ასე იცის გაზულუქებულმა ცხოვრებამ, სხვისი გასაჭირი ძნელი გასაგები ხდება - ემიგრანტი ჟურნალისტი

ძალიან ბევრ კითხვას მისვამენ ეს იტალიელები. ქართველებივით ცნობისმოყვარეები ყოფილან. 
მაგალითად აინტერესებთ, რატომ ჩამოვედი? რა მიზეზი მქონდა ასეთი, რომ ორი შვილი მარტო დავტოვე და აქ ამოვყავი თავი? ახსნით კი აუხსნი, მაგრამ კარგად არ ესმით, ესენი სხვა სიხშირეზე არიან, პარალელური სამყაროს კიდევ უფრო პარალელურ ვერსიაში. ასე იცის გაზულუქებულმა ცხოვრებამ, სხვისი გასაჭირი ძნელი გასაგები ხდება.

საქართველოში სულ ევროპელების ლეგენდარულ შრომისმოყვარეობაზე მესმოდა ამბები. ზუსტად არ ვიცი დანარჩენ ევროპაში როგორაა, მაგრამ ამათ მაგალითზე, ეს ყბადაღებული შრომისმოყვარეობა უფრო მითს ჰგავს.

პატარა ქალაქში ვცხოვრობ, ყველა ერთმანეთს რომ იცნობს, ისეთში. ყოველდღე ვუყურებ მეზობლების მოძრაობას, მისვლა-მოსვლას. სულ ერთობა ეს ხალხი, როდის მუშაობენ არ ვიცი. ამასწინათ რაღაც ინფორმაცია შემხვდა, 60 მილიონიან ქვეყანაში მხოლოდ 22 მილიონი მუშაობსო და ეტყობა, მართალია. ამას როგორ მიაღწიეს, ჩემთვის ისევე გაუგებარია, როგორც კორეული ენა. მე რასაც აქ ვუყურებ, იტალიელი კაცის მაგივრად მუშაობს აფრიკელი, ინდოელი, პერუელი, ალბანელი, რუმინელი, იტალიელი ქალის მაგივრად - რუსი, უკრაინელი და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველები 

ჰო, ისევ ჩემს ამბავს დავუბრუნდები. რას ვაკეთებ, უთქმელადაც გასაგებია, მაგრამ ამათ აინტერესებთ, ჩემს სამშობლოში არ სჭირდებათ მომვლელები მოხუცებისთვის? აი აქ ვიჭედები. არ მინდა ამათ ვუთხრა, რომ ღარიბზე ღარიბი ქვეყნიდან ვარ, რომ იქ ჩემს ხელობაში მიხდიდნენ ხუთჯერ ნაკლებს ვიდრე აქ მიხდიან მომვლელობაში, რომ იქ პატარა გოგო-ბიჭებს სტაჟირებაში ისე აძრობენ სულს, ერთ კაპიკს არ უხდიან, რომ შეიძლება დღეში ათი საათი, კვირაში ექვსი დღე გამუშაონ და თვის ბოლოს 80 ევრო მოგცენ ხელფასი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... მაგრამ ვერ ვამბობ ამას სირცხვილით და ვიწყებ ზღაპრების მოყოლას ჩიქორთული იტალიურით. ყველა ჩვენს უბედურებას ვაბრალებ მეზობლად გადაჭიმულ მონსტრს - რუსეთს, მე კი ასე მჯერა, მაგრამ სხვათა შორის, ესენიც იჯერებენ.

ლუიჯინას ერთი დისშვილი დადის ჩვენთან, სენიორ კორნელიო, განათლებული მოხუცი კაცი, საქართველოშიცაა ნამყოფი. ის რომ მოვა, აი მაშინ იწყება ამბავი, პოლიტიკაზე რომ გავაჩაღებთ ხოლმე ლაპარაკს.
უყვართ ამათაც, ჩვენსავით, პოლიტიკაზე ლაპარაკი. ვლანძღავთ რუსეთის საგარეო პოლიტიკას უნისონში. ორივე მხარე კმაყოფილი ვრჩებით!  მე კარგი, გასაგებია, ქართველი ვარ და ვერ ვიტან ჩემს მტერს, მაგრამ არ ვიცი, კორნელიოს რატომ უნდა ძულდეს რუსეთი. 

ჩემი შვილების გამო ჩამოვედი, მათი განათლებისთვის რომ გადავიხადო მეთქი, ძირითადად ასე ვაკმაყოფილებ იტალიელის ცნობისმოყვარეობას, როცა კითხვების დასმა არ ეზარებათ. სხვათა შორის, ასეთი პასუხი მათ აშკარა კეთილგანწყობას იწვევს. მგონი, " გმირი დედის" სტატუსიც კი დავიმსახურე ამასობაში. რა ვიცი, რამდენიმეჯერ ასეც მიწოდეს.
ნელ ნელა მომეჩვია ეს ხალხი, არაადეკვატურ კითხვებს აღარ სვამენ. ჯორჯიას რომ ვახსენებ, მაშინვე ხვდებიან რომ ამერიკის ჯორჯიიდან არ ჩამოვიდოდი იტალიელი მოხუცების მოსანახულებლად. მაშინვე "რუსია" და "მარნერო" ახსენდებათ.
ისე, რაღაცებით მართლა გვგვანან, განსაკუთრებით ღვინის და გემრიელად ჭამის სიყვარულში, ჭორაობაც მშვენივრად ეხერხებათ და მე თუ მკითხავს ვინმე, არც სიზარმაცეში ჩამოგვრჩებიან. სამხრეთელები არიან რა, ჩვენსავით. ზუსტად ჩვენნაირად აღნიშნავენ დაბადების დღეებს, ახალ წელს და შობას, არაფერი განსაკუთრებული არ შემინიშნავს, უბრალოდ საჭმელი აქვთ განსხვავებული, ვერ ვიტყოდი რომ უფრო გემრიელი. ქართველი ბებიებივით, იტალიელებიც აღმერთებენ შვილიშვილებს და მონაწილეობენ მათ აღზრდაში. კუდიანი დედაბერიც კი ჰყავთ, ბეფანას ეძახიან. მაგრამ მაინც არის ეეერთი უზარმაზარი განსხვავება ჩვენს შორის, თავდაჯერებულები არიან და ეს იგრძნობა ყველაფერში, მათ სიარულში, ქცევებში, ურთიერთობებში, მანქანის მართვაშიც კი. თავდაჯერებულობას ფული, კარგი ხელფასი ანიჭებს ამ ხალხს, ევროგრანტებით, თითქმის უპროცენტო კრედიტებით და ათასი ჯურის სუბსიდირებით წელმომაგრებულებმა კარგად იციან საკუთარი შრომის ფასი და იღებენ იმას, რასაც მოელიან.

ამ ქვეყანას რომ ვაკვირდები და საკუთარ თავს ამ ქვეყანაში, გენიალური იტალიური ფილმი "პური და შოკოლადი" მახსენდება. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მაშინ, როცა მე საბავშვო ბაღში დავდიოდი, იტალიელები უფრო მდიდარ შვეიცარიაში არალეგალ ემიგრანტებად ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ და გაცილებით უფრო არასახარბიელო პირობებში, ვიდრე მე ვარ აქ დღეს. გავიდა წლები, მოტრიალდა ისტორიის ჩარხი და ახლა იტალია არჩენს მსოფლიოს ღარიბი ნაწილის შვილებს.

იქნებ ჩვენთვისაც შემობრუნდეს ბედის ბორბალი  რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს სამყაროშიო და მაინცდამაინც ჩვენი გამდიდრებაა გამორიცხული?

P.S. ბლოგი ახალ წლამდე დავწერე და დღეს პოსტსკრიპტუმის დამატება გახდა საჭირო. შობა-ახალ წელს გილოცავთ ქართველებო, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. მალე სახლში დაბრუნებას გისურვებთ, ვისაც ამისი სურვილი გაქვთ, ოღონდაც უფრო აწყობილ და მოწყობილ სამშობლოში

ავტორი: ლალი იმედაიშვილი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 “უცხოეთში დროებით თუ სამუდამოდ დაკარგულმა ქალებმა ვიცით, რა მსხვერპლზე მივდივართ და რატომ ვაკეთებთ ამას“ - ლალი იმედაიშვილი

📌 „ერთი ემიგრანტი ქალბატონი ჰყვებოდა“ - ამბავი, რომელიც ძალიან გაგახალისებთ

📌 საბერძნეთში 41 წლის ქართველი კაცი საკუთარი ცოლის და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741506332

მსოფლიო

მასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი  მილიარდერი ილ...

ილონ მასკი

1741504157

ახალი ამბები

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...

ამინდი

1741465889

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...

საქართველოს ნაკრებ

1741464309

მსოფლიო

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...

ჩინეთიჩინეთი

1741462307

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცის ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა. ბლოკის ლიდერმა, ფრიდრ...

ფრიდრიხ მერცი