში ვიზა ავიღე, მხოლოდ მაშინ გავუმხილე ოჯახსა და მეგობრებს, რომ წასვლას ვაპირებდი. ამ პერიოდში ყველაზე მეტად ვიგრძენი ახლობლებისგან თუ რა მნიშვნელოვანი ვიყავი მათთვის. დარჩენას მთხოვდნენ, მაგრამ როცა რეალობა არ იცვლება, შენ უნდა შეცვალო. ერთ დიდ გაჩერებულ მატარებელს დაემსგავსა ჩემი ქალაქი და არსებული მდგომარეობა. გვინდა თუ არ გვინდა დღეს და მაშინაც, ყველა გზა ფინანსურ პრობლემამდე მიდიოდა. ერთი მხრივ ძალიან კარგია, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ როგორც „თევზი წყალში ისე ხარ“, მაგრამ მწირი შემოსავალი ძალიან დიდ როლს თამაშობს, გადაწყვეტილება ერთი უბრალო შემთხვევის შედეგად მივიღე - სამსახურიდან შინ მიმავალს, მახსოვს დედამ დამირეკა და მთხოვა, სახლში პური მიმეტანა. 50 თეთრი ღირდა მაშინ პური, გავხსენი საფულე და ვნახე, რომ პურის ყიდვას ვერ შევძლებდი. ვიდექი ასე „ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც ქალაქს აზანზარებდა“ თავისი სიუჟეტებით,. სრულიად ჯიბეგამოფხეკილი. აი, მაშინ გავბრაზდი საკუთარ თავზე და ვთქვი, რომ ან ახლა შეცვლი და ან სულ ასე იქნები! ჰო-და, შევცვალე.
ამბობ, რომ რთული იყო წასვლა, მაგრამ რამდენად რთული იყო უკვე წასულზე უცხო ქვეყანაში ცხოვრება და თავის დამკვიდრება?
გერმანიაში საკმაოდ ცნობილი პროგრამის Aupair-ის ფარგლებში ჩამოვედი, თავიდან ბავარიის მიწაზე, მიუნხენთან ახლოს ვცხოვრობდი. საკმაოდ ტრადიციულ გერმანულ ოჯახში, სადაც სამი ბავშვის მიხედვა მევალებოდა. ულამაზესი პატარა სოფელი იყო. ბავარია, ცოტა რთული მიწაა და ადაპტირება ორ მხარეს შორის საკმაოდ გაგვიჭირდა, ბავშვები ჩემი სისუსტეა და ასე ვთქვათ ერთგვარი „ნარკოტიკი“, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა ეს ყველაფერი. ძალიან პატარები იყვნენ, შეჩვევა გაუჭირდათ, სულ დედას ითხოვდნენ, რის გამოც ოჯახმა საქართველოში დაბრუნება დამიწერა, დრო ძალიან ცოტა მქონდა თითქმის ორი კვირა, რომ ახალი ოჯახი მომეძებნა და ჩემი მეგობრის ბექა მეფარიშვილის დახმარებით მალევე ვიპოვეთ. ასე გადმოვედი ჰესენის მიწაზე და ფრანკფურტში ორი მოზარდის ძიძა გავხდი. გოგოები დიდები იყვნენ, 11 და 13 წლისები, რის გამოც ურთიერთობა მალევე ძალიან დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი და სხვათაშორის ამბობენ, რომ ძალიან ვგავართ კიდეც ერთმანეთს. დღემდე ამ ოჯახის წევრად ვითვლები და მათივე საკუთრებაში არსებულ სახლში ვცხოვრობ. ძიძად მუშაობის შემდეგ, გერმანულ სოციალურ პროგრამაში ჩავერთე და ერთი წელი ხანდაზმულ ადამიანებზე ვზრუნავდი, საკმაოდ კარგი სამსახური იყო და დღემდე მაქვს კონტაქტი გერმანელ მოხუცებთან, რომლებიც ძალიან მიყვარს. ამის შემდეგ მედიცინის განხრით გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება, გერმანიას აქვს ძალიან კარგი და ეფექტური პროგრამა, რაც ქართულად პროფესიული განათლების დაუფლებას ნიშნავს. მინდოდა მამიდების გზას გავყოლოდი, მაგრამ ჩემი გერმანული ენის ცოდნის დონე არ აღმოჩნდა საკამარისი, სწავლის პროცესი ძალიან გამიჭირდა, რის გამოც კონტრაქტი გამიწყვიტეს და ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი. პირველად მაშინ ვიგრძენი რას ნიშნავს იყო ძლიერი ქალი და რქებით მიდიოდე მიზნის მისაღწევად. წარუმატებლობამ მაჩვენა-ეცემი, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ წამოდგე და გზა განაგრძო. შიშველი ხელებით ისევ „ომში“ მომიწია დგომამ. ამჯერად, მართალია, პურის ფული მქონდა, მაგრამ გერმანული ბიუროკრატიის წინაშე უნდა გამეგრძელებინა ბრძოლა. საკმაოდ რთული ქვეყანაა, უამრავ ქაღალდთან გაქვს საქმე. თითქმის ორი კვირა და მეტი სჭირდება კონკრეტული საბუთის მოგვარებას, მაგრამ ერთი განსაკუთრებული თვისება რაც ბავშვობიდან მაქვს ის არის, რომ ძალიან მიზანდასახული ვარ, დავდექი ჩემოდნებით ხელში და ცხოვრებაში ყველაზე ისევ რთული გადაწყვეტილება მივიღე.
თუმცა ჩემოდნები გამოსავალი არ არის, საბოლოოდ როგორ გაგრძელდა შენი გერმანული ცხოვრება?
ფოთში პროფესიული კოლეჯი მაქვს დამთავრებული, სასტუმრო საქმის განხრით. გადავწყვიტე, ისევ ამ გზას გავყოლოდი. მინდოდა, ამ სფეროში ევროპული განათლება მიმეღო და გამეღრმავებინა. სავიზო განყოფილებაში შევედი და დრო ვითხოვე, რომ ახალი სამსახური და სწავლის ადგილი მომეპოვებინა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამართლებაა, მაგრამ იქვე იმასაც ვამბობ, რომ ჩემმა მონდომებამაც დიდი როლი ითამაშა. ხომ შემეძლო სახლში დავბრუნებულიყავი, მაგრამ არა! ვთქვი, რომ ამ ომს აუცილებლად მოვიგებდი!
სწავლას უკვე ვამთავრებ, მესამე წელია, რაც საკმაოდ ცნობილ სასტუმროში ვმუშაობ და ჩემმა შრომამ შედეგიც გამოიღო. სწავლის დასრულების შემდეგ კომპანია კონტრაქტს მიგრძელებს, რაც ავტომატურად ნიშნავს ვიზის მიღებასა და ქვეყანაში დარჩენის უფლებას. ორჯერ გავხდი საუკეთესო თანამშრომელი, ფუტკარივით ვარ, ვიცი თუ არ ვიცი მაინც ვაკეთებ. მინიმუმ, მცდელობას ხომ მაინც დავანახებ ამ დროს დამსაქმებელს.
გიჟდებიან, არ არსებობს რამე არ გამოგივიდესო, მეუბნებიან. ასეთი ვიყავი ჟურნალისტობის დროსაც, გადაღებიდან მოსულს ტექსტიც მზად მქონდა და უკვე სამონტაჟო მაგიდაზე თავად ვამონტაჟებდი. ჩემი მეგობარი თეა აბსარიძე, რომელიც მაშინ საინფორამციო სამსახურს ხელმძღვანელობდა ხუმრობდა - „ეს ვიღაცას გადარევსო„. ჰო-და, გამომივიდა, უცხოელი კოლეგებიც გადავრიე. გერმანელებს არ უყვართ ზარმაცები, როცა ხედავენ შენს მონდომებას, ცდილობენ დაგეხმარონ.
კარგია, როცა სამსახური გაქვს და შენი სიტყვებით თუ ვიტყვით-პურის ფულიც, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის...
ეს ყველაფერი არ არის, გეთანხმები. ძალიან რთულია, როცა ცხოვრებას ყველა სფეროში თავიდან იწყებ, მარტოობა არასდროს მიყვარდა და ვინც მიცნობს, იცის რომ სულ აქტიური ვარ. აქ კიდევ დროზე ხარ დამოკიდებული, ზოგჯერ არავის დანახვა არ გინდა, ემოციების დეფიციტია ადამიანებში. თითქმის სულ ცივი გონებით უნდა იმოქმედო, რაც პიროვნულად ძალიან მიჭირს. ძალიან გულიანი ვარ და ხშირად ჩემი გულით მიღებული გადაწყვეტილებები მაზიანებს. რთულია, რა თქმა უნდა, გერმანია, ძალიან ბიუროკრატიული ქვეყანაა. უყვართ წესრიგი, თუ ჩვენთან კონკრეტული საბუთის მოწესრიგებას მხოლოდ ერთი საათი სჭირდება აქ ეს ყველაფერი 3 კვირა გრძელდება. ლოდინია ის, რასაც ვერ ვსწავლობ ვერასდროს და არ მიყვარს. ენის ბარიერი გრთგუნავს- ჩამოდიხარ და შენთვის უცხო ადამიანს უცხო ენაზე უნდა ეკონტაქტო, უნდა შეეცადო გაიგო, მას გაუგო, აქაურ კულტურას მოერგო, წესები დაიცვა. დილის ოთხის ნახევარზე ვდგებოდი, რომ სამსახურში წავსულიყავი. აქ ამ დროს იწყება ცხოვრება. აქ როცა ხარ, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას. თუ სამსახურში ხარ, იმ გუნდის ნაწილი უნდა იყო. არავის აინტერესებს გამართულად მეტყველებ თუ არა. გვინდა თუ არ გვინდა ისინი ყოველთვის დგანან წინა პლანზე და ჩვენ „სტუმრები“ ვართ. ცხარე ცრემლებითაც მიტირია და ჩემოდნით ხელშიც ვმდგარვარ, როცა ძალიან დავღლილვარ და მიფიქრია უკან დაბრუნებაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ქვეყანა ვერ მაძლევს იმას, რაც ძალიან მჭირდება. კი, რა თქმა უნდა, ევროპაში სწავლა ძალიან საოცნებოა ყველასთვის და ძალიან გამიმართლა, მაგრამ აქვე ვაღიარებ, რომ ფინანსებიც დიდ როლს თამაშობს და აქ მხოლოდ იმიტომ არ ვარ, რომ დიპლომს ავიღებ. ვცდილობ, საკუთარი ცხოვრება ფინანსურად უზრუნველვყო. შესაძლოა, ვიღაცას არ მოეწონოს ჩემი გუალხდილობა, მაგრამ დღეს ყველა გზა გვინდა თუ არ გვინდა ფულამდე მიდის. მიმუშავია დამლაგებლად და ვეებერთელა სახლები მილაგებია, გერმანელებს უყვართ სისუფთავე და ერთი ოთახის დალაგებას ზოგჯერ მთელი ორი საათი ვანდომებდი. თუმცა, ყველაზე მაგარი განცდაა ცხოვრებაში, როცა პატიოსანი შრომით, შენი მიზნისკენ მიდიხარ. იმდენჯერ მხვდება დაბრკოლებები, მიკვირს კიდეც, რომ სართოდ ისევ აქ ვარ.
ბევრჯერ ახსენე გერმანიაში ცხოვრების და შეგუების სპეციფიურობა, როგორ შეეგუე საბოლოოდ?
ექვს წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მივხვდი, რომ გერმანია შორიდან ჩანს სხვანაირი. რეალურად კი, აქ მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც კარიერულ წინსვლაზე არიან ორიენტირებული, მართლა ომში ყოფნა უწევთ. წარმოიდგინეთ უცხო ენაზე ისეთი საკითხების შესწავლა, როგორიცაა ბიოლოგია, ფილოსოფია, მედიცინა ... ჩვენ, ქართველები, სულ სხვანიარი ერი ვართ-ემოციებით სავსე. აქაურობა კი, ერთი ძალიან დიდი რობოტული ქარხანაა, სადაც ლამის ყველა ცივი გონებით მოქმედებს, მუშაობს.
ბუნებით ძალიან ემოციური ვარ და ბევრ საკითხს ისე ვუდგები, რომ ჩემს ბევრ გერმანელ მეგობარს უკვირს, ეუცხოვება, მე მათი მიკვირს და ასე მუდმივ გაურკვევლობაში მიწევს ყოფნა .....
ფრანკფურტი, სადაც ვცხოვრობ პატარა საქართველოა. სტუდენტური და ბიზნეს ქალაქია. ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს აქ და მიმდებარე ქალაქში. არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი, რომლებიც ჩემთვის მისაბაძები არიან. სწავლობენ, მუშაობენ და ცდილობენ უცხო ქვეყანაში მასპინძელ და სხვა ეროვნების სტუდენტებს გაუტოლდნენ. ეს ყველაფერი ხომ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, ნერვებს, ენერგიასა და მოთმინებას.
შორიდან ძალიან ლამაზია ყველაფერი, აი, როცა შენ თავად აღმოჩნდები ახლოს, მერე ხვდები, რომ რადიკალურად სხვა რაღაცაა. ვერ ვიტყვი, რომ სწორია დამკვიდრებული სტერეოტიპი-უცხო ქვეყანაში ქართველთან ურთიერთობა ცუდია. უბრალოდ, დისტანცია ყველა ურთიერთობაში მნიშვნელოვანია და ამასაც აქ ცხოვრების განმავლობაში სწავლობ.
საქართველოს და შენი ურთიერთობა-ახლა რა გაკავშირებს, გარდა ოჯახისა და ახლობლებისა შენს ქვეყანასთან?
ძალიან მწყდება გული, რომ საქართველოში ხშირად ვერ ჩავდივარ. ერთ–ერთ ჩასვლაზე, სადებიუტო წიგნის პრეზენტაცია მქონდა. ბავშვობიდან ვწერდი და სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი. არასდროს მიფიქრია ამ ამაზე სერიოზულად, რადგან ვიცოდი, რომ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სულ ვამბობდი, რომ თანხის არ ქონის გამო არ გამომივიდოდა , ერთხელაც უკვე გერმანიაში ვიყავი, როცა მორიგი ჩანახატის წაკითხვისას ჩემი მეგობრის, ჟურნალისტ თამთა დოლიძის შეტყობინება მივიღე, რომ დრო იყო დამეწყო ამ საკითხზე ფიქრი და წიგნზე მემუშავა, მეც დავიწყე.
ვმუშაობდი დამატებით. ვალაგებდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში სახლებს, შევაგროვე თანხა და პრეზენტაციის დღეს ფოთს ვესტუმრე.
ორგანიზატორებმა, ია გორგოტაძის ხელმძღვანელობით და მე გადავწყვიტეთ, რომ საქველმოქმედო საღამო გამოსულიყო და წიგნის რეალიზების თანხით ფოთში მცხოვრებ 10 ოჯახს საკვები პროდუქტებით დავხმარებოდით, ეს ხომ ჩემთვის ნაცნობი თემა იყო...
საქართველოში ჩემს გერმანელ ოჯახთან ერთად ვიყავი, რომლებიც აღფრთოვანდნენ ჩვენი ქვეყნით. ზოგადად, არამარტო მათ, არამედ ყველა გერმანელს ძალიან უკვირს, როგორ მივდივართ ჩვენი შესაძლებლობებით წინ . პრეზენტაციის შემდეგ სხვანაირი თვალით მიყურებდნენ, დამლაგებელი და ძიძა უცებ სხვა რაკურსით, სხვა შესაძლებლობებით დაინახეს. ვხუმრობდი, თავი კონკია მგონია თქო. გული სავსე მქონდა სიამაყისა და მადლიერების გრძნობით. მინოდოდა მათთვის მეჩვენებინა, რომ ჩვენ ქართველი ახალგაზრდები ყოველთვის მოტივირებულები ვართ. სამომავლოდ, ვაპირებ წიგნის გერმანულ ენაზე თარგმნას და ამისთვის რიგი სამუშაო დაწყებული მაქვს კიდეც. ძალიან ბევრ დროს ვუთმობ წერას. დრო კი იმდენად ცოტა მაქვს აქ, რომ თითქმის საერთოდ არ მძინავს. წარმატება, დიდი შრომის შედეგია.
უცხო ქვეყანაში, რაღაც გამოგივიდეს ეს კიდევ უფრო მეტია. შესაბამის სიტყვებს ვერ ვუძებნი ისეთი განცდაა.
ძალიან რთული ცხოვრებისეული გზა გაიარე, სოფო. არ არის ამ ყველაფრის შემდეგ მარტივი, რასაც შენს თავზე ჰყვები „ცხოვრებას ომი მოუგო“, რას ეტყვი ახალგაზრდებს, რომლებიც ასევე თავდაუზოგავად ცდილობენ, შენი გზის გავლას?
მინდა ყველა ახალგაზრდამ ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს ერთი რაღაც იცოდეს, რომ დასახულ მიზნამდე მისვლა, უზარმაზარი კიბეა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიარო. წარმატება მარტივად არ მოდის და ბევრჯერ ამ კიბეებზე ასვლის დროს საწყის მდგომარეობას დაუბრუნდებით, მაგრამ რამდენჯერაც „ჩამოგაგდებთ“ ცხოვრება, იმდენჯერ გააგრძელეთ ასვლა! იმეგობრეთ საკუთარ თავთან და მოუსმინეთ მას. შრომა არ დაიზაროთ, ის აუცილებლად გამოიღებს შედეგს. საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რომ ძალიან რთული პერიოდი მქონია ცხოვრებაში. ვიცნობ ცხოვრებას, რომელსაც მძიმე სოციალური პირობები ჰქვია. 90 -იანელი ვარ. შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ ბევრჯერ ოჯახს ღუმელი, რომ გაგვეთბო, საჭირო შეშას ტყიდან ზურგით ვეზიდებოდით. დღემდე მახსენდება ეს პროცესი, როცა მე და ბებია გავუყვებოდით შორეული ტყის გზას და საღამოს მთელ სახლს ვათბობდით. ეს იყო ყველაზე თბილი გარემო, რაც კი მახსენდება. დედას გეფიცებით, ჯართიც კი შემიგროვებია. იყო წლები ჩვენს ცხოვრებაში, როცა მეც და ბევრი ჩემი თანატოლი მაშინ ამ გზას ვადექით. სკოლის გარდა, ვეხმარებოდით ოჯახს.
წაიკითხავს ამ ინტერვიუს ბევრი ჩემი ნაცნობი და თავსაც ამოიცნობს, სულ ასეთი ვიყავი, სულ...
პატიოსანი შრომა არ არის სირცხვილი, მახსოვს ბევრჯერ ჩემი მეგობრების ტანსაცმლებით მიცხოვრია ... ხედავთ? როგორ ცვლის მონდომება ყველაფერს? ჩემს ბავშვობაში არ იყო ინტერნეტი, არ იყო გაცვლითი პროგრამები ისეთი მასშტაბით, როგორიც დღესა, ამიტომ გამოიყენეთ ყველა შანსი, ყველგან მიდით, ყველგან სცადეთ.
ვიცი, რომ ყველას არ შეუძლია იყოს ძლიერი, მაგრამ მოძებენთ საკუთარ თავში ძალა. ის ყველას აქვს უბრალოდ უნდა იპოვოთ. დასაწყისი ყოველთვის რთულია, მაგრამ დაიწყეთ.
ახლა, ჩემი ცხოვრება ერთ დიდ ზღაპარს ჰგავს... ტყეში მიმავალს ან ჯართის შეგროვბით ხელებდაკოჟრილს ბევრჯერ მიფიქრია ოცნებების ახდენის მითიურობაზე. ახლა კი, ამაში დარწმუნება არ მჭირდება.
ევროპის თითქმის ყველა ქალაქი მოვიარე, ჯადოსნურ ადგილებში მიმოგზაურია. რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ, ვუმკლავდები ყველა რთულ გარემოებას. ჩემი ცხოვრების საიდუმლო ასეთია-სიყვარულია გზა, რომელსაც არ უნდა გადაუხვიო.
სოფო, დაბრუნდები?
არ ვიცი დავბრუნდები თუ არა, დედაც ხშირად მეკითხება და ვერაფერს ვპასუხობ, უბრალოდ ვდუმდები და ამ დუმილში უკვე მეექვსე წელი დაიწყო ...
ასევე საინტერესოა:
🔵18 თვის ბავშვის მკვლელობისთვის, მამობილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
🔵„ხალხი კი არაა ბნელი, ბნელი არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა“ - თამარ ჩერგოლეიშილი
1730878437
ჰოროსკოპი„ერთადერთი რამ რაც არ ღირს, ახალ სამუშაოზე გადასვლაა“ - რას ამბობს ხათუნა ნოელი დღევანდელ ასტროლოგიურ მოვლენაზე
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 6 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახე...
1730875291
ჰოროსკოპი„რთული დღე გაქვთ, თავს იჩენს პრობლემები... ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, ვინც მეგობარი გეგონათ“ - 6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია. ეს დღე საკმაოდ საინტერესოა, სასურველი არ არის დღე აქტიურად გაატაროთ, პირიქით რაც უფრო მშვიდ გარემოში იქნებით, მით უფრო კარგია თქვენთვის. დღეს ნანახი სიზმრე...
1730868822
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
6 ნოემბერს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმში დღისით ჰაერი +...
1730835243
ჰოროსკოპი6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ფინანსური თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავების განლაგება დაუგეგმავ შემოსავალს ან ხელფასის გ...
1730829507
ახალი ამბებიპაატა იმნაძე: ვაქცინის გაკეთება შეიძლება ყოველთვის, მთავარია იმ მომენტში არ გქონდეს მწვავე დაავადება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გრიპის ვაქცინის დანიშნულებაზე ისაუბრა. იმნაძემ მოსახლეობას გრიპის ვაქცი...