ახალი წელი და ტრადიციები საქართველოს კუთხეებში

ქართლი

ქართლში თავდაპირველად ბასილას ქანდაკებას აცხობდნენ, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. ოჯახის უფროსი ხონჩაზე დააწყობდა მოხარშულ დედალს, ღორის თავს, ბედის კვერებს, ბასილას, თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს, ჩურჩხელას, გოზინაყსა და დოქით ღვინოს. გათენებისას იგი ხონჩას გარეთ გაიტანდა, სახლს ლოცვით სამჯერ შემოუვლიდა. შინ შებრუნებისას მუგუზლით ცეცხლს შეუჩუჩხუნებდა და ნაპერწკლების აცვენისას წარმოთქვამდა: – „ამდენი ხარი, ამდენი ძროხა, ამდენი ღორი…“

ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს“ უწოდებენ

შემდეგ ოჯახის ყველა წევრს თაფლიანი ლუკმით „დააბერებდა“ . ამ ხონჩას ქართლში სამ დღეს ინახავდნენ, შემდეგ ბასილას გულიდან ჯვარს ამოჭრიდნენ, ფქვილიან გოდორჩი ჩააგდებდნენ და თან იტყოდნენ:
– „ბარაქა ამ გოდორსაო!“

აქვე გალობდნენ:

„ღმერთმა ყველა ააშენოს ამ ოჯახის მასპინძელი,

პური, ღვინო ბევრი მისცეს და სიმინდი ძველისძველი,

ეს სახლი ღმერთმა აკურთხოს, გაუმაგრდეს საფუძველი

ახალწელიწადს დაესწროს, გაისტუმროს ესე ძველი!“

ბოსელში შესვლისას საქონელსაც ულოცავდნენ ახალ წელს.

კახეთ-ჰერეთი


კახეთში მეკვლეს სახლში შემოსვლისას ხორბალს ან სიმინდს გადაუყრიდნენ – ბევრი მაძღარი კრუხ-წიწილა გვეყოლებაო. აქვე ასეთი მესტვირული საახალწლო სიმღერა ისმოდა:

„ხელში ორ ჭიქას ავიღებ, ვილოცებოდე ღვინითა,

ყველა კარგად დაესწარით მრავალ ახალწელს დილითა,

ნათლიმამა თან მოგდევდეს, თაფლი მოქონდეს ქილითა;

ხურჯინიც სავსე ეკიდოს, ჩურჩხელებით და ხილითა…

თქვენი კოდები ყოფილა სავსე და – წმინდა ფქვილითა;

თქვენი ქვევრები ყოფილა სავსე და – წითელ ღვინითა;

თქვენი ფარეხი ყოფილა სავსე და – ცხვრითა, ბინითა…

თქვენი მტერი წაქცეულა, ვეღარა ძღება ძილითა…!“


ჰერეთში საახალწლოდ დაამზადებდნენ ხონჩას; დააწყობდნენ ზედ პურებს, ლავაშს, დადგამდნენ ჯამით თაფლს, ერბოს, არაწით ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და სახლის-დიდთან ერთად წავიდოდნენ ვენახის საკვლევად. მივლენ ერთ კარგ მოსავლის მომცემ ვაზთან. სახლის უფალი ჯერ გასხლავს ვაზს, მერე ააგებს, ჭიგოების ჩარჭობის დროს ნიადაგს ღვინით მოალბობენ; იგივე უფროსი ვაზის ძირში დაკლავს წითელ ფრთოსან მამალს, წითელ ფრთებს მოაგლეჯს და ბამბის ძაფით ამ ფრთებს ჭიგოსა და ვაზზე მიაკრავს და თან იტყვის:
„ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა.“ თითო ლუკმა პურს ამოაწებენ თაფლსა და ერბოში, შეჭამენ, ცოტა ღვინოს მოსვამენ და შინ დაბრუნდებიან. ახალი წლის დღეს ინგილოებმა სადილი იციან ადრე. უფრო ქათმის წვენსა და ფლავს აკეთებენ. სადილად მოელიან გარეშე მეკვლესაც, რომელიც უნდა იყოს ვინმე ბედისგან დაუჩაგრავი, ან ნათესავი, ან ნაცნობი. მანამ მეკვლე არ ეწვევათ, არავის მიიღებენ სახლში.

თუშეთი

ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ „წელწდობას“ მოწიწებით ეგებებიან.

საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს „ქრისტეს საგძალს“, კაცზე „ბაცუკაცს“ და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას – ძუძუები, ცხვრისას – დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და „კერის კვერს.“

საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!“ 

ფშავი

მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან „ნაყრს“ – ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: „წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო.“ ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, „დააბერებს“ და ერთმანეთს ეტყვიან: „ეგრემც ტკბილად დამიბერდიო“. გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან. 

ხევსურეთი

ხევსურები ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო.

ოჯახის მეკვლეები ხატებში ათენებენ ახალი წლის ღამეს. გათენებისას ხუცესი გარეთ გამოდის, თოვლი შეაქვს სალოცავში, მეკვლეებს თავზე აყრის და დალოცავს:„ესრ თეთრად აყვავდით! წელიმც კაისა გამოგეცვლებისთ, პურიან-წულიანი, სახელსარგებლიანი, მშვიდობისა და კარგად ყოფნისა!…“

რაჭა

რაჭაში ახალი წლის წინა საღამოს ოჯახის უფროსი „სამკლოვიარო გერგვს“ აკეთებდა. ამისთვის ცხრა ვაზს თითო რქას შეაჭრიდა, მათ ერთმანეთს შეაგრეხდა, მორკალავდა და შუაში ჯვრად თხილის დაჩიჩილაკებულ ჯოხებს ჩაუყენებდა. ამ ჯოხებს გარეთ გამოშვერილ წვეროებზე ვაშლებს წამოაცვამდნენ, ბაძგის მწვანე ტოტებით მორთავდნენ და ზედ საახალწლო განატეხს დაადებდნენ.

ახალი წლის დილით შინაური მეკვლე შინ შემოვიდოდა, ღომის მარცვლებს მოაბნევდა იატაკზე, ოჯახის წევრებს ახალ წელს მიულოცავდა, სამჯერ შემოუვლიდა კერას სამკლოვიარო გერგვზე დადებული სანოვაგით, რომელსაც ყველა ეხებოდა ხელით. შემდეგ გერგვს საფუარის ქვაბზე დადებდა, შეუჩუჩხურებდა ცეცხლს და ამბობდა:
„ამდენი ვაჟი, ამდენი ხარი, ამდენი გოჭი, ამდენი ქათამიო…“

ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს „კერია-ბერიას“, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას „მაკვრიელი“ ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით „შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“, შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს „კერია-ბერიას“ უნაწილებენ. 

ლეჩხუმი

ლეჩხუმში ახალ წელს, ნაშუადღევს, ოჯახის უფროსი მამაკაცი ზურგზე მოიკიდებდა მეორე მამაკაცს და ვენახისკენ გასწევდა. თან მიჰქონდა ტაბლა, რომელზეც ეწყო ღვინიანი ჭიქა, ღორის შემწვარი ხორცი, ანთებული სანთელი და ხორბლის ერთ-ერთი ჯიშის – ზანდურის თავთავების კონა. ვენახში შესვლისას იგი იძახდა: „ღუზ, ღუზ, ღუზ!“

ამის შემდეგ კაცს ჩამოსვამდა, თავთავების კონას სარზე ჩამოაცვამდა, ტაბლას წაღმა შეატრიალებდა, მერე ღვინით დაილოცებოდნენ და მიტანილ სანოვაგეს შეექცეოდნენ.

სვანეთი

სვანეთში ახალ წელს ოჯახის უფროსი კაცი, ერთი ქალი და ერთი კაცი სისხამ დილაზე ჩუმად ადგებოდნენ, სანოვაგით სავსე გიდელს წაიღებდნენ, ყველაზე გამორჩეულ ხარს წაიყვანდნენ და წყალს დაალევინებდნენ, უკან დაბრუნებისას თან წყალი მოჰქონდათ. კალოზე თოვლის ზვინს დადგამდნენ, შუაში ნაძვის ხეს ჩაურჭობდნენ, გარს შემოუვლიდნენ და მერე სახლში შედიოდნენ. კაცი იძახდა: „კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს!“ შევიდოდა სახლში, შეიყვანდა ხარსაც, სამჯერ შემოუვლიდა კერას, შემდეგ აიღებდა ხელში ბედის პურს, რომელზეც ელაგა: თაფლი, ხორცი, ყველი, ფული და ყველას მიულოცავდა ახალ წელს.

რაც შეეხება მეკვლეს, ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ).“

სამეგრელო/აფხაზეთი

სამეგრელოში ყველაზე დიდ დღესასწაულად კალანდა – ახალი წელი ითვლებოდა. შინ გამოსაჩენ ადგილას დადგამდნენ ბროწეულით, ხილით, ტკბილეულით, ძვირფასი ნივთებით, აბრეშუმის ძაფით, სუროსა და დაფნის ტოტებით მორთულ ჩიჩილაკს. აცხობდნენ ბასილას და ღვეზელს, რომელშიც კვერცხის გულს დებდნენ. დილით ადრე სოფელში თოფის სროლა ატყდებოდა. ოჯახის უფროსი სანოვაგით სავსე ხონჩას აიღებდა, ხალხს ლოცვით სამჯერ შემოუვლიდა, ღომის მარცვლებს აბნევდა და ღმერთს გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და კარგ მოსავალს სთხოვდა. შემდეგ შინ შევიდოდა და ყველას მიულოცავდა.

აქვე ახალ წელს სტუმრის მოტაცება იცოდნენ. ამ ჩვეულებაში მთელი უბანი მონაწილეობდა. გაიმართებოდა მხიარული გაწევ-გამოწევა, სიცილი და ხუმრობა. მოტაცებულ სტუმარს ასაჩუქრებდნენ, პატივს სცემდნენ და მეორე დღემდე არ გაუშვებდნენ.

ახალი წლის საღამოს ეწყობოდა „ტყაპობა“ – ახალგაზრდა ქალები და ვაჟები ერთმანეთს სიმინდის ცომით თხუპნიდნენ. ამ მხიარულ შეჯიბრებაში ვინც მოუთხუპნავი გადარჩებოდა, იმ წელიწადს გამარჯვებული და ბედნიერი იქნებოდა.

იმერეთი

საახალწლოდ რამდენიმე ჩიჩილაკი მზადდებოდა. ერთ-ერთი მარნისთვის იყო განკუთვნილი. ახალი წლის დილას შინაური მეკვლე წყაროდან წყალს მოიტანდა. ოჯახის წევრები პირს დაიბანდნენ და ისევ მეკვლის წინამძღოლობით მარნისკენ წავიდოდნენ. მიჰქონდათ სანოვაგით სავსე გობი, ორშიმო და ჩიჩილაკი. მეკვლე ჩიჩილაკს საახალწლო ჭურის გვერდით დაასობდა. მარანს ახალ წელს მიულოცავდა, შემდეგ საახალწლო ჭურს მოხდიდა, ღვინოს გასინჯავდნენ და დოქებს აავსებდნენ.

გურია

ახალ წელს კალანდას ეძახიან. წინადღით მოჰქონდათ „ცხემლის“ (რცხილის) შეშა, რომელსაც თხილის ჯოხებსაც მოაყოლებდნენ ჩიჩილაკისთვის. ამ ჯოხებს ღადარში აცხელებდნენ და კარგად ალესილი დანით ისე თლიდნენ, რომ ბურბუშელა ჯოხზევე რჩებოდა და ეხვეოდა. შემდეგ ჯვრიან დასადგმელს უკეთებდნენ, წვერში ჯვარედინად თხილის ჯოხებს ჩაურჭობდნენ და რთავდნენ სუროს ტოტებით, ვაშლებით, საჩიჩილაკე ხაჭაპურებით, ტკბილეულითა და ვერცხლის ფულებით. აქვე ასეთი წესით სრულდებოდა: ოთხ ხაჭაპურს გიდელში ჩააწყობდნენ და გოგონას გაატანდნენ მარანში. იქიდან ვაჟი უნდა გამოსულიყო ღვინიანი დოქით და გოგონას შეხვედროდა. მათ შორის მოჩვენებითი ბრძოლა გაიმართებოდა დოქისა თუ ხაჭაპურის წასართმევად და მარანში შესატანად. თუ ბიჭი იმარჯვბდა, მაშინ ღვინისა და ხაჭაპურის უხვი მოსავალი იყო მოსალოდნელი, ხოლო თუ გოგონა იყოჩაღებდა, აბრეშუმის უხვი მოსავალი იქნებოდა.

აჭარა

ახალგაზრდები თითქმის გათენებამდე დადიოდნენ სოფელში და ყველა ოჯახს ახალი წლის დადგომას ქრისტიანული სიმღერით ულოცავდნენ:

„შემოვდგი ფეხი, გილოცავთ,

გწყალობდეთ წმინდა ბასილი,

იმისი მადლით იყავით

პურით და ღვინით ავსილი.“
მასპინძლები საჩუქრებს აძლევდნენ მომლოცველებს.

სამცხე-ჯავახეთი

31 დეკემბერს მზის ჩასვლისას ოჯახის უფროსი მამაკაცი ხელში რკინის ჯოხით სახლს სამჯერ შემოუვლიდა, თან ფუძის ანგელოზს სთხოვდა მისი ოჯახი ეშმაკის გზიდან აეცდინა.

საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: „ხარის ქედის“ მრგვალ კვერებს, ცხვრის „ბუჟუნას“, რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, „ბედის პური“ ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს.

შემდეგ დიასახლისი აცხობდა „ბანის პურებს“ და „ქათამ-წიწილას“ პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსა: ცელს, გუთანს, ძროხის ძუძუებს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას.

ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა.

მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; „ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი.“

მეკვლე სახლში შესვლის დროს ასეთ ლექსს წარმოთქვამდა:

„ახალ წელიწადს, წლის თავსა გიკვლევ ვაზისა ქითამცა,

შენიმცა სახლი ავსილა ტყავკაბაზარბაზითამცა;

ცხენზედაც შაგისხდებიან მშვილდისრიანნი, ხმლითამცა,

კარზედამც მოგადგებიან ცხენჯორამაფრაშითამცა;

ტახდზედამც დაგიდგებიან თავ-ოქრო-გვირგვინითამცა,

მტერი სულ დაგიბმრავდების ეშმაკი ხმალით – ცითამცა

მოკეთე ღმერთმა გიმრავლოს, მოყვარე მრავალ გზითამცა;

პურ-ღვინო დაულეველი, ვით მონადირე წყლითამცა;

სიცოცხლე გახარებული, მოუწყინარი დღითამცა;

ასრე დასტკბი ამ ქვეყანას, ვით თაბლი ფუტკრის სკითამცა,

უხვადაც მოგეცემოდეთ თვალ-მარგალიტი ზღვითამცა.“

სტატია მომზადებულია გიორგი სვიმონიშვილის მიხედვით

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵“ბედნიერი ვარ, რომ ახალ წელს ჩემი ყველაზე უმცროსი შვილის, ელის მარიას სატელევიზიო დებიუტით გილოცავთ” - მიხეილ სააკაშვილი

🔵​ცნობილი შეფ-მზარეულის გოზინაყის რეცეპტი

🔵ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735373201

საზოგადოება

„შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი...დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო… სიკვდილი გააიოლე ბერიკ“ – რეჟისორები ზურა ბერიკაშვილზე

 ზურა ბერიკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ რეჟისორები სანდრო ელოშვილი და დიმიტრი ხვთსიაშვილი. რეჟისორები აღნიშნავენ, რომ რეალურად შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი....

ზურა ბერიკაშვილი

1735369291

ახალი ამბები

რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის...

გზა მოძრაობა

1735334796

სოციალური მედია

„მშვიდობა - რუსულია! მართლმადიდებლობა - რუსულია!“ - შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რას უმტკიეს საქართველოს დასავლეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში

 ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმის შესახებ წერს, თუ რას უმტკიცებს დასავლეთი  საქართველო ბოლო 3 წლის განმავლობაში. მისი თქმით, დასავლეთი ა...

ვატო შაქარაშვილი

1735329986

ჰოროსკოპი

28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, თუმცა მეზობლებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში...

	ჰოროსკოპი

1735328460

სოციალური მედია

„ცხოველს აქვს ინტელექტი, ემოციები და გრძნობები. გართობის მიზნით აყვანილი და თავიდან მოშორებული ცხოველის ბედი ყოველთვის ტრაგიკულია“ - თბილისის ზოოპარკი

26 დეკემბერს სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკს პატარა ბოკვერი აჩუქა. ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჩაბარების საკითხებზე ვრცლად ადმინისტრაციამ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა, რას...

ლომის ბოკვერი