"ის გარდაცვლილი ემიგრანტები გამახსენდა ამ კვირაში სამშობლოში რომ ჩაასვენებენ, მერე ის ემიგრანტი გოგონა ორი დღეა რომ ეძებენ..." - ემიგრანტი ჟურნალისტის ხათუნა შარაძის ემოციური წერილი

ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, სააგენტო „exclusivetv.ge“ დირექტორი, ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„დილით მარიამი სკოლაში წავიყვანე. ციოდა. ძილიდან გამოყოლილი სიზმარი ამეკვიატა, ოქროს საყურე ვიპოვე. წუხელ რამდენიმე ფანტელიც წამოყარა. აქ ძირითადად სულ მზეა. ოთხ წელიწადში თოვლი ერთხელ ვნახე.
ახალმოშენე ემიგრანტი ვიყავი. თოვლი არც კი მენატრებოდა. არც საკუთარი თავი მენატრებოდა იმ დროს და არც არავინ. ახლაც დროდადრო მორიგეობით მენატრებიან ხან ადამიანები ხანაც ადგილები.
ვერაფრით ავიყოლიე საკუთარი თავი კარგი ფიქრები მომედენა, მომეხმო. წუხელ ცუდი ამბების ქარცეცხლში დავიძინე. ყრუ-მუნჯი ბიჭი სცემეს. უხმოდ გმინავდა. ვიცი როგორია უხმოდ ღმული, მაგის მეტი რა მიკეთებია, როცა საკუთარი იდენტობა და მსოფლმხედველობა წვრილმანი უარყოფებითა და სიგარეტის მოწევის ჩვევამდე დაპატარავებული მითითებებით სხვის ჭკუაზე უნდა აკეთო.
როცა სამყაროში, ტერფის ცერა თითით ბალანსის პოვნას ცდილობ და ამ მილიონობით კვადრატულ მეტრში შენი ცერა თითის ოდენა ადგილიც კი ატასნაირი ომით გაქვს მოსაპოვებელი, მაგ დროს ვიცი ღმული, უხმო, გაყინული, მეტასტაზებს, რომ ელვის სისწრაფით ჩეკავენ და მერე ყელში გებჯინებიან....
მერე ის გარდაცვლილი ემიგრანტები გამახსენდა ამ კვირაში სამშობლოში, რომ ჩაასვენებენ, მერე ის ემიგრანტი გოგონა ორი დღეა, რომ ეძებენ, მერე ის საშინელი ჭორები, რომელსაც ემიგრანტები ერთმანეთს უყვებიან ბოროტი სულებით სავსე ქალაქში, რომ ჩასახლდნენ.
ვერაფერი მოვიგონე ამ დილით გასახარელი.
სამი წელია რაც ერთი და იგივე გზას გავდივართ მე და ჩემი გოგონა სახლიდან სკოლამდე. ხან მე მიმაქვს მისი ზურგჩანთა და ხან მას, გააჩნია დღეებს. ზოგჯერ მძიმე წიგნების დღეა. ამ წიგნებს როგორც ნოეს კიდობანს, ისე შევყურებ, ვიცი, რომ ჩემი გოგონას მომავალს გადაარჩენს!
ალბათ, თქვენც ჩემსავით გღლიან ზოგჯერ ადამიანები. ადამიანები, რომელთაც ელოდებით. ადამიანები, რომელთაგანაც ამბებს ელოდებით და ადამიანები, რომელთაგან მომლოდინე ამბებზეა შემდგარი, თქვენი მომავლის ცერა თითი. პატარა ამბები, რომელიც შემდეგ შენ ცხოვრებად უნდა გადააქციო.
და რადგან დღეს საკუთარ თავს ვერაფრით დავეხმარე, ერთი ამბის გახსენება დავიწყე. იმ გზაზე, რომელზეც მე და ჩემი გოგონა დავდივართ ერთხელ სულ ტირილით ვიარე. დღისით, მზისით, ყველასა დასანახად მივდიოდი და ვტიროდი, ისე გემრიელად ისე გულმოდგინედ და ისე ურცხვად, რომ აქამდე დედამიწაზე გარდაცვლილი ყველა ადამიანის გამოტირებას ეყოფოდა.
იტალიის მიწაზე ახალმოშენე ნული ვიყავი. სიტყვა ემიგრანტი უკვე ზიზღს მგვრის, ამიტომ ახალი სიტყვა მოვძებნე, ემიგრანტის სინონიმი - ახალმოშენე. მარიამი სკოლაში შევიდა. გახანგრძლივებულ კლასში შევიყვანე. 8:00-საათიდან 16:00-საათამდე კლასში უნდა ყოფილიყო. სამი თვე ვატარე იმ კლასში. სამი თვე 8:00-საათიდან 16:00-საათამდე ჯოჯოხეთში ჩავდიოდი, ვიწვოდი, სხეულიდან ხორცს ვიგლეჯდი და მერე ამ რაღაცნაირ ხორცებს, ისევ ტანზე ვიკრავდი და ასე აწყობილი მივდიოდი შვილის სკოლიდან მოსაკითხად.
რას აღარ წარმოვიდგენდი. როგორ უჭირდა, როგორ ვერ ახერხებდა კონტაქტს, როგორ უცემდა პატარა გული, როგორ უბრაზდებოდა მშობლებს, როგორ ვერავის აჯერებდა, რომ ისიც ბავშვია და დედამიწაზე მისი ადგილიც იყო. ლოგიკური მიზეზების გამო კლასის შეცვლა გადავწყვიტე. აქ, მეორე ჯოჯოხეთი დაიყო, რომელიც სმენას იცვლიდა და 16:00-საათიდან დაძინებამდე სრულდებოდა.
შევედი სკოლის დირექტორთან. ხელებით, ფეხებით, თვალებით, მუდარით და იმ გუშინდელი ყრუ-მუნჯი ბავშვის გმინვასავით ხავილით, უხმო ვედრებით ვთხოვე, რომ კლასის შეცვლა მინდა. დირექტორი მიხსნის, რომ არ შეიძლება. მე ამ დროს ვზივარ სხვა ადამიანის სხეულში და ვხდები რომ არც საკუთარი თავი ვარ, არც ეს ხელებია ჩემი და არც ეს ხმა, არც ეს სკამი და არც ეს სული, რომელიც მის წინ ზის და შიგნიდან ტირის. სიმართლე გითხრათ აღარ მახსოვს, რამ მოიტანა და რატომ ვთქვი, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ალბათ ჩემი, მის მიწაზე სამოწყალოდ ცხოვრების გამართლება მომინდა.
აბა ჩემს ქართველ იესოს ხომ ვერ დავაბრალებდი, რომ მაწანწალად გადავიქეცით ან იერარქიულად, ჩემს ქვეყანაში ღმერთად ქცეულ კერპებს ხომ არ დავაბრალებდი ან ჩემს ზოდიაქოს, რომელმაც ასტროლოგიურ ნიშნად მორიელი მომივლინა, არწივის სიმბოლოდ და უმაღლესი განვითარების მიღწევის შემთხვევაში, მტრედის მშვიდობისმყოფელების ნობელიანტობას გამოკრავ ხელს. რადგან ვერავის ვერაფერი დავაბრალე, ყველაზე მღვრიე ამბავი ამოვალაგე დირექტორის მაგიდაზე.
წამოვედი ფარ-ხმალ დაყრილი და იმ მუნჯი ბიჭივით, გუშინ რომ გამეტებით ულაწუნებდნენ სახესა და ტანზე და მეც იმ ბიჭივით ვღმუოდი... ვტიროდი და დედამიწის მიცვალებულებს ეყოფოდა ჩემი ცრემლები.
ქვაფენიალიან აღმართზე მივდიოდი და ვფიქრობდი, აი ახლა, რომ ჩემს სამშობლოში ვიყო და ჩემს ენაზე შემეძლოს ჩემი სატკივრის მოყოლა ხომ შემისმენდა ღმერთიც და ადამიანებიც, ხომ იქნებოდა ჩემი გოგონა ბედნიერი და კისკისა, ხომ შევძლებდი ასეთი უმარტივესი სურვილის მოგვარებას და ჩემს მარიამს ცხოვრებას თუ ვერა კლასს, ხომ მაინც შევუცვლიდი, იმიტომ რომ მე იქ მიცნობენ...
ტელეფონზე ზარი შემოვიდა. ეს ცალკე, ჯოჯოხეთის ფილიალის ტოლფასი იყო. როცა მირეკავდნენ და მე ისევ იმ მუნჯი ბავშვივით ვხაოდი ტელეფონში, რადგან სიტყვები არ ვიცოდი, სიტყვები, რომელიც უნდა მცოდნოდა.
სკოლის დირექტორი იყო... „კანონს გადავხედე და შემიძლია თქვენი შვილი სხვა კლასში გადავიყვანოო. მე შევდივარ თქვენს მდგომარეობაში. მე ადამიანი ვარ...“ და დანარჩენი ვეღარ მივხვდი, მაგრამ რაც მივხვდი იყო, რომ ტირილი შევწყვიტე, ბორდიურზე ჩამოვჯექი და ვიგრძენი თუ როგორ მომენტალურად შემიყვარდა დირექტორი და მითების სამშობლოში, მის მიწაზე დაბადებული ლეგენდების თანახმად მე, არავინმა, ნახევრად ღმერთის წოდება ვუბოძე.
მე ვიცი, რას ნიშნავს იყო ყრუ-მუნჯი!
პ.ს. აქ ბევრი შეცდომები იქნება. ახლა ამის შესწორების ძალა არ მაქვს. მოგვიანებით მოვუბრუნდები და ყველა გრამატიკულ შეცდომას ჩავასწორებ.“, - წერს ხათუნა შარაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...
1741526054
ახალი ამბებისაქართველოს ხელოვნების სასახლე: კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა
საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი...