აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანებისა და სუიციდის მსხვერპლთა რიცხვი საქართველოში საგანგაშო ნიშნულზეა
აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანებისა და სუიციდის მსხვერპლთა რიცხვი საქართველოში საგანგაშო ნიშნულზეა. აზარტულ თამაშებში ჩართვა უამრავი პრობლემის საფუძველია – მათ შორისაა, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ფინანსური, დასაქმებასთან და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე უსახლკარობა, სუიციდი და სხვა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აზარტულ თამაშებში ჩართული არასრულწლოვნების შესახებ გამოქვეყნებული საგანგაშო კვლევის მიხედვით 15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი – ბოლო 1 წლის განმავლობაში. ამგვარი აქტივობების ადრეული ასაკიდან დაწყება ზრდასრულ ასაკში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, არაერთი რეკომენდაცია და კვლევაა მომზადებული, ამ უმწვავესი პრობლემის მოსაგვარებლად ჯერჯერობით სახელმწიფოს კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს, თუმცა, დაიწყეს საუბრები მისი აღმოფხვრის და გადაჭრის გზებზე.
პრობლემას არც პატრიარქის მოწოდებამ უშველა – „ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესი ათასობით ახალგაზრდას იწირავს და ეს დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს“, – თქვა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2019 წლის საშობაო ეპისტოლეში.
2020 წელს კი გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობით, კვლევა მომზადდა.
„მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ დღის წესრიგში უნდა დადგეს“, -თქვეს შარშან საპატრიარქომ და უნისეფმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, პრობლემური გემბლინგი მოზარდებსა და ახალგაზრდებში მზარდი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მსოფლიო მონაცემების მიხედვით, მოზარდებში გემბლინგის (აზარტული თამაშების) გავრცელების მაჩვენებელი ზრდასრულების მაჩვენებელს 2-4 ჯერ აღემატება, ხოლო 12-დან 17 წლის ასაკის მოზარდების 8%-მდე პათოლოგიური მოთამაშეა. მოზარდობის ასაკში პრობლემურმა გემბლინგმა შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, როგორიცაა დაძაბული ურთიერთობები, დანაშაულებრივი ქცევა, დეპრესია, და სუიციდიც კი. აღნიშნული უარყოფითი შედეგები ახდენს მოკლე და გრძელვადიან ზეგავლენას ინდივიდებზე, მათ ოჯახებზე, თანატოლებზე და ფართო საზოგადოებაზე.
„სათამაშო ბიზნესი გონივრულად უნდა დარეგულირდეს და არა – რაღაც ემოციებით, შეძახილებით, რომ ვიღუპებით“, - ასე გამოეხმაურა „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელი, გუგა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას.
„არ არსებობს არანაირი კვლევა, რის საფუძველზეც ამ ყველაფრის რეგულაცია ხდება. კარგია, რომ ამ თემაზე ვლაპარაკობთ. ძალიან მიხარია, რომ ეს თემა საერთოდ დაიძრა, რადგან ამ საუბარში შეიძლება, რაღაც ჭეშმარიტება დავიჭიროთ.
როცა ვამბობთ, რომ რეკლამა უნდა აიკრძალოს, ამ მოთხოვნას და რეგულაციის ამ ნაწილს აბსოლუტურად ვეთანხმები. კი ბატონო, აიკრძალოს, მაგრამ აღსრულების ნაწილიც ძალიან საინტერესოა. როგორ უნდა აიკრძალოს?კი ბატონო, ტელევიზიებს ავუკრძალავთ, აქ ისიც გასარკვევია, სატელევიზიო რეკლამა რამდენად მასშტაბურია, ამ მიმართულებით ინტერნეტში ხომ არაა უფრო დიდი ნაღმი? ესეც კვლევის საგანი უნდა იყოს.
ისიც საინტერესოა, როგორ ვზღუდავთ ინტერნეტში რეკლამას? ასევე მნიშვნელოვანია, თუ კანონი დაირღვა, რას ვშვრებით? თუ სათამაშო ბიზნესს რეკლამა ავუკრძალეთ და მან ინტერნეტში რეკლამა ისევ გააკეთა, ჩვენ ჯარიმა, ვთქვათ, 1000 ლარის ოდენობით დავუწერეთ, ის რეკლამის კეთებას მაინც გააგრძელებს. ჯერჯერობით, ბუნდოვანია ის სქემა, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესი უნდა დარეგულირდეს. დაველოდოთ მოვლენებს.
ზოგადად, ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის დარეგულირების შესახებ საუბარი მიდის, ძალიან კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, კონკრეტულად რას გულისხმობენ, კონკრეტულად რა ასაკობრივ ზღვარზეა საუბარი, ასევე ის, თუ როგორი იქნება აღსრულების ნაწილი.
ასაკობრივ ზღვარს რაც შეეხება, როცა ვამბობთ, რომ 25 წლამდე ადამიანებმა არ უნდა ითამაშონ, დღეს კანონში გვიწერია, რომ 18 წლამდე არ უნდა ითამაშონ, მაგრამ ეს რეალურად არ მუშაობს. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა. დაახლოებით, 10 დღეში ახალი კვლევის შედეგებიც დაიდება. წინა კვლევის შედეგების მიხედვით, აზარტულ თამაშებთან შემხებლობა 48 %-ს აქვს, ვგულისხმობ 14-დან 18 წლამდე მოზარდების ფოკუსჯგუფს. რა გამოდის – კანონი არის, მაგრამ არ მუშაობს“, – განაცხადა გუგა ბესელიამ.
გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინ კაზინოებზე სამთავრობო ინიციატივა გააჟღერა, მისი თქმით, I ეტაპზე გადასახადი გაიზრდება, II ეტაპზე კი აიკრძალება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ონლაინ კაზინოების მეშვეობით ქვეყნიდან 1 500 000 000 ლარი გაედინება, გაჭირვებული მოქალაქეები კი ყოველდღე აგებენ ფულს. პრემიერმინისტრის აზრით, ამის მოსაგვარებლად ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადები გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა, მოთამაშეების ბარიერი კი 25 წლამდე აიწევს. მეორე ეტაპზე საერთოდ აიკრძალება ონლაინ თამაში.
სათამაშო ბიზნესი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად რჩება. დღეს საქართველოში მოქმედი 10 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან 3 ტოტალიზატორია.
ელენე ფერაძე
1736492720
ახალი ამბებითბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მას...
1736491024
მსოფლიორა ვითარებაა ამ დროისთვის ლოს-ანჯელესში
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა. დაიღუპა ხუთი ადამიანი და არიან დაშავებულები. გაცემულია 180 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება. ამ დროისთვის მეხანძრეე...
1736489658
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - უახლოეს დღეების პროგნოზი
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს უმეტეს რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში, უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში...
1736487831
ახალი ამბები„ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია“ - ლევან მაჭავარიანი
„ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია და რეალურად ჩვენ ქართულ ოპოზიციას კი არ ვუწევთ ოპონირებას, ჩვენ ვართ ოპოზიციაში არნახული მასშტაბის გარე ძალებთან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნები...
1736485509
მსოფლიოილონ მასკი: ვფიქრობ, დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის საკითხს ძალიან სწრაფად გადაწყვეტს
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის საკითხს ძალიან სწრაფად გადაწყვეტს. „ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს ამ კონფლიქტ...