ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს ევროკავშირისგან სურს სამართლიანი მოპყრობა, ჩვენი პრობლემებისა და ინტერესების გათვალისწინება

საქართველოს ევროკავშირისგან სურს სამართლიანი მოპყრობა, ჩვენი პრობლემებისა და ინტერესების გათვალისწინება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ნიკოლოზ სამხარაძემ უპასუხა შეკითხვებს საქართველოს რუმინეთთან ურთიერთობასთან, საქართველოს შიდა ვითარებასთან და ასევე თბილისის საგარეო პოლიტიკურ პერსპექტივასთან დაკავშირებით.
როგორც სამხარაძემ ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნა, ბუქარესტში რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა. სამხარაძის თქმით, ბუქარესტში განიხილეს რუმინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებიდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები, რათა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს თანამშრომლობა იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის და ნატო-ს წევრობას უკავშირდება.
ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, 2022 წელს ხელი მოეწერა დეკლარაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, ამჟამად კი, მიმდინარეობს მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, რაც წარმოადგენს სტრატეგიული პარტნიორობის სამოქმედო ჩარჩო-პროგრამას.
ნიკოლოზ სამხარაძემ პოლიტიკურ დიალოგთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ეკონომიკური ურთიერთობების დონეზე კი, არსებობს აუთვისებელი პოტენციალი ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში.
„ამ მხრივ, შეგვიძლია ჩვენი ძალისხმევის კაპიტალიზაცია მოვახდინოთ ისეთ მიმდინარე პროექტებზე როგორიცაა, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის და ციფრული კაბელის პროექტი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს და სხვა დაინტერესებულ ქვეყნებს, მათ შორის აზერბაიჯანსა და უნგრეთს. აქვე ხაზს ვუსვამ ამ პროექტების მნიშვნელობას არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ გეოსტრატეგიული კომპონენტის კუთხითაც. მე ასევე აღვნიშნავ რუმინეთისა და საქართველოს ურთიერთდაკავშირებადობის საკითხს შავი ზღვის რეგიონში,რადგან რუმინეთსაც და საქართველოსაც აქვს მნიშვნელოვანი როლი ტრანსკასპიის დერეფანში, რომელიც ასევე ცნობილი როგორც „შუა დერეფანი“ და რომელიც აკავშირებს აზიას ევროპასთან. ამ მხრივ, მიმაჩნია, რომ ორივე ქვეყნის ინტერესშია ამ კავშირის სარგებლის მაქსიმალურად გაზრდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილი რისკები და კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები.ამ ასპექტებიდან გამომდინარე, რუმინეთმაც და საქართველომაც უნდა განავითარონ თანამშრომლობა და გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძემ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ხალხი ქუჩაში 100 დღის განმავლობაში გამოდის. როგორია დღევანდელი განწყობა ქართულ საზოგადოებაში? როგორია ხალხის აღქმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე?“, რაზეც სამხარაძემ განაცხადა, რომ „საქართველოში პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია, მაგრამ არა იმ დონეზე, რაც ორი-სამი თვის წინ იყო“.
„საპროტესტო აქციები კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ ყოველდღიურად გამოსული მომიტინგეების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და მაქსიმუმ 200-300 ადამიანია. საპროტესტო აქციები საპარლამენტო არჩევნების ფონზე დაიწყო, რის შემდეგაც ოპოზიცია აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა, ბრალდებებს, ამ კუთხით, მკაფიო მტკიცებულებები არ ახლდა. უფრო მეტიც, საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რომელსაც ხელმძღვანელობს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი, არჩევნები გაყალბების გარეშე ჩატარდა. შედეგად, ადამიანებს, რომლებიც ამ მიზეზით გამოდიოდნენ საპროტესტო აქციებზე, აღარ სჯეროდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტმა თანდათან იკლო“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ამასთან, კითხვაზე, რომ „ქართული ოცნება“ თავდაპირველად აღიქმებოდა როგორც ევროკავშირის მომხრე პარტია და ახლა როგორია ამ პარტიის პოლიტიკური ხედვა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელი რჩება.
„მხედველობაში მაქვს საქართველოს წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში. ძირითადად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა, პრიორიტეტები და ამოცანები იგივე რჩება. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ჩვენ მაინც განსხვავებული აღქმები გვაქვს. სწორედ ამ მიზეზით ჩნდება მცირე აზრთა სხვადასხვაობა ჩვენსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის, როგორიცაა ევროკომისია ან ევროპარლამენტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს გარკვეული კანონები თუ ქმედებები არ შეესაბამება ევროპულ მისწრაფებებს. თუმცა, ხანდახან პოლიტიკურ დეკლარაციებს არ ვცდებით. მაგალითად, სამართლებრივ სიბრტყეში, ჩვენ შევთავაზეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილვების შესაძლებლობა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ფაქტობრივად, ჩვენთვის სულაც არ არის სასიამოვნო, როცა ვხედავთ ევროკავშირის ამ დამოკიდებულებას და როგორ ეპყრობიან საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში. ერთადერთი, რაც გვინდა და მოვითხოვთ, არის სამართლიანი მოპყრობა და ჩვენი პრობლემების და ინტერესების გათვალისწინება“, – აღნიშნა სამხარაძემ.
სამხარაძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რა მოლოდინები აქვს საქართველოს უახლოეს მომავალში და რა სურს ბრიუსელისგან, რაზეც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა:
„პირველ ყოვლისა, გვინდა, ბრიუსელმა გაიგოს, რომ საქართველო, გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, ძალიან არასტაბილურ რეგიონში მდებარეობს. გვჭირდება, ევროკავშირმა გააცნობიეროს, რომ საქართველო არის რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყანა, რის გამოც მოსკოვთან კონფლიქტის ესკალაციის ძალიან მაღალი რისკი არსებობს. უფრო მეტიც, ბრიუსელის ინსტიტუტებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, მაგალითად ესტონეთმა. ეს იმიტომ, რომ საქართველო არ არის ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ და არ სარგებლობს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობით. ამიტომ, ევროკავშირმა არ უნდა სთხოვოს საქართველოს ისეთი რამ, რაც ევროკავშირში არ გამოიყენება. ჩვენ არ უნდა მოგვთხოვონ კანონმდებლობის შეცვლა ან ახალი კანონმდებლობის მიღება, რომელიც არ გამოიყენება ევროკავშირის ფარგლებში. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ექსპერიმენტების ჩატარების ადგილი. ჩვენ ძალიან ღიად ვუთხარით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მზად ვართ, წინ წავიწიოთ რეფორმების განხორციელებით, დავნერგოთ ევროპული მოთხოვნები და მოვახდინოთ ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მაგრამ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ იძულებული, გავაკეთოთ ისეთი რამ, რასაც წევრი სახელმწიფოები არ აკეთებენ.
მაგალითად, ევროკავშირმა საქართველოს სთხოვა, შეცვალოს გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურა. კერძოდ, პროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით სამი მეხუთედით. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გენერალურ პროკურორს პარლამენტი საერთოდ არ ნიშნავს, ან იმ შემთხვევაში, როდესაც მას ნიშნავს პარლამენტი, დანიშვნა ხდება უბრალო უმრავლესობით. კიდევ ერთი მაგალითი ეხება საარჩევნო ბარიერს, ევროკავშირი გვთხოვს საარჩევნო ბარიერის შემცირებას 5%-დან 2%-მდე, მაშინ როდესაც წევრ ქვეყნებში უმეტესობაში საარჩევნო ბარიერი 5%-ია. არ მესმის, რამდენად შეუძლია პროცენტულ მაჩვენებელს განსაზღვროს ქვეყნის ევროპულობა ან ნაკლებად ევროპულობა. ევროპულობის იდეის მიღმა, საუბარია იმაზე, რა არის რეალურად აქტუალური სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ამ სისტემის სტაბილურობისა და პოლარობისათვის. ევროკავშირისგან ჯერ არ მიმიღია განმარტება, რატომ უნდა შეამციროს საქართველომ საარჩევნო ბარიერი“, – განაცხადა სამხარაძემ.
ინტერვიუში ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზეც. კერძოდ, სამხარაძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველო არ არის მზად, გახდეს კავშირის წევრი, თუმცა სჯერა, რომ 2030 წელს განხორციელდება ყველა საჭირო რეფორმა გაწევრიანების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.
„საქართველოს აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის ჩვენ მზად არ ვართ გავხდეთ კავშირის წევრი, მაგრამ გვჯერა, რომ მომდევნო 5 წელიწადში, კერძოდ 2030 წელს, განვახორციელებთ ყველა საჭირო რეფორმას გაწევრიანების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რათა 2030 წლისთვის მზად ვიყოთ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩნდება კითხვა, არის თუ არა მზად ევროკავშირი გაფართოებისთვის, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად დგას?“ – განაცხადა სამხარაძემ.
ჟურნალისტის მორიგ კითხვაზე, რა როლის შესრულება შეუძლია რუმინეთს ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაში, სამხარაძემ განაცხადა, რომ რუმინეთს შეუძლია, გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
„რუმინეთს, როგორც მეზობელ ქვეყანას, კარგად ესმის შავი ზღვის რეგიონში არსებული პრობლემები და ასევე შექმნილი საფრთხეები და რისკები. ასევე, ჯერ კიდევ უახლესი გამოცდილებიდან გამომდინარე, რუმინეთს, შეუძლია რეალური მხარდაჭერა შემოგვთავაზოს ევროკავშირის სხვა წევრებთან დიალოგში. ამ როლის აღებით რუმინეთს შეუძლია საქართველოში არსებული ვითარების სწორად წარმოჩენა, რადგან ჩვენი ქვეყნის შიგნით რეალობების აღქმა მხოლოდ შავ-თეთრად არ შეიძლება იყოს აღქმული.არის ბევრი ნიუანსი და განზომილება, რომელიც ჩვენმა რუმინელმა პარტნიორებმა კარგად იციან და ჩვენ ეს ვიცით. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ მათ შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ ევროპელი პარტნიორებისა და კოლეგების აღქმებზე და დაარწმუნონ ისინი, რომ შეუძლებელია, მოსთხოვო ზუსტად იგივე კრიტერიუმების შესრულება სრულიად განსხვავებულ ქვეყანას. უნდა არსებობდეს პერსონალიზებული მიდგომა და ამ თვალსაზრისით, რუმინეთს შეუძლია, შეასრულოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კითხვაზე, „როგორია საქართველოში არსებული პოლიტიკური სპექტრი? მაგალითად, რომელი საპარლამენტო პარტიები არიან პროევროპული მიმართულების, რომლები იხრებიან პრორუსული პოზიციებისკენ, ვის უკავია შუალედური პოზიცია?“, სამხარაძემ განაცხადა:
„საქართველოში არ გვყავს პარტიები, რომლებიც ოფიციალურ პრორუსულ პოზიციას იკავებენ, რადგან რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებს შორის მეგობრები არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, არცერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, აქვს თუ არა საპარლამენტო წარმომადგენლობა, არ უჭერს მხარს რუსეთისთვის ხელსაყრელ პოლიტიკას. რა თქმა უნდა, არიან ცალკეული ადამიანები, რომლებიც ცალკეულ პარტიებზე ამბობენ, რომ მათ აქვთ რუსეთის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება და მომხრეები არიან რუსეთთან კარგი ურთიერთობების. თუმცა, პრორუსული პარტია არ არსებობს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური პარტიების უმეტესობა ამტკიცებს, თუნდაც სიმბოლურად, რომ მათ სურთ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ინტეგრაციის ამ სურვილს იზიარებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ქართველების 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირში მიიღოს. პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად ასახავენ მოსახლეობის ამ სურვილს“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ნატოში ინტეგრაციას არ აქვს ასეთივე ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ქართველები უბრალოდ დაიღალნენ ნატოში მიღების მოლოდინით.
„მას შემდეგ, რაც 2008 წელს, ბუქარესტში გაიმართა სამიტი, როდესაც ნატოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, მას შემდეგ და დღემდე გავიდა 17 წელი. ჩვენ არ მიგვიღია არანაირი სიგნალი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. შესაბამისად, ამან გამოიწვია იმედგაცრუება საქართველოს მოქალაქეებში, რის გამოც ჩვენ ვხედავთ ნატოს მხარდაჭერის შემცირებას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერასთან შედარებით. ეს ტენდენცია თუ გაგრძელდება, სავარაუდოა, რომ ნატოში ინტეგრაციის ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად შემცირდება.
ამასთან, მომდევნო 15 წელიწადში თუ ჩვენ აღმოვჩნდებით იმავე პოზიციაში, ანუ გავაგრძელებთ კაკუნს ევროკავშირის კარზე და არ გვექნება პოზიტიური გამოხმაურება, რა თქმა უნდა, იგივე მოხდება ევროკავშირთან მიმართებით. მე იმედი მაქვს, რომ ანალოგიური არ განმეორდება ევროკავშირთან დაკავშირებით. ასევე იმედი მაქვს, წელს თუ არა, მომავალ წელს მოლაპარაკებები გაიხსნება, რათა საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის პოტენციური წევრი“, – აღნიშნა სამხარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ასევე ორიენტირებულია კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონზე.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტიკური ურთიერთობების განვითარება სამხრეთის მეზობელ ქვეყნებთან: სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, რომლებთანაც ჩვენ ასევე გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა და ძალიან კარგი ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული ურთიერთობები. ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება. ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კავშირები ყაზახეთთან და უზბეკეთთან, ბოლო პერიოდში, ძალიან გაუმჯობესდა, საქართველო ამ ორ ქვეყანას ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის სფეროებში ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებად მიიჩნევს. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია ასევე ურთიერთობების გაფართოება ჩინეთთან (ძირითადად, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში), ყურის ქვეყნებთან და ისრაელთან. საქართველოს ტრადიციულად კარგი ურთიერთობები აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე, სახეზეა ამ კავშირების ეკონომიკური კომპონენტის კიდევ უფრო გაზრდილი მნიშვნელობა“, – განაცხადა სამხარაძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთან ურთიერთობა, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
„სამწუხაროდ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავების, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ახლა, ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ შევძლებთ ამ ურთიერთობების გადატვირთვას. ამასთან, მიმაჩნია, რომ როგორი სახის შეთანხმება არ უნდა იყოს მიღწეული აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებით, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს აღმოსავლეთ ევროპისა და ზოგადად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. ცხადია, გვესმის, რომ ახლა პრიორიტეტი ომის დასრულებაა. თუმცა, საუბარია გრძელვადიან მშვიდობაზე, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ახალი ომი არ დაიწყება. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ახალმა ადმინისტრაციამ სრულად იცის ეს რისკები და რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ნებისმიერი შეთანხმება, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, ასევე ითვალისწინებს გარანტიებს, რომ ახალი ომი არ დაიწყება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა სამხარაძემ.
ამასთან, დონალდ ტრამპსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, სამხარაძემ აღნიშნა, რომ „ეს დაძაბულობა გამოწვეულია იმ განსხვავებული მიდგომებით, რომლითაც ორი ადმინისტრაცია აღიქვამს ევროპაში უსაფრთხოების ვითარებას“.
„ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც ევროპულ ქვეყნებს სთხოვს მეტი დახარჯონ თავდაცვაზე, რაც ევროპელებისთვის ახალი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპმა ეს ითხოვა 2016 წელს. როგორც მე შევამჩნიე, საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკის ადმინისტრაცია ახლა ყურადღებას აქცევს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სხვა რეგიონებს, რის გამოც ევროპელების მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდის მოთხოვნა გამართლებულია. თუმცა, არ მჯერა, რომ ეს გაუგებრობები ორ მხარეს შორის დიდ კონფლიქტს გამოიწვევს. საბოლოო ჯამში, შეერთებული შტატები და ევროპელები მიაღწევენ კონსენსუსს, რომელიც მიზნად ისახავს ნატო-ს შიგნით კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობების სამართლიან განაწილებას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ევროპელებმა უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და გეოპოლიტიკური არქიტექტურის თვალსაზრისით, უფრო აქტიური როლი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე მანამდე“, – განაცხადა სამხარაძემ.
ჟურნალისტმა ევროკავშირსა და აშშ-ზე საუბრისას ნიკოლოზ სამხარაძეს კითხვა დაუსვა, რომელს აირჩევდა საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი პარტნიორად, რაზეც სამხარაძემ აღნიშნა:
„საქართველოს სურს, იყოს ევროკავშირში და ჩვენ თავს ვხედავთ ევროპული ცივილიზაციისა და ევროპის ნაწილად. ჩვენი, როგორც ქვეყნის პრიორიტეტია, ვიყოთ უსაფრთხო ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ არ მგონია, აშშ მთლიანად ჩამოშორდეს ევროპას. ცხადია, ამერიკელები ყოველთვის იქნებიან ევროპაში. ამიტომ, საქართველოსთვის იდეალურია აშშ-მ და ევროკავშირმა ითანამშრომლონ ევროკავშირის უსაფრთხოებისათვის, რომლის ნაწილიც საქართველოა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მიდგომა ჰიბრიდული ომის მიმართ, სამხარაძემ განაცხადა, რომ „შეიძლება ითქვას, რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უფრო თავდაჯერებული და აქტიური გახდა“.
„ბოლო თვეებში, განსაკუთრებით აფხაზეთში, რუსებმა დააჩქარეს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. კერძოდ, რეგიონში აეროპორტის მშენებლობა. რუსეთის ფედერაციამ ასევე გააძლიერა კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუ გადავხედავთ ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, მომხდარი ცვლილებები ხაზს უსვამს რუსეთის ფართო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებზე და კონკრეტულად აფხაზეთში, არა მხოლოდ სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ფინანსურ, სოციალური და ენერგეტიკული მიმართულებით.
სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში გამოსავალს არ ვხედავ. ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტის გასაღები არის რუსული ჯარების გაყვანა ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ოსეთიდან. არ მგონია, რომ რუსეთი ამას უახლოეს მომავალში აპირებს.
იმ სცენარის მიხედვით, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე ვერ დაიბრუნებს იურისდიქციას აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებზე, ვფიქრობ, ამ რეგიონების ვითარება ჩრდილოეთ კვიპროსის ვითარებას დაემსგავსება, იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირი აღიარებს ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად, მაგრამ პრაქტიკული განზომილების გარეშე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძის თქმით, ქართულ საზოგადოებას აქვს მაღალი მდგრადობა ანტიევროკავშირისა და ანტიდასავლური ნარატივების მიმართ, როდესაც ისინი რუსეთიდან მოდის, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დროს ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატებისა თუ პოლიტიკოსების გარკვეული ქმედებები ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირის მიმართ.
„იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ჩაერია საქართველოს არჩევნებში და ამა თუ იმ პარტიის მხარე დაიჭირა, რაც უსამართლო იყო ქართველი ამომრჩევლის მიმართ. ასევე, ორმაგი სტანდარტების მაგალითია საპროტესტო აქციების განსხვავებული
შეფასება საქართველოში და ბულგარეთში, როდესაც ევროკავშირის შტაბ-ბინას მომიტინგეები დაესხნენ თავს. ყველა ამ სიტუაციამ დააზიანა ევროკავშირის იმიჯი საქართველოს მოქალაქეების თვალში. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, ქართული საზოგადოება უკიდურესად მდგრადია, რადგან საქართველო ამ პროპაგანდის წნეხის ქვეშ არის ბოლო 30 წელი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
1743597651
ახალი ამბებიწულუკიანი: ვისაც ვიწვევთ კომისიის სხდომაზე, ჩვენ არ ვხუმრობთ, სერიოზულად ვუდგებით საკითხს, მოლოდინი გვაქვს, მოწვეული პირებიც სერიოზულად მიუდგებიან პროცესს
„მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა და უკვე დაიწყება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. დაველოდებით არსებით განხილვას. იქ უკვე გადაწყვეტილების...
1743596880
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე მამაზე: სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, 47 წლის კაცი, რომელიც ჯან-ღონით სავსე იყო ციხის ტუალეტში გაგუდეს
ციხეში მომიწია 6 წელი, 11 თვისა და 1 კვირის გატარება. ნახევარი თუ არა ნახევრის ნახევარი საქართველო მაინც იჯდა ციხეში, ციხეში ვიყავი-თქო, ცუდი იყო ძალიან, მაგრამ გაცილებით ცუდია ის ფაქტი, რომ დღეს მე მ...
1743595947
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე მისი დაკავების ფაქტზე - 2006 წლის 6 იანვარს, სამი ბრალდებით გამიშვეს ციხეში 14 წლის ასაკში
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1743594161
ახალი ამბებისან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება
აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომლის მეშვეობით ქართული სტარტაპ კომპანიები უფრო მარტივად შეძლებენ უცხოეთის ბაზრებზე გასვლასა და საერთაშორ...
1743593603
ახალი ამბებიპაპუაშვილი: სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ტრაგედიების მოსმენის ფონზე, ჩეხეთის საელჩოსგან ტერმინ „დემოკრატიის შუქურის“ დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა უცოდინრობაა ან ცინიზმი
„ტერმინი „დემოკრატიის შუქურა“ მჭიდროდ არის დაკავშირებული სააკაშვილთან, მათ შორის, როგორც უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლ...