„73 ის გავხდები, რას ვიფიქრებდი, ამდენ ხანს თუ შემოვრჩებოდი იტალიაში“ - ემიგრანტის წერილი

ჩვენს მკითხველს, ლელა თოლორდავას, იტალიაში მყოფი ემიგრანტის და წიგნ „ბადანტე“-ს ავტორის მორიგ წერილს ვთავაზობთ.
ლელა თოლორდავას წერილები, ჩვენმა მკითხველმა განსაკუთრებით შეიყვარა, რადგან ემიგრანტობის იმ მტკივნეულ ყოველდღიურობას აღწერს, რომლის გადმოცემას მხოლოდ, განსაკუთრებულად ფაქიზი კალმის და ღრმა განცდების მქონე ავტორი შეძლებს.
ჩვენი თანამემამულის მორიგი წერილიც, თითოეული ემიგრანტის სულზე გავლის, იმ ქალების გულში, რომლებმაც ცხოვრება დაკარგეს.
„ორშაბათის ამბები...
ჩემთვის ფესტას (დღესასწაულის) დარია ორშაბათი, რადგან მთელი 5 საათით ვიხსნი „ბადანტეს“ (მოხუცის მომვლელი) მანტიას, შევისხამ ფრთებს და ჩიტივით თავისუფალი დავფრინავ ქალაქის ქუჩებში...
სადაც მე ვარ, იქაა საინტერესო ამბებიც ...
ამ ფოტოს გადაღებიდან ორიოდ წუთში ერთ ჩვენებურს წამოვეწიე, ასაკოვანი ქალბატონი იყო... უჭირდა იმ ტვირთის ტარება, რაც ,,პანორამაში " (სუპერმარკეტი) აუკიდებია... საკუთარ თავს ქოქოლას აყრიდა, მშობლიურ ენაზე და ამიტომაც გვერდი უბრად (ჩუმად) ვერ ჩავუარე, თან ვიფიქრე, ცოტას შევეშველებითქო...
გამარჯობაზე, სიხარულით მიპასუხა - უი, ქართველი ყოფილხარ, მე კი იტალიელი მეგონე, ბავშვის ტანსაცმლის სექციაში მოგატანე თვალი, ხელში იმდენი ტანსაცმელი გეჭირა, ვიფიქრე, რა ენაღვლება, ჯიბე არ გაუშვებს თუ რათქო... მეც მინდოდა პატარებისთვის რამის ყიდვა, მაგრან ძალიან ძვირი ღირდა ყველაფერი. „ნასკი“ რომ 9 ევრო ეღირება... კია კაი ხარისხი, მარა, ძაან ძვირია...
იტალიელებისთვის მისაღები ფასებია, ჩვენ გვეძვირება... საშობაო საჩუქარს ვარჩევდი ბებოს შვილთაშვილისთვის, წლინახევრის გოგოა...
მეც ტკბილეულის საყიდლად ვიყავი, შვილიშვილებს საახალწლოდ უნდა გავუგზავნო, რაზეც იყო ფასდაკლება, ყველაფრის ყიდვა მინდოდა და კი მომწყვიტა წელი...
ამ დროს შეჩერებული ვიყავით და ცელოფნის პარკები ფეხებთან ეწყო. დახმარება შევთავაზე, უარი არ უთქვამს...
- შენ მეიყარე ორი ჩემი ხნისო...
ავტობუსის გაჩერებამდე მივატანინე, ფეხად გაგვასწრო ნარინჯისფერმა ავტობუსმა, რომელსაც აქედან პონტედერას ცენტრში უფასოდ მიჰყავს მგზავრები. გაჩერებამდე არც ისე დიდი გზაა, მაგრან სვენებ-სვენებით მივდიოდით.
- თირკმელი მაწუხებს და სიმძიმეს ვერ ვუძლებო, ასე მგონია წელს ქვევით მოწყვეტილი ვარო... მაგრამ რა ვქნა, თავს ვეძალები, არ მინდა გული დავწყვიტო ჩემებს, საახალწლოდ ყველა ელოდება საჩუქრებს, განსაკუთრებით შვილიშვილები და შვილთაშვილები, ენაცვალოთ ბებო...
- შვილთაშვილებიც გყავთ?!
- კი , სამი ბიჭი, არცერთს არ ვიცნობ, მეათე წელია აქ ვარ... ჩემი წამოსვლის მერე დაიბადნენ. პატარები არიან, ერთი ხუთი წლის გახდა 5 დეკემბერს, ოქროს სამაჯური ვაჩუქე, ოქროს დაბადების დღე ჰქონდა. დიდი ბიჭი რომ გაიზრდება, მე რომ აღარ ვიქნები , გამიხსენებს. მეორე გოგოსგან ტყუპი შვილთაშვილები მყავს, სამის გახდებიან 1 მარტს. კიდევ კარგი, 2019 წელს 29-ით არ იყო თებერვალი, თუ არა, ოთხ წელიწადში ერთხელ ექნებოდათ დაბადების დღე.
- გადარჩენილან...
- აბა... ისეთი საყვარლები არიან, ნეტა, იცოდე, კოცნას რაფერ მიგზავნიან, ეხუტათ ბებო...
- ბებოც ავსებს, ალბათ, საჩუქრებით, ბავშვებს კი მეტი რა უნდათ?!
- რაც შემიძლია, თავს არ ვზოგავ, ორი შვილი მყავს, ოთხი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი, ჩემს ხელფასს ყველას ვუწიწილაკებ (ვუნაწილებ)... ვიდრე შევძლებ, არაფერს მოვაკლებ, როცა აღარ ვიქნები, კარგად მომიგონებენ... მოგონებაზე მეტი არაფერი რჩება ადამიანისგან... 63 წლისა ჩამოვედი აქ, 14 იანვარს, ძველით ახალ წელს 73 ის გავხდები, რას ვიფიქრებდი, ამდენ ხანს თუ შემოვრჩებოდი იტალიაში, ოთხი წლით წამოვედი... სიძემ ბიზნესი წამოიწყო, სახლი ბანკში ჩადო, არ გაუმართლა და ვალები დაედო... ვეღარ იხდიდნენ ბანკის ფულს. ჩემს გოგოს უნდოდა წამოსვლა, მაგრამ მე არ ვქენი, ცოლ-ქმრის გათიშვას ჩემი წამოსვლა ჯობდა, წლობით რომ ცალ-ცალკე იქნება ცოლ-ქმარი, ოჯახის შენარჩუნება მერე ჭირს, ამიტომ გადავდე თავი.
- გმირობა ჩაგიდენიათ, იმედია, გიფასებენ!!!
- ჩემი სიძე ჩემთვის შვილივითაა!!! სკოლის მერხიდან უყვარდათ ერთმანეთი, მეათე კლასში გაგვეპარენ, 17 წლისანი იყვნენ, შვილივით გავზარდე... ბიჭი რომ მყოლოდა, არა მგონია, მასზე მეტად მყვარებოდა. კარგი კაცი დადგა, ყველას მოყვარული და დამფასებელი. არც მეორე სიძეთი ვარ უკმაყოფილო, მაგრამ ის შორს ცხოვრობს ჩვენგან და ხშირი მისვლა-მოსვლა არა გვაქვს... კი ვწვალობ, მარა , არ ვარ ღმერთის უმადური, კაი შვილ- მომავალი მყავს... ნეტა, ჩემი საცოდავი კაცი მოსწრებოდა რამეს, 26 წლის დავქვრივდი, 7- 8 წლის გოგოები დამრჩა... ბევრი გაჭირვება გამოვცადე და კი მევედი დღემდე...
- ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ, ჯანმრთელად და მხნედ, თქვენი შვილ-მომავლის საიმედოდ!!!
- გაიხარე , შვილო, ჩემი ამბები კი მოგაყარე, შენი არაფერი მიკითხია...
- მეოთხე წელია აქა ვარ, თქვენს დარად მეც ბადანტე ვარ, მყავს ორი შვილი, 20 წლის გოგონა და 18 წლის ბიჭი.
- ღმერთმა მოგიშენოთ და მოგიმრავლოთ თქვენი შვილები. ქმარი?!
- მეუღლეს დაშორებული ვარ...
- გული ჩამწყვიტე, ახლა!!! მარა, გული არ გეიტეხო, შვილები ხომ გყავს, ეგაა მთავარი!!! მათი ბედნიერი მომავლით გაიხარე. ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება დედობაა!!! დარწმუნებული ვარ, კარგი შვილები გეყოლება!!!
- ძალიან კარგი შვილები მყავს, ჩემი ახდენილი ოცნებები არიან!!!
- კარგ ბედს და იღბალს ვუსურვებ, შენი გულის საყაბულო რძალი და სიძე შემოგსვლოდეს თავის დროზე! მერე, შვილიშვილები და შვილთაშვილები იმხელა სითბოს გაჩვენებენ, სულ დაგავიწყდება წარსულის უსიამოვნებები... დამიჯერე, ასეა, გამომიცდია და ვიცი...
- გაიხარეთ, ქალბატონო!!!
- თქვენც გაიხარეთ, შვილო, რა პატივი მეცით, ჩემი ტვირთი აგკიდეთ...
- ნეტავ , მარტო ეგ ტვირთი მქონდეს საზიდი...
- ყველაფერს შეძლებ, ახალგაზრდა ხარ!!! ნეტავ, ახლა, შენი ხნის ვიყო, მთებს გადავდგამდი!!!
გავუღიმე და დავემშვიდობე, შენ არ ელოდები ავტობუსსო... არა,ფეხით გავუყვები, ექვსის ნახევრამდე დრო მაქვს გასაყვანითქო...
ოთხის თორმეტი წუთი იყო, მისგან რამდენიმე ნაბიჯში დავხედე საათს... ის დარჩენილი წუთები და წამები უცნობ ქალბატონზე ვფიქრობდი... რამდენ ქარცეცხლში გამოიტანა ცხოვრებამ და სულიერად არ გატყდა... ძილის წინაც მასზე ფიქრი ამეკვიატა, სიზმრადაც ვნახე... მომინდა მასზე ფიქრი თქვენთვის გამეზიარებინა... ვიფიქროთ ერთმანეთზე, შევაშველოთ ხელი ერთმანეთს და გავუიოლოთ ყოფა... სხვა არაფერია ცხოვრება, სულ არაფერი!!!“ - წერს ლელა თოლორდავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ბატონი ბრძანდებით მეთქი და ყოველ ღამით, ძილის წინ კი განვისვენებდი შუა „ზალაში“ - ემიგრანტის წერილი
📌 ემიგრანტის წერილი: „ვზივარ მოსაცდელ დარბაზში, ბევრი ბადანტედქცეული ჩვენებურია“
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...