„საქართველოს ყველა კუთხეს საკუთარი მზის ამოსვლა აქვს, სამეგრელოში მზე მზე აღარ არის - უკვე ბურთია... ხვიჩა დაინახა, მასთან მეგობრობა მოუნდა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და პლეიოფის საგზური მოიპოვა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა, 4 ქულა მოიპოვა და 1/8 ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.

30 ივნისს ქართველები მერვედფინალში ესპანეთს, ტურნირის ამ დრომდე საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდებიან. სავსებით შესაძლებელია, კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება გაგრძელდეს. გარდა იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილი ყველაფერს იგერიებს, რაც მისი კარისკენ მოემართება. ამასთან გიორგი მამარდაშვილი ყველაზე მეტ მეტოქეს, სწორედ ესპანეთის ლიგიდან იცნობს.

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარი საავტორო წიგნიდან, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა, საზოგადოებას ამონარიდს უზიარებს.

წიგნს სახელად  „ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“ ჰქვია. 

„საქართველოს ყველა კუთხეს საკუთარი მზის ამოსვლა აქვს.

რაჭაში ფრთხილად, ყველა გამღვიძებლის გათვალისწინებით ამოდის, თითქოს გრძელი წინადადებაა და ყველაზე ზარმაცისთვის დააყოლებს ფეხათრეულ სხივს, სახელად - „ქვეშენიჭირიმე“.

გურიაში ფაცხა-ფუცხით ამოირბენს, საკუთარ თავს ეკითხება: რაფერ ხარ? როის ამოი? როის ჩახვალ? და ჩადის.
ქართლი სხვადასხვანაირია და ერთი მზე ვერ ეყოფა. ცოტა დასავლეთით მზე ისე ამოგორგალდება, თითქოს თონედან ცხელი და მრგვალი პური ამოიღესო. ცოტა აღმოსავლეთითაც იგივეა, ოღონდ პურს ოდნავ გვერდები აქვს შებრაწული.

ხევსურეთში ბევრი მზე ამოდის ერთად - ყველა კოშკის სარკმელში თითო მზე შედის და ბებერ ქვებს ათბობს.
ფშავში მზე თითქოს სისხლია, დაჭრილ ცას ღრუბლის კალთიდან მოწვეთავს და გამხმარ კლდეებს რწყავს, მერე ცოცხლდებიან ეს კლდეები, ძარღვებად ხეების ფესვები ებერებათ და მშვენიერი სანახავია ეს სიცოცხლე.

გუდამაყრის მზე გუდამოკიდებული ამოდის, გუდაში ვარსკვლავები უყრია და გზაზე პენტავს. დახრილ შარაზე ბავშვი რომ შემოგეყრება და წარბსმიღმა ამოგხედავს, მაშინ მიხვდები სად გადმოყარა მზემ ვარსკვლავები.

თუშეთის მზე ციცაბო ცის ბილიკზე მიდის, გგონია, რომ სადაცაა ჩამოვარდება, მაგრამ არასდროს მართლდება ვარაუდი.

მოხევეთა მზე ისე მკვრივია, თითქოს წითელი ქვა დაახეთქეს გაყინულ ტბას - ზეცას ბზარავს მოხევეთა მზე.
მთიულების მზე ლამაზი და პატიოსანია - ისე ამოდის, თითქოს ლოცულობს და რაღაცას ინანიებს, ოღონდ ეს რაღაც არასდროს რომ ჩაუდენია.

იმერეთი სხვადასხვაობს და იმერეთშიც რამდენიმე მზე ამოდის. ლიხს ახლო იმერული მზე ცელქია, ასკინკილათი მოხტუნაობს და სხივებს კენჭებივით ესვრის ფანჯრებს. შუა იმერული მზე ცოტა მორღვეული ჩოხით ამოიწვერება, ხან თეთრია ეს ჩოხა-ღრუბელი, ხან ნაცრისფერი. მერე მუხლს შემოდებს რომელიმე მთაზე, შეისვენებს და აწეული წარბით შეგვათვალიერებს. იქითა იმერული ტყუპია შუასი, ოღონდ ეგ არის, რომ ჩოხა კარგად ამოკემსილი აქვს.

აფხაზური და ოსური მზე არ მიგრძნია, მხოლოდ მოყოლით ვიცი და სიტყვებიდანც ჟონავს მათი სითბო, ახლა მტრის უფანჯარო ციხეში გამომწყვდეული.

ლეჩხუმის მზე ხელგაშლილი ამოდის. ამოდის და დაუკითხავად გეხუტება, გამთბარი ხის სახლის სუნი აქვს ამ ჩახუტებას და მარანში შენახული ზამთრის ვაშლის გემო. ეს ერთიც და მეორეც თხრობით მაინც უნდა იცოდეთ, თორემ ძნელად გაიგებთ ამ ჩახუტებას.

კახეთში მზე დარბაისლური დოინჯით გადგება თავზე და დაჟინებით გიყურებს. ისეთია მისი მზერა, თუ არ ადგები, კარგ ღონიერ პანჩურს რომ გიმზადებს. ვერ შეედავები. კახური მზე ყველაზე მართალია.
სვანური მზე ისეთი პირდაპირი და სუფთაა, სულ რომ უცოდველი იყო, თვალებში ვერ ჩახედავ. შეგრცხვება რაღაც დიდის და მიუწვდომლის.

სამცხე-ჯავახეთში რომ მზეა, ეგ მზე ისე გავიცანი, რომ ამოვიდა განა ცაზე, პირდაპირ აივანზე ამოვიდა და სხივები ძნასავით მიაწყო და ღიღინით მეზობელთან გადავიდა მალევე სხვა ძნით. ასე სახლ-სახლ ამოდის მესხური მზე.
დუშეთის მზე ლოცვას ჰგავს, მოხუცი ქალის ლოცვას, თითქოს ცოტა გაურკვეველს და ყველაზე წმინდას - როცა ამოდის, ცოტა წვიმასაც ამოაყოლებს. ცვარივით დევს მერე ეს წვიმა ლოცვაზე ამოსულ ფრთხილადმწვანე ბალახებზე.

აჭარული მზე განდაგან ამოიცეკვებს. ხულოიდანა, ქედაში ჩერდება, თუთუნს იყიდის და სანაპიროზე გააბოლებს. დაუძახებ და ყურსაც არ გათხოვებს, ზმორებით ჩაყვება ტალღებს და სადღაც სხვა ქვეყანაში ამოვა, სადაც ვინმე ჩემნაირ მოკირკიტეს მოუყვება, რომ არსებობს ქვეყანა სადაც მრავალი მზეა.

კი, მართალი ხართ. ერთი გამომრჩა. გამომრჩა და ალბათ იმიტომ, რომ სამეგრელოში მზე მზე აღარ არის - უკვე ბურთია. ხვიჩა დაინახა, მასთან მეგობრობა მოუნდა და ბურთად გადაიქცა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719687531

სპორტი

„ძალიან პოზიტიური გარემოა, დიდი მონდომებით, შემართებით, ვემზადებით" - ოთარ კაკაბაძე

ყველაფერს ვეცდებით, რომ არ დამთავრდეს ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატი და ის ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ განაცხადა...

ოთარ კაკაბაძე

1719684127

სპორტი

„მიდის სანახავად, არიიის...აბა რააა, იმედგაცრუების წლებიც დასრულებულია, დიდი გზის მხოლოდ დასაწყისში ვართ“ - გიგა გვენცაძე

„ევრო 2024“ -ის ქართველი კომენტატორი გიგა გვენცაძე სოციალურ ქსელში  2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებს შორის 30 ივნისს დაგეგმილ მაჩტთან დაკავშირებით წერს. გიგა გვენც...

გიგა გვეცენაძე

1719681703

სოციალური მედია

„შენ იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს ამქვეყნად" – გიორგი ქოჩორაშვილს შეყვარებული დაბადების დღეს ულოცავს

ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი იუბილარია. მან დაბადების დღესთან დაკავშირებით უამრავი მილოცვა მიიღო. მისი შეყვარებული სანდრა მენდოსა Instagram-ზე გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და იუბილეს უ...

გიორგი ქოჩორაშვილის შეყვარებული

1719678962

მსოფლიო

ავარია რიკოთზე - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ამავე ცნობით, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, თუმცა, მალევე რიკოთზე ავარიის შედეგად დაშავებულებიდან ე...

პოლიცია

1719675926

სოციალური მედია

დათო ხუჯაძე მესამე შვილის მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს პატარას

დათო ხუჯაძე მესამე შვილის მამა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა ხუჯაძემ დაწერა. „დაიბადა თემური ხუჯაძე, სამგზის მამიდა ვარ უკვე“. ცნობისთვის, მომღერალმა თაკო თუხაშვილზე გასული წლის სექტემბერში...

დათო ხუჯაძე მესამე შვილის მამა გახდა