„წაგების ასე ღირსეულად მიღება რაღაც უცხოა... იქნება მარცხი, იქნება იმედგაცრუება, მაგრამ ზუსტად გვეცოდინება, რომ ეს ბიჭები ჩვენთვის, თავიანთი ქვეყნისთვის თავს არასდროს დაზოგავენ“ - ანდრო ხელაძე

ფეხბურთის ახალგაზრდა კომენტატორი, ანდრო ხელაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს ნაკრების შესახებ წერს.

იგი ემოციურად აღწერს იმ რამდენიმე მომენტს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ამ ისტორიულ თამაშებზე გააკეთა. 

„ღამის 3 საათია და თბილისში სიგნალების ხმა ისმის. გამარჯვების საყოველთაო ზეიმით აღნიშვნა დიდი ხანია აღარ გვიკვირს, მაგრამ წაგების ასე ღირსეულად მიღება რაღაც უცხოა. ისევ ის ალბანელები მახსენდებიან, ჯგუფში რომ ჩარჩნენ და გერმანიის ქუჩებში ისე დადიოდნენ, თითქოს ევროპის ჩემპიონები გამხდარიყვნენ... ვუყურებდი და ვფიქრობდი, აქამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია მეთქი, მაგრად შევცდი.

14 წლის წინ ქართული სპორტის ქომაგები რომ დაარსდა, worldsport.ge-ს კომენტარების ველში, ხანდახან ფორუმზეც ტრენდული ფრაზა იყო - „შენს ყველა მოგებას მე გულში ვინახავ და როცა აგებ, მაინც მიყვარხარ“. ლამაზი სიტყვები იყო, მაგრამ ხშირად მაინც არ ვიყენებდით. არა იმიტომ რომ არ ვაგებდით, პირიქით, ქეცბას 10 მატჩიანი წაუგებელი სერიის მერე, ძირითადად იმედი გვიცრუვდებოდა, უბრალოდ წაგების მიღება არ ვიცოდით, მნიშვნელობა არ აქვს როგორ ვითამაშებდით - მუდამ განტევების ვაცს ვეძებდით და ხშირად საკუთარ ფეხბურთელებსაც კი ვაყენებდით შეურაცხყოფას, სამწუხაროდ ტრიბუნებიდანაც.

დღეს თავაწეული, დროშა - შემოხვეული ბიჭები და გოგონები დადიან ქუჩებში. ზოგს კვარას მაისური აცვია, ზოგს მამარდასი, ზოგსაც ქოჩორასი... კიტეიშვილის და ზურიკოს მაისურიანებიც შემხვდნენ... რა მაგარია, ისევ გერმანული ქუჩები გამახსენდა, ამჯერად ხორვატები - ნიკიცა იელავიჩის ფორმით რომ დავინახე 8-10 წლის გოგონა, ეგ მომენტი. მაშინაც იმას ვფიქრობდი, ნეტავ ჩვენთან როდის იქნება კულტურა, არამხოლოდ მთავარი ვარსკვლავების, ისეთი ქართველი ფეხბურთელების მაისურებითაც რომ ივლის ხალხი, ვისაც დიდი სათამაშო დრო სულაც არ ეძლევა მეთქი, ცოტა შორეული პერსპექტივა მეგონა, აქაც შევცდი.

მოკლედ, იმაზე მაგრები ვართ, ვიდრე მე მეგონა და მერწმუნეთ, მე ძალიან მაგრები მეგონა რომ ვიყავით და ზუსტად ვიცოდი აქამდეც მოვიდოდით, ოღონდ ცოტა მერე. დროს გავასწარით. გერმანიიდან რომ მოვფრინავდი, გზაში ვფიქრობდი, ნეტავ სხვებმა გამონახონ საშუალება და დარჩნენ, ნეტავ ახლა სხვა ქართველები გამოფრინდნენ და ჩაგვანაცვლონ წამომსვლელთა ბანაკი, უგულშემატკივროდ არ დატოვონ ჩვენი ნაკრები მეთქი.

დღეს ტელევიზორი რომ ჩავრთე, გული ამიჩუყდა - კიოლნში ისეთი ატმოსფერო იყო, ბიჭებს ალბათ თავი დინამო არენაზე ეგონათ. მთელი თამაში არ გაჩერებულან გულშემატკივრები. რომ იგებ და მღერი ეგ სხვა ამბავია. აი, 90-დან 80 წუთი მეტოქეს რომ უჭირავს ბურთი და გამაყრუებელი სტვენით უპირისპირდები, შიგადაშიგ „ზღაპრის ბოლო კეთილიას“-აც იმღერებ და თამაშის ბოლოს ბიჭებს „ისლანდიური ტაში“-თ გადაუხდი მადლობას, ეგ არის სამაგალითო გულშემატკივრობა. აღარავინ დადის მზესუმზირას საჭმელად სტადიონზე, სტადიონზე დავდივართ საქომაგოდ და იქიდან რომ ვბრუნდებით, თუ ისევ გვაქვს ხმა, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ.

არამხოლოდ სტადიონზე. რა ხდებოდა იცით დღეს სეტანტას ოფისში? მე მაგალითად სადღაც 25-ე წუთზე დავნებდი, გამომეცალა ძალაც და ენერგიაც. გოლსაც გადაიღებდა კამერა, სანახავი მაქვს ეგ კადრები, ვისი ჩიფსი ვის ლუდის ჭიქაში იყო, არავინ იცოდა. სრული საგიჟეთი. სხვაგანაც ეგრე იყო, სტამბის ამფითეატრში, მესხის სტადიონზე, ეთნოგრაფიულში, დედაენის ბაღში, სახლებში, ტრანსპორტში. დღეს ყველა ფეხბურთზე ლაპარაკობდა, ყველა ფეხბურთით ცოცხლობდა და აქედან ცდილობდა ბიჭებისთვის ხმის მიწვდენას.

და ჰიმნი? გახსოვთ ადრე, ადრე რა... 7-8 წლის წინ სტადიონზე ჰიმნს რამდენი კაცი მღეროდა? ახლანდელივით აკაპელა ვერსია რომ ყოფილიყო, ალბათ მაგრად შეგვრცხვებოდა. ახლა ჰიმნი პროგრამა მინიმუმია, ჰიმნს ყველა მღერის, მღერის ისე როგორც შეუძლია, ბოლო ხმაზე, მთელი სხეულით.

წავაგეთ, ოღონდ ისტორიული შედეგი დავდეთ და მერე. წავაგეთ, ოღონდ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან. წავაგეთ, ოღონდ ესპანეთის ნაკრებთან. წავაგეთ, მაგრამ იქამდე დავწინაურდით. წავაგეთ, მაგრამ 75-ე წუთამდე ჩვენი ოცნება ცოცხალი იყო. მადლობის მეტი რა გვეთქმის? დღეს ამის გააზრება ცოტა რთულია, ხვალ უკეთ გავიაზრებთ, 3 დღეში კიდევ უფრო კარგად, ევრო რომ მორჩება და ამ ჩვენს ფეხბურთელებს სხვადასხვა გრანდებიდან, ტოპ ლიგების გუნდებიდან დაურეკავენ, მერე ხომ საერთოდ.

სხვა ეტაპზე გადავედით. 7 სექტემბერს ჩეხეთი რომ ჩამოვა, ისე მოგვიდგება როგორც თანაბარი სიძლიერის გუნდს. ჩვენ კი ბიჭებს ტაშით დავხვდებით, ნუ ვინც იშოვის ბილეთს... აწი სულ ეგრე იქნება, შეეგუეთ. ახალი ერა დაიწყო, დასრულდა ის შავ-ბნელი პერიოდი, როცა სხვა ქვეყნების ნაკრებების თამაში მოქმედებდა ჩვენს ხასიათზე. სიმპათიები ახლაც გვექნება, მაგრამ ის ემოცია? მგონი ცოტა მოგვერიდება ჩვენი ნაკრების გარდა, სხვის გამო ყვირილი და ტირილი.

იმ დღეს მემორიმ ამომიგდო როგორ განვიცდიდი მსოფლიო ჩემპიონატზე იტალია რომ ვერ გავიდა. შემრცხვა. ასე რატომ ვნერვიულობდი სხვა ქვეყნის გამო მეთქი. შემრცხვა და თან გამიხარდა რომ შემრცხვა. ისიც გამიხარდა, რომ ახალი თაობის გულშემატკივრებს, ჩემზე 10-15 წლით პატარებს და კიდევ უფრო პატარებს, ჯერ არ დაბადებულებს ეგ ამბავი არ ექნებათ, საქართველოს გარდა ვერც წარმოიდგენენ სხვას როგორ უნდა უგულშემატკივრონ, ეზოშიც მეტი კვარაცხელია, მეტი მამარდა, მეტი ჟორჟი და ნაკლები მბაპე, ბელინგემი და რონალდუ იქნებიან. ასწორებს, არა? აბა, ადრე გერმანია რომ ჩამოდიოდა, შვაინშტაიგერის და ბალაკის ფორმებით მიდიოდა დინამოზე ხალხი, დღეს ეგ რომ გააკეთო, მთელი ერი დაგცინებს, მაშინ ეგ ვიღაცისთვის ნორმალური იყო (ჩემთვის არასდროს).

დღეს ჩვენ გვყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და გუნდი, რომელიც თავს არავის დაუხრის. იქნება მარცხი, იქნება იმედგაცრუება, მაგრამ ზუსტად გვეცოდინება, რომ ეს ბიჭები ჩვენთვის, თავიანთი ქვეყნისთვის თავს არასდროს დაზოგავენ, ბავშვივით გაუხარდებათ ნაკრებში ყოველი გამოძახება და მუდმივად იმუშავებენ პროგრესზე. სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია.

დღეს ისევ ისეთი დღეა, ღმერთს მადლობა რომ უნდა გადავუხადო რომ ქართველი ვარ, მაგარი ხალხის ქვეყანა ვართ. ამ ხასიათით მოვედით აქამდე. მე ასე მგონია.
- წერს ანდრო ხელაძე.დღეს და ალბათ მერეც, ხვიჩას ცენტრიდან, მარცხენათი დარტყმული დამესიზმრება. ღმერთო ეგ რომ შევარდნილიყო, ღმერთო…

მაგრამ არაუშავს, სხვა დროს შევარდება“, - წერს ანდრო ხელაძე.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1720030681

საზოგადოება

ახალგაზრდა ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია ცოტა ხნის წინ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს.  გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენმა თავი მოიკლა. ცნობისთვის, სამწუხარო ამბავი ხობში მო...

ნუგზარ წურწუმია

1720029277

საზოგადოება

ფოთში ქალის ცხედარი იპოვეს

ფოთში, მდინარე რიონთან, ქალის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ფაქტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი ადგილობრივმა  სანაპირო ზოლზე აღმოაჩინა და პო...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1720027653

სოციალური მედია

გიორგი ქოჩორაშვილი გულშემატკივრებისთვის გათამაშებას აწყობს - „საუკეთესო კომენტარის ავტორს თავად ავარჩევ“

ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას უკვე 100 000 გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე. ამასთან დაკავშირებით კი სპორტსმენმა თავისი 2 მაისურის გათამაშება გადაწყვიტა.  „100,000 გამომწერი ი...

გიორგი ქოჩორაშვილი

1720026099

საზოგადოება

„არანაირ სანქცირებაზე საუბარი არ არის, საათ-ნახევრის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან“ - თეიმურაზ კუპატაძე

„ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-სთან, DEA-სთან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული“, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პ...

 თეიმურაზ კუპატაძე

1720022313

საზოგადოება

ცესკოს ხელმძღვანელი პირები „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებ...

ცესკოს ხელმძღვანელი პირები „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ