მოხუცი, რომელსაც თავშესაფარში აბარებდნენ შვილებს იცავდა - „ჩემს შვილებს უჭირთ, რა ქნან, მოხუცს ბევრი სჭირდებაო“

ამ გზაზე მეორედ მოვდივარ სამსახურებრივი ვიზიტით. ეს კი ის სახლია, რომლის ერთმა ოთახმა რამდენიმე წლის წინ ის სიკვდილმისჯილთა საკანი გამახსენა, სადაც ფრანგი მწერალი ფრანსუა ვიიონი იჯდა...
ამბის დასაწყისი, ერთი შეხედვით, დრამატულს არ ჰგავდა: ჩემს სამუშაო ოთახში ქალი შემოვიდა, გამეცნო და მითხრა, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა მამამთილის ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვის საქმეში. მე და ჩემი ქმარი ვმუშაობთ, მიხედვა სჭირდება, სხვა შვილებს თუ არ უნდათ, ჩვენ რა დავაშავეთო...
ხანმოკლე დიალოგით რაღაც საკითხები გავარკვიე... მოხუცს უნდა გავსაუბრებოდი. სხვას არაფერს ვგეგმავდი და, ბარემ, პანსიონატისთვის გამწესებულ ხანდაზმულთან შესახვედრად, ქალთან ერთად წასვლა გადავწყვიტე.
ჭიშკარი, ეზო, სახლი, ყველაფერი განსხვავდებოდა ირგვლივ დანარჩენი ჭიშკრების, ეზოების და სახლებისაგან რაღაცნაირი გრანდიოზულობით, ყველაფერს ფუფუნების ელფერი დასდევდა... ეზოში სხვადასხვა ხის ხილისაგან დამძიმებულ ტოტებს თავები დაეხარათ, მომეჩვენა, რომ ბოდიშს იხდიდნენ... ქალის ქმარი სახლის წინ დაგვხვდა - უნდა დაგვეხმაროთ! - ბრძანებითი წინადადების ბოლოს დიდი ძახილის ნიშანი თითქოს კიდეც გავიგონე და კიდეც დავინახე...
ვერ დავთვალე, რამდენი ოთახი გავიარეთ. მათგან ერთი სასურსათო მაღაზიის საწყობს მივამსგავსე - სხვაგან არსად წარმომედგინა ამდენი პროდუქტი, ერთად თავმოყრილი...
ლამაზ ჩუქურთმებიანი აივნის ბოლოს ოთახში შემიძღვა ქალი. ოთახი კუშტი, ცივი იყო, ხის საწოლით, ხისავე მაგიდით და სკამით, ხის ძველებური განჯინით. კედელზე რომელიღაც გარეული ცხოველის გაფშიკინებული ტყავი გაეკრათ, ყავისფერი ბეწვით, ოთხივე ტორის ბოლოში შავი ბრჭყალებით... მაგიდასთან კი ძალიან ლამაზი გარეგნობის მოხუცი იჯდა... ალბათ იმიტომ, რომ არასოდეს მყოლია არც ერთი და არც მეორე, მთელი ცხოვრება ძმის და ბაბუის ნატვრაში გავატარე. აი, ზუსტად ასეთი ბაბუა მინდოდა მყოლოდა...
ჩემს მისალმებაზე ღიმილით მიპასუხა, ხოლო კითხვა, - როგორ ბრძანდებით მეთქი - უპასუხოდ დატოვა... მერე მივხვდი - ვერ მეტყოდა, კარგად ვარო და ვერც - ცუდად ვარო, - იმას...
ქალს ვთხოვე, მარტო დავეტოვებინეთ - ასეთია ინტერვიუს ჩატარების წესი...
- საბუთებს გადახედეთო, მაგიდაზე დადო - პანსიონატში ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტები უკვე შეეგროვებინათ...
შოთამ გამაოცა - ჩემს მიერ დასმულ ყველა, ვფიქრობ - საჭირო კითხვაზე დინჯი და გონივრული პასუხებით, სიდარბაისლე რომ დაჰკრავდა... ოთხმოცდაშვიდის ვარო, ბოლო სამი თვეა, გადაადგილება მიჭირსო, მუხლებში ძალა გამომელიაო, მშენებელი ვიყავი, ოცდაათი წელი სახლებს ვაშენებდი, სულ მცირე, ორმოცამდე სახლი ამიშენებიაო, ეს და კიდევ დანარჩენი ოთხი შვილის სახლი თითქმის მარტო, ამ ხელებით ავაშენეო, ერთხელ უმცროსი შვილი ცუდად რომ გაგვიხდა, ზურგზე შემოვისვი და დიდ თოვლში თორმეტი კილომეტრი ფეხით გავიარე, სანამ ექიმთან ჩავიყვანეო... ამ ეზოში ყველა ხე ჩემი დარგულიაო... ნადირობა მიყვარდა, ხშირად სუფრაზე თამადა ვიყავი, მეზობლები პატივს მცემდნენ, ჭკუას და აზრს მეკითხებოდნენო... ყველაფერი ჩაატია სათქმელში...
განჯინაში, ჩემდა გასაოცრად, რკინის ჯამი, რამდენიმე რკინისავე თეფში და ფინჯანი შევნიშნე...ააა, ალბათ სხვა პრობლემაა - მიზეზს ვეძებდი, ისეთს, რაც მოხუცის იქ გაგზავნას გაამართლებდა. რკინის ჭურჭლის დანახვაზე ფსიქიატრიული საავადმყოფო გამახსენდა მილოშ ფორმანის ფილმიდან "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"... შოთას სიმშვიდის იმედად ვერ ვიქნებოდი და პათოლოგიური გულდასმით დავუწყე დათვალიერება მაგიდაზე დადებულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
"ფსიქიკურად ჯანმრთელი" - გარკვევით იკითხებოდა ექიმის ჩანაწერი!
რა არის აბა, რატომ არ შეიძლება ამ კაცმა სიცოცხლის ბოლო წლები საკუთარ სახლში გაატაროს...
თითქოს მიხვდა - მთავარი კითხვის დასმას ვერ ვახერხებდი და თვითონ განაგრძო - იქ წასვლას რაც შეეხება, იქნებ სადმე ახლოს გამიშვათ, შვილო, ხანდახან შაბათს რომელიმე შვილიშვილი ამომიყვანს და სახლს არ მომანატრებსო... ჩემს შვილებს უჭირთ, რა ქნან, მოხუცს ბევრი სჭირდებაო... ახლა მე მელეოდა მუხლებში ძალა - მოხუცი კაცი ჩემთან თავის ხუთ შვილს იცავდა... აღარ შემეძლო...
ქალს სულმოკლეობამ სძლია და შემოვიდა... ჩვენც დავასრულეთ მეთქი...
-ახლა პენსიის საქმე როგორ იქნება, ხომ ისევ ჩვენ ავიღებთო - შოთა არავის უნდოდა, პენსია-კი!
ერთი კულმინაციური ეპიზოდი წინ მელოდა! პენსიის ხსენებიდან პანსიონატის დაფინანსების წესზე გადავედი. გაირკვა, რომ ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაფინანსება არ ეკუთვნოდათ და ყოველ თვეში ექვსას ლარამდე უნდა გადაეხადათ... შოთას თვალებში შიშნარევი სიხარული დავინახე, ქალი კი ვეღარც თავს აკონტროლებდა და ვეღარც-ხმას: ექვსას ლარს თუ გადამიხდით, შოთასნაირს ხუთს მოვუვლიო! რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს რა კანონები გქონიათო. მე, პრემიერი და კანონმდებლები გვერდიგვერდ აღმოვჩნდით გაბრაზებული ქალის ხახაში...
ხუთი შოთასნაირი სად არის!
ერთხელ, სამსახურში, დიდი რუსი პოეტის, კონსტანტინე სიმონოვისთვის საბჭოური ნომენკლატურის რომელიღაც უზრდელ წარმომადგენელს უთქვამს - თუ არ გინდა, წადი, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო... სიმონოვს მიუგია, მართალი ბრძანდებით, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ არც ისეთი ადამიანები არსებობენ, რომელთა შეცვლა შეიძლებოდესო... ასე ვართ ადამიანები - ხის ფოთლებივით, ყველა განუმეორებელი და ერთადერთი...
არ იცოდა ქალმა, შოთაც ერთადერთი იყო, შრომისგან დაკოჟრილი ხელებით, ორმოცამდე აშენებული სახლით, ზურგზე შემოსმული შვილით, დიდ თოვლში, ფეხით გავლილი თორმეტი კილომეტრით და ერთგვარი რაინდული წარსულით, სადაც შრომასთან ლამაზად მონაცვლეობდნენ ნადირობისა და ლხინის ეპიზოდები...
პროფესიული (და ადამიანურიც!) ეთიკის კოდექსი განსჯით მიდგომას გვიკრძალავს - რაც არ უნდა გვემართებოდეს შიგნით... ამიტომაც, როგორც მოვახერხე, თბილად და კეთილი სურვილებით დავემშვიდობე ორივეს. შოთას დიდხანს სიცოცხლე ვუსურვე.
სახლიდან ჭიშკრამდე ახლა მე ვებღაუჭებოდი ხავსს შოთას შვილისა და რძლის სასარგებლოდ, იქნებ ბევრი შვილები და შვილიშვილები ახვევიათ, ყველა ამათ კისერზეა და ვეღარ აუდიან მეთქი. უკვე ჭიშკართან შვილებზე ვკითხე, - უშვილოები ვართო.
ეს მაკლდა კიდევ! ნეტა არ მეკითხა. წამოვედი.
"ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო არს" - ეკლესიასტედან, სხვა რა შეიძლებოდა გამხსენებოდა.
ყველაფერი ჩემსავით დამძიმებული მეჩვენა, ხეები, სახლები, სოფლის ტრაფარეტის ბოძის ძირში მიწოლილი ძაღლი, რომელიც ჩემი დანახვისას არც განძრეულა და მდინარე ჩხერიმელაც მძიმედ მოდიოდა ისიც, ზანტად...
ვინ იცის, რამდენჯერ უთევზავია აქ შოთას.
ღმერთო...
რა იქნებოდა, რომ ერთხელ მის ანკესს ოქროს თევზი ამოჰყოლოდა!
სად და ვინ წერს ამ ცხოვრების კანონებს!
და საერთოდ, მართლა, ვინ გადაუფრინა გუგულის ბუდეს!
ციური ჩუბინიძე
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ქართველი ძიძის მიერ ქართულად ალაპარაკებული 5 წლის აიდა (ვიდეო)
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...